Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის ჩვენი ვაი-პედაგოგიკა. სანამ ეს არ დამთავრდება საქართველოში, გაიზრდებიან მოძალადე ბავშვები,“- თამარ გაგოშიძე

„ეს არის ჩვენი ვაი-პედაგოგიკა. სანამ ეს არ დამთავრდება საქართველოში, გაიზრდებიან მოძალადე ბავშვები,“- თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში ბულინგისა და ჩაგვრის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პრობლემას სკოლა და ოჯახი ერთად უნდა დაუპირისპირდეს:

„მასწავლებელს, რომელსაც ცხოვრება არ უხარია, აქვს შეხება ბავშვთან და ეს გავლენას ახდენს ბავშვზე. არც იმას აღარ უხარია ცხოვრება. ძალიან შორიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ არ გვაქვს ერთი მიზეზი. ჩაგვრა კომპლექსური რამ არის. როდესაც ჩაგვრის ფაქტი მოხდება, ​მშობელი უნდა გაერკვეს, რა ხდება. მშობელს უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მასწავლებელთან. ეს მჭიდრო კონტაქტი არ ნიშნავს დაპირისპირებას. სამწუხაროდ, ჩვენ თანამშრომლობა არ ვიცით, არ ვიცით ფაქტებზე დაფუძნებული ურთიერთობა. წინასწარ უკვე განწყობილი მიდიხარ საჩხუბრად, არ გაინტერესებს იქ რა ხდება. ბავშვისთვის შეთავაზება, რომ შენ თვითონ გაარკვიე და შენს თავს თვითონ მიხედე, არ გამოდის, სამწუხაროდ.“

თამარ გაგოშიძის თქმით, საქართველოში პედაგოგიკა არ არსებობს, რაც სავალალო შედეგების მომტანია:

​პედაგოგიკა ამოღებულია ჩვენს ქვეყანაში. არავინ არ იცის, როგორ გაზარდოს ბავშვი. არც მასწავლებელმა არ იცის პედაგოგიკა, ძალიან ვწუხვარ. პედაგოგიკა არ არის ძალადობა ბავშვზე, არც ჩხუბია, არ ყვირილია. პედაგოგიკა არის დადებითი მაგალითები ბავშვისთვის. ჩვენ რას ვასწავლით ოჯახსა და სკოლაში ბავშვს?! ის უნდა იყოს პირველი, უნდა გადაუაროს ყველას, უნდა გახდეს მინისტრი, მდიდარი, გავლენიანი, უნდა ჰყავდეს გავლენიანი მეგობრები. რას გრძნობს ეს ბავშვი? ჩვენ ეს არ ვიცით.“

„მშობლები შვილებს ყოველ წუთში სურვილს არ უნდა უსრულებდნენ. ეს გრძელდება გარდატეხის ასაკის ჩათვლით. საქართველოში მშობელი თვლის, რომ ბავშვი არ უნდა გაანერვიულოს, ბავშვმა არ უნდა იდარდოს. იგულისხმება, რომ მოთხოვნილების დაკმაყოფილების გამო არ უნდა იდარდოს. მშობლები ყველაფერს უსრულებენ შვილს. რატომ არ გვაქვს პედაგოგიკა? მე ყველაფერს ვუსრულებ ჩემს შვილს, რადგან მეშინია, რომ არ დაიჩაგროს. ბავშვმა მითხრა, კანფეტი მიყიდე, მეც მაშინვე უნდა ვუყიდო. ​ბავშვის ტვინი ჩარჩოს დადებას არ სწავლობს. ბავშვი ნებელობას სწავლობს აღზრდის შედეგად. მე, მშობელი კი ვუსრულებ ყველა მოთხოვნილებას ბავშვს, ვცდილობ, ცივი ნიავი არ მივაკარო, მაგრამ ცხოვრების, ეგზისტენციის უფლებას არ ვაძლევ დამოუკიდებლად. ის არის ჩემი მონა და ამავე დროს თავისი მოთხოვნილებების მონა. მე ყველა მოთხოვნილებას ვუსრულებ, მაგრამ იმ წესით უნდა იცხოვროს, რომელიც მე მინდა. ეს არის ჩვენი ვაი-პედაგოგიკა. სანამ ეს არ დამთავრდება საქართველოში, გაიზრდებიან მოძალადე ბავშვები,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად