Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„აკრძალვებით იზრდება ადამიანი, ეს არის სწორედ ის, რაც თავისუფლებას გვასწავლის,“ - მარინა კაჭარავა

„აკრძალვებით იზრდება ადამიანი, ეს  არის სწორედ ის, რაც თავისუფლებას გვასწავლის,“ - მარინა კაჭარავა

​​ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის სწორად აღზრდისთვის აკრძალვების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აკრძალვები ადამიანს თავისუფლებას ასწავლის:

„მშობელს ძალიან უყვარს თავისი შვილი. დიდი ემოცია აზროვნების ფუნქციას უკან წევს. როდესაც ძალიან შეყვარებული ხარ, კარგად ვერ აზროვნებ. ნებისმიერი ემოცია: შიში, ბრაზი, აზროვნებას არხს არ უტოვებს. მე არ მინდა, რომ ვინმეს ჭკუა დავარიგო. მე თვითონ ჩემმა შვილებმა მასწავლეს ბევრი რამ და იმ ბავშვებთან, ვისთანაც მქონია ურთიერთობა. მათ სჭირდებათ პატივისცემა და გათვალისწინება. სასჯელი უნდა იყოს ღირსეული, მასთან შეთანხმებული, ვის დასჯასაც აპირებ. ​სასჯელი არ უნდა იყოს წრეგადასული და შეურაცხმყოფელი. აკრძალვებით იზრდება ადამიანი. აკრძალვები არის სწორედ ის, რაც თავისუფლებას გვასწავლის. არჩევანის საშუალებას გვაძლევს, მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ.“

მარინა კაჭარავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ნებისყოფა გამოიმუშავოს და ქცევის კონტროლი ისწავლოს:

„ცხოვრება საჩუქარს არ იძლევა ყოველდღიურად. სიცოცხლე ისედაც საჩუქარია. ზეფირის ცნობილი ექსპერიმენტი რომ არის, ის ოცი წუთი ძალიან გადამწყვეტია ბავშვისთვის, რომ მას შეუძლია მოითმინოს. ეს არის ქცევის კონტროლის დასწავლა, ნებისყოფის გამომუშავება, რაც მას ძალიან დასჭირდება.“

„ბავშვი აღბეჭდავს დედისა და მამის ურთიერთობების მოდელს და ეს მოდელი ხდება მისთვის ერთადერთი, რაც იცის. შეიძლება ბევრი რამ ისწავლოს, მაგრამ ყველაზე უკეთ მაინც ეს იცის. მძაფრი ემოციის დროს ან დედასავით იქცევი, ან მამასავით. ერთ-ერთ ნარკოლოგს ჰკითხეს, როგორ აირჩია პროფესია. მას ძმა ჰყავდა ნარკომანი. მან უპასუხა, რომ მამა ჰყავდათ ნარკომანი. ერთმა აირჩია იგივე გამკლავების მექანიზმი, მეორემ ანტისცენარი. ​ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ურთიერთობებს, სიტყვა-პასუხს. დედას რომ ეშინია ან მამას, შიშები მთლიანად ტრანსლირდება ბავშვზე,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

წყარო:​ „ქალების ნარატივი“

წაიკითხეთ სრულად