Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა უნდა ისწავლოს ბავშვმა ოჯახში? - 12 მთავარი მაგალითი, რომელიც შვილმა მშობლისგან უნდა მიიღოს

რა უნდა ისწავლოს ბავშვმა ოჯახში? - 12 მთავარი მაგალითი, რომელიც შვილმა მშობლისგან უნდა მიიღოს

ბავშვები ზრდისა და განვითარების პროცესში უამრავ ჩვევას იძენენ როგორც ფორმალურ სასწავლო გარემოში, ასევე საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგადაც. ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს ბავშვები ოჯახში იღებენ.

მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა შვილებს ოჯახში ისეთი მაგალითი მისცენ, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება. ეცადეთ, თქვენმა შვილმა თქვენგან მხოლოდ კარგი ქცევები შეითვისოს. მაგალითები, რომლებიც ბავშვმა ოჯახისგან უნდა მიიღოს, შემდეგია:

  • ოჯახის წევრებს შორის მუდმივი და გულწრფელი კომუნიკაცია
  • ემოციების გულწრფელად გამოხატვა და საკუთარ განცდებზე გულახდილი საუბრები
  • მადლიერებისა და სოლიდარობის განცდა
  • ოჯახის წევრების მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრება
  • ერთობლივი მხიარულება და ხშირი ოჯახური დიალოგები
  • სიკეთე, ალტრუიზმი და ერთმანეთის მხარდაჭერა
  • ოჯახური რუტინა, ორგანიზებულობა და წესრიგი
  • პასუხისმგებლობების გადანაწილება ოჯახის წევრებს შორის
  • ბილწსიტყვაობისგან თავისუფალი მეტყველება
  • ბრაზის მართვა და ემოციური წონასწორობის შენარჩუნება
  • მიზნების დასახვა და მათთვის ბრძოლა
  • სიტყვისა და საქმის შესაბამისობა (მშობელმა არ უნდა თქვას ერთი და არ უნდა გააკეთოს მეორე)

ბავშვები გარშემომყოფების ქცევის იმიტირებას ახდენენ, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ყოველთვის მათთვის კარგი მაგალითის მიცემაზე ზრუნავდნენ. ბავშვი მშობლის ყველა სიტყვასა და ქმედებას ისრუტავს, რის გამოც ოჯახური გარემო მასზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. როლური მოდელი, რომელსაც მშობელი შვილს სთავაზობს, ზოგჯერ მისი განვითარებისა და სოციალური უნარების შეძენისთვის საზიანოა. თუ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ბავშვები მაგალითებით სწავლობენ, მათ აღზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა, პირველ რიგში, სახლიდან დაიწყეთ!

წყარო: ​youaremom.com

წაიკითხეთ სრულად