Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს პრობლემა ყველაზე ხშირია ბავშვები, რადგან მათ წელიწადში 5-6-ჯერ ემართებათ ინფექციები,“ - ალექსანდრე გოგინავა

„ეს პრობლემა ყველაზე ხშირია ბავშვები,  რადგან მათ წელიწადში 5-6-ჯერ ემართებათ ინფექციები,“ - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ანტიბიოტიკების არარაციონალურად გამოყენების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ეს საკითხი აქტუალურია:

„სამწუხაროდ, ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ სერიოზულად დევს. ყველაზე ხშირი არის ეს ბავშვებში, იმიტომ, რომ წლის განმავლობაში მათ ინფექციები 5-6-ჯერ ემართებათ. ამ ინფექციების მიზეზი ძირითადად ვირუსებია. ​ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. ხშირად ადამიანები ანტიბიოტიკს იღებენ იმიტომ, რომ აქვთ ანთებითი პროცესი. ანთებითი პროცესის გამომწვევი გარდა ბაქტერიისა, არის როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური მიზეზებიც.“

ალექსანდრე გოგინავამ მოსახლეობას სთხოვა, ანტიბიოტიკები თვითნებურად არ გამოიყენონ:

„მინდა, ვთხოვო მოსახლეობას, არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად. ეს არის პირველი, რაც უნდა ავღნიშნოთ. რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკის დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმი-სპეციალისტის მიერ. ​ხშირ შემთხვევაში ანტიბიოტიკის დანიშვნას სჭირდება გარკვეული კვლევების ჩატარება. არის შემთხვევები, როდესაც ექიმს შეუძლია ანტიბიოტიკი კვლევების გარეშეც დანიშნოს.“

„თუ ჩვენ ანტიბიოტიკების გამოყენებას გავაგრძელებთ ასე არარაციონალურად, ეს ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს რეზისტენტობის ჩამოყალიბება. ანტიბიოტიკოთერაპიაში მნიშვნელოვანია კურსი, რა ხანგრძლივობით ვნიშნავთ ანტიბიოტიკს და რა დოზირებით. როდესაც ადამიანი თვითნებურად იღებს ანტიბიოტიკს, მან არ იცის, რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოს და რა დოზირებით. ანტიბიოტიკი ხშირ შემთხვევაში არ აგვარებს პრობლემას და ეს არის ილუზია. ადამიანი, რომელსაც ემართება ​ვირუსული ინფექცია, ეს ხუთ დღეში ისედაც შეიძლება თავისით ალაგდეს. როდესაც ის დაავადების მესამე-მეოთხე დღეს ანტიბიოტიკს იწყებს და მეხუთე დღეს არის კარგად, ადამიანი ამას ანტიბიოტიკს უკავშირებს. რეალურად აქ ანტიბიოტიკის როლი არ არის,“ - აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად