Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად მშობელი შეიძლება იყოს შიშის მაპროვოცირებელი. ამას ჰქვია დასწავლილი შიში,“ - ფსიქოთერაპევტი მარიამ სისაური

„ხშირად  მშობელი შეიძლება იყოს შიშის მაპროვოცირებელი. ამას ჰქვია დასწავლილი შიში,“ - ფსიქოთერაპევტი მარიამ სისაური

ფსიქოთერაპევტმა მარიამ სისაურმა ბავშვებში გავრცელებული შიშების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შიში ხშირად თავდაცვითი რეაქციაა და მნიშვნელოვანია, რომ ის ფობიაში არ გადაიზარდოს:

„ზოგჯერ ეს არის თავდაცვითი რეაქციაც. ამ დროს ფიზიკურ თუ ემოციურ საფრთხეს გრძნობს ორგანიზმი და აქვს შესაბამისი მოქმედების, განრიდების რეაქცია. ​მთავარია, რომ ეს შიში არ გადაიზარდოს ფობიაში, არ გახდეს ისეთი ინტენსიური, რომ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება შეაფერხოს.“

მარიამ სისაურის თქმით, ბავშვს სხვადასხვა ასაკში განსხვავებული შიშები აქვს:

„თითოეულ ასაკს ახასიათებს შიშის თავისი პერიოდები. ორ წლამდე ასაკის ბავშვს თუ უფრო დიდი რეაქცია აქვს ხმაურზე, მკვეთრ მოძრაობებზე, ოთხი წლის ასაკში უკვე შემოდის ფანტაზიები, როგორიცაა ჯადოქრები, მონსტრები, სიბნელის შიში. ​ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის სწორ მიდგომას, მშობელი რას აკეთებს ასეთ დროს. ხშირად თავად მშობელი შეიძლება იყოს შიშის მაპროვოცირებელი. ამას ჰქვია დასწავლილი შიში. თავად მშობელს თუ ეშინია რაღაცის და ამას ბავშვის თანდასწრებით ხშირად გამოხატავს, დასწავლა ხდება. ანალოგიურად ბავშვსაც ეშინია იმ რაღაც კონკრეტულის, რისიც მშობელს.“

მარიამ სისაურმა აღნიშნა, რომ მშობლები ასეთ დროს ფრთხილად უნდა იყვნენ და ბავშვებთან საუბრისას წინდახედულობა გამოიჩინონ:

„ძალიან საფრთხილოა მშობლის ქმედება შემდეგი თვალსაზრისით: „შეჭამე, თორემ წაგიყვანენ,“ - ​ასეთი ხასიათის მაპროვოცირებელი შიში არის ძალიან საფრთხილო. მნიშვნელობა ენიჭება თვითონ მშობლები როგორ ხვდებიან ბავშვის შიშს. აუცილებელია, რომ სანამ მშობელი თავად იქნება მაპროვოცირებელი, რომ დაასწავლოს ბავშვს, რისი უნდა ეშინოდეს, კარგად გააცნობიეროს, თუ რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს.“

„ღამის კოშმარები არის კავშირში აკვიატებულ შიშებთან. ​მნიშვნელობა ენიჭება იმ ანიმაციებსა და თამაშებს, რომლითაც დაკავებულია ბავშვი. ეს ყველაფერი ხშირად აისახება შემდგომ მის შიშსა და კოშმარულ სიზმრებზეც. მშობლის ჩართულობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მშობელმა არ უნდა უგულებელყოს ბავშვის შიში. კომენტარები: „ამ შიშისთვის შენ დიდი ხარ, ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია,სისულელეა,“ - ბავშვს უფრო ჩაკეტილს ხდის. მას აქვს დაუცველობის განცდა. მნიშვნელოვანია, რომ მშობელი დიალოგში შევიდეს ბავშვთან, რათა ბავშვმაც უკეთ შეძლოს სახელდება და აღწერა იმის, თუ რეალურად რისი ეშინია,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ სისაურმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა უქმეებზე“

წაიკითხეთ სრულად