Baby Bag

„არ შეიძლება პედიატრი იყოს სერიოზული ადამიანი, ეს არის კატეგორიულად გამორიცხული,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„არ შეიძლება პედიატრი იყოს სერიოზული ადამიანი, ეს არის კატეგორიულად გამორიცხული,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ პედიატრის პროფესიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგ პედიატრს ბევრი უნარი უნდა ჰქონდეს, რომელიც მას ისეთ განსაკუთრებულ პაციენტთან ურთიერთობისთვის სჭირდება, როგორიც ბავშვია:

„არ შეიძლება პედიატრი იყოს სერიოზული ადამიანი. ეს არის კატეგორიულად გამორიცხული. უნდა იყო ცოტა კომიკოსი, კარგი ფსიქოლოგი, ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარის მქონე. ეს განსაკუთრებული მხარეა, იმიტომ, რომ შენ არ გაქვს ურთიერთობა მარტო ერთ ადამიანთან. მოზრდილი როდესაც მიდის ექიმთან, იქ არის მარტო ერთი ექიმი, ერთი პაციენტი. მე ვერ წარმომიდგენია პედიატრთან ერთი ადამიანის ვიზიტი. ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში.“

„საქართველოში ამას ემატება ჩვენი ოჯახის ფენომენი. ბავშვი მოდის მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან ერთად, რაც სრულებით არ არის ცუდი. ეს იდეალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს მინიმუმ 4 პატრონი ჰყავს. თუ ერთს რამე გამოეპარა, მეორე დაინახავს, მეორეს გამოეპარება - მესამე დაინახავს. სრულებით არ მიმაჩნია ეს ზედმეტად. ბავშვის ყველა პატრონი რომ მერე პედიატრთან ცალ-ცალკე რეკავს, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ექიმი, რომელიც ტელეფონს გამორთავს სახლში რომ მივა და იტყვის, რომ სამუშაო საათები დაამთავრა, ის ექიმი არ არის,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მითია, რომ ბრონქული ასთმის დროს ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა არ შეიძლება“ - მაია გოთუა

„მითია, რომ ბრონქული ასთმის დროს ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა არ შეიძლება“ - მაია გოთუა

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა მაია გოთუამ ბრონქულ ასთმაზე ისაუბრა. მისი თქმით, მითია, რომ ბრონქული ასთმის დროს ბავშვი არ უნდა გაინძრეს, ფიზიკური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს:

„​ხშირად არის, როდესაც ასთმის დროს ბავშვს ეუბნებიან: არ გაინძრე, აბა, რა მოგიტანო, ცუდად არ გახდე. მართალიც არის იმიტომ, რომ შეიძლება ფიზიკური დატვირთვისას, მაგალითად, სიცილზე, მოძრაობაზე, ბავშვს დაეწყოს ხველა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ანტიანთებითი შესაბამისი წამლების დანიშვნა და აბსოლუტურად შეუზღუდავად შეიძლება ბავშვმა განვითარება გააგრძელოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მითია, რომ არ უნდა გაინძრეს, ფიზიკური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს. თუ დავადგენთ, რაზე აქვს ბავშვს ალერგია, ჩვენ შეიძლება სპეციალურად შევურჩიოთ სპორტი, რომელიც მისცემს მას კარგ ფიზიკურ განვითარებას და გარდა ამისა, მისცემს საშუალებას, რომ ისევე იყოს სოციალურად აქტიური, არამარტო აკადემიურად, არამედ ფიზიკურად, რაც აუცილებელია განვითარებისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია გოთუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: „პირადი ექიმი - მარ​ი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად