Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

8 პროდუქტი, რომელიც ყველას ბოსტნეული ჰგონია, სინამდვილეში კი ხილია

8 პროდუქტი, რომელიც ყველას ბოსტნეული ჰგონია, სინამდვილეში კი ხილია

ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხილსა და ბოსტნეულს ერთმანეთისგან შესანიშნავად არჩევს, თუმცა, როგორც ირკვევა, ასე არ არის. გარკვეული პროდუქტები ბიოლოგებისა და ბოტანიკოსების მიერ ხილის კატეგორიაში კლასიფიცირდება, თუმცა კულინარიაში მათ როგორც ბოსტნეულს ისე ვიყენებთ. გაგაცნობთ რვა პროდუქტს, რომელიც ყველას ბოსტნეული ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში ხილია.

1. პომიდორი

ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ პომიდორი ბოსტნეულია. სინამდვილეში კი ასე არ არის. პომიდორი ბუტკოს ქვედა ნაწილში მდებარე ნასკვიდან ვითარდება და მცენარის თესლებსაც შეიცავს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პომიდორი ხილია და არა - ბოსტნეული.

2. ბულგარული წიწაკა

ბულგარული წიწაკა ხილია, ისევე როგორც კიტრი. ბულგარული წიწაკა წიწაკისებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც ცხარე გემო და არომატი არ აქვს.

3. ბადრიჯანი

ბადრიჯანს თუ გაჭრით და მას კარგად დაათვალიერებთ, აღმოაჩენთ, რომ რბილობში უამრავი წვრილი თესლია განთავსებული. სწორედ ამიტომ, ბადრიჯანი კენკრაა და არა ბოსტნეული.

4. ავოკადო

ავოკადო გარეგნულადაც ძალიან ჰგავს ხილს და ეს მეცნიერულადაც ასეა. ავოკადო ერთმარცვლიანი კენკრაა. ის მომწიფებული ყვავილის ნასკვისგან ვითარდება.

5. გოგრა

გოგრა მეტისმეტად დიდია იმისთვის, რომ მას ხილი ვუწოდოთ, თუმცა ის ბოსტნეული ნამდვილად არ არის. გოგრას სხვა ხილის მსგავსად შუაგულში თესლები აქვს განლაგებული და საოცრად ტკბილ არომატს აფრქვევს. მას კულინარიაში გემრიელი მაფინების დასამზადებლად აქტიურად იყენებენ.

6. მწვანე ბარდა

მართალია მწვანე ბარდას ბოსტნეულის მსგავსი შეფერილობა აქვს, მაგრამ სინამდვილეში ის ხილია. ის ბარდის ყვავილისგან ვითარდება და კულინარიაში ბოსტნეულის სახით გამოიყენება.

7. ზეთისხილი

ზეთისხილი ხილია, რომელიც ხეზე იზრდება. ის ყვავილის ბუტკოდან ვითარდება და წვრილი თესლები აქვს. ზეთისხილის რეპროდუქციული თვისებები ხილის თვისებებს თანხვდება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ის ხილია და არა ბოსტნეული.

8. ბამი

ბამი ყვავილოვანი მცენარეა. მას სამზარეულოში აქტიურად გამოიყენებენ წვნიანების მოსამზადებლად. დიასახლისების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ბამი ბოსტნეულია, რაც შეცდომაა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ის ხილია.

მომზადებულია ​Foodndtv.com -ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად