Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირველ ხანებში მიჯაჭვულობა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს დედასთან, ამიტომ სჯობს, პირველ რიგში, დედა იყოს ბავშვთან,“ - მაია ხერხეულიძე

„პირველ ხანებში მიჯაჭვულობა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს დედასთან, ამიტომ სჯობს,  პირველ რიგში, დედა იყოს ბავშვთან,“ - მაია ხერხეულიძე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვის აღზრდაში დედისა და მამის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მამის ჩართულობა ბავშვთან ურთიერთობის პროცესში აუცილებელია:

„რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, როდესაც ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ, ისევ ვამბობ, რომ ​ერთი მიჯაჭვულობა ვითარდება ერთ ძირითად მშობელთან. რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესია, რომ ეს იყოს დედა, თუმცა მამა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ბავშვთან ურთიერთობის პროცესში.“

მაია ხერხეულიძის თქმით, მამა ბავშვთან ურთიერთობაში გარეშე პირის პოზიციას არ უნდა იკავებდეს:

​მამა არ უნდა იყოს გარეშე პირის პოზიციაში. ძალიან ხშირად, სამწუხაროდ ასეა, რომ თითქოს მამა არის გარეთ მდგომი ადამიანი, რომელიც ძირითადად ხდება დამსჯელი. ის ასრულებს დამსჯელ ფუნქციას ბავშვისთვის. დედა ბავშვს ეუბნება: „აი, მოიცადე, მამა მოვა და ნახე რას გიზამს!“ არ არის ეს სწორი, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვთან ასოციაცია ხდება არასწორი.“

​აუცილებლად ბავშვზე ზრუნვაში დედასთან ერთად მამა უნდა იყოს ჩართული. მამა უნდა სთავაზობდეს ბავშვს სხვადასხვა თამაშს. მამა არის ძალიან სერიოზული ავტორიტეტი ბავშვისთვის, განსაკუთრებით ვაჟისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ფუნქცია სწორად იყოს ჩართული. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ პირველ ხანებში მიჯაჭვულობა მაინც უნდა ჩამოყალიბდეს დედასთან. ამას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ პირველ რიგში, დედა იყოს ბავშვთან,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ხერხეულიძემ საზოგადოებრივი რადიოს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​საზოგადოებრივი რადიო

წაიკითხეთ სრულად