Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთბაშად ცივ წყალში რომ ვაბანაოთ ბავშვი, რომელიც სითბოშია გაზრდილი, ეს იმუნიტეტს არ გააკაჟებს,“ - ეკა უბერი

„ერთბაშად ცივ წყალში რომ ვაბანაოთ ბავშვი, რომელიც სითბოშია გაზრდილი, ეს იმუნიტეტს არ გააკაჟებს,“ - ეკა უბერი

პედიატრმა ეკა უბერმა ბავშვის ვირუსული ინფექციებით ავადობისა და იმუნიტეტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ანტიბიოტიკების გამოყენება არ არის საჭირო:

„ძალიან ხშირად მშობელი მეკითხება: „ოთხი დღეა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, მივცე ანტიბიოტიკი?“ ​ცხელება აბსოლუტურად არ არის ჩვენება ანტიბიოტიკის მიცემის. ვირუსული ინფექციები შესაძლებელია მიმდინარეობდეს მაღალი ტემპერატურით. ამ შემთხვევაში ექიმი წყვეტს, გარკვეული კვლევების შემდეგ მიეცეს თუ არა ანტიბიოტიკი ბავშვს. ძალიან ხშირად მე არ მჭირდება ხოლმე ანტიბიოტიკი, რადგან აღმოჩნდება, რომ ეს არის ვირუსული ინფექცია და მას თვითლიკვიდაცია, თვითგანკურნება ახასიათებს.“

ეკა უბერის თქმით, ცივი წყლით გაკაჟებას თავისი ტრადიცია სჭირდება და მისი ხელაღებით გამოყენება რეკომენდებული არ არის:

„რაც შეეხება ​ცივი წყლით გაკაჟებას, ჩრდილოეთის ქვეყნებში არის ასეთი ტენდენცია და მას თავისი ტრადიცია სჭირდება. ასე ერთბაშად გადავწყვიტოთ, რომ მოდი, ცივ წყალში ვაბანაოთ ბავშვი, რომელიც სითბოშია გაზრდილი, ოთახის ტემპერატურა მაღალია, სადაც სძინავს, თბილად ჩაცმას არის მიჩვეული და უცებ გადავწყვიტოთ, რომ მოდი, ცივ წყალში ვაბანაოთ, მოკლე მკლავიანი პერანგით ვატაროთ, როდესაც ტემპერატურა დაბალია, ეს, რა თქმა უნდა, იმუნიტეტს არ გააკაჟებს. ასე პირიქით, უფრო სავალალო შედეგებამდე მივალთ, პირველ რიგში, მივალთ ავადობამდე.“

„გადაციება არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ადგილობრივი იმუნიტეტი ქვეითდება. შესაბამისად ჩვენი ლორწოვანი ადვილი მიმღებლობით ხასიათდება ვირუსების მიმართ და გაციების კლინიკური სიმპტომები ხელში გვაქვს. თუ ახალშობილობის პერიოდიდანვე არსებობს ტრადიცია, რომ შედარებით ​გრილ წყალში აბანაოთ ბავშვი, თავიდანვე შედარებით თხლად ჩააცვათ, ხშირად ანიავოთ ოთახი, ოთახის ტემპერატურა, სადაც ბავშვს სძინავს 20-30 გრადუსს არ აღემატებოდეს, ოთახი კარგად ტენიანდებოდეს, რა თქმა უნდა, ასეთ ღონისძიებებს იმუნიტეტის გაჯანსაღება მოაქვს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ეკა უბერმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად