Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„3-5 წლის ასაკში მეორე ენის სწავლება ძალიან ეფექტიანია, ისევე როგორც 11-12 და 17 წლის ასაკში,“ - თამარ გაგოშიძე

„3-5 წლის ასაკში მეორე ენის სწავლება ძალიან ეფექტიანია, ისევე როგორც 11-12 და 17 წლის ასაკში,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში მეორე ენის სწავლებისთვის ეფექტიანი სტრატეგიების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„როდიდან უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს მეორე ენა? ამასთან დაკავშირებით სერიოზული დებატებია. ბავშვის თავის ტვინი არის ძალიან პლასტიური, ადვილად ითვისებს ინფორმაციას, არის ცნობისმოყვარე, მკვლევარი. მისთვის ძალიან ადვილია მეორე ენის ათვისება. ჩვენი საზოგადოება ერთენოვანი აღარ გამოდის, იმიტომ, რომ ​ბავშვები ორი წლის ასაკისთვის უკვე ინგლისურენოვან და რუსულენოვან მულტფილმებს უყურებე​ნ. ძალიან სერიოზული პრობლემაა ხოლმე, როდესაც ბავშვი მშობლიურ ენაზე ვერ ლაპარაკობს და თითქოს ლაპარაკობს უცხო ენაზე. ის ასახელებს ფერებს, ფორმებს და მშობლებს უხარიათ. ეს არ არის მეტყველება. ეს არის ენის ეკვივალენტი ხატების სახით.“

თამარ გაგოშიძის თქმით, მეორე ენის დაუფლებისთვის კრიტიკული პერიოდი არ არსებობს:

„არ არსებობს კრიტიკული პერიოდი იმისი, თუ როდის სჯობს მეორე ენის დაუფლება. 3-5 წლის ასაკში ენის სწავლება ძალიან ეფექტიანია და 11-12 წლის ასაკშიც ძალიან ეფექტიანია, ისევე როგორც 17 წლის ასაკში. ენის პარამეტრებით ეფექტი განსხვავებულია. 3-5 წლისა და 11-12 წლის ასაკში ნასწავლი ენების შემთხვევაში, ​ტესტებში უკეთესი მონაცემები 11-12 წლის ასაკში ნასწავლ ბავშვებს აქვთ. რატომ? ამ ასაკში ბავშვებს კოგნიტური სტრატეგიები სხვანაირად აქვთ განვითარებული.“

„რა რეკომენდაციები არსებობს მეორე ენის სწავლასთან დაკავშირებით? ენას ვინც ასწავლის, მან ძალიან კარგად იცის, რომ სამი წლის ბავშვს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, 7 და 11 წლის ბავშვს სხვანაირი. არც 3-4 წლის ასაკშია ტრაგედია, თუ ბავშვს ვასწავლით მეორე ენას, მაგრამ ეს სწავლება, ბუნებრივია, არის თამაში, ენობრივი გარემოს შექმნა. უკვე 8-12 წლის ასაკში ეს არის შემეცნებითი სტრატეგიები, თუ როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა კონკრეტული ენა. ​თუ ბავშვს თავისი ენა არ აქვს ათვისებული იმ ასაკისთვის, ეს საქმეს ართულებს. დღეს ძალიან ბევრ ბავშვს აქვს მეტყველების განვითარების შეფერხება. თუ ბავშვს თავის ენაზე საუბარი და ენობრივი სისტემები ასაკობრივად არ აქვს განვითარებული, ასეთ შემთხვევაში მეორე ენის სწავლება არის დამაზიანებელი,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად