Baby Bag

„მივესალმებით ბავშვის მუდმივად გაყვანას კურორტებზე, ეს აბსოლუტურად სწორია,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„მივესალმებით ბავშვის მუდმივად გაყვანას კურორტებზე, ეს აბსოლუტურად სწორია,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვების კურორტზე ტარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კურორტებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორ ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება არსებობს:

„ბოლო პერიოდში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ბაკურიანთან და კურორტებთან დაკავშირებით. ზოგი ფიქრობს, რომ ეს პანაცეაა და ყველაფრის მართვის შესაძლებლობაა. მეორე მოსაზრებაა, რომ ეს არაფერი არ არის. ეს არის ტყუილად დაკარგული დრო, ფული და ენერგია. ჩვენ რაღაც შუალედურ ვარიანტზე უნდა შევთანხმდეთ. მგონი, არ არსებობს არცერთი ადამიანი, რომელიც ჩათვლის, რომ თბილისიდან მთიან, ტყის მასივებით გარშემორტმულ კურორტზე ბავშვის გაყვანა ჯანმრთელობისთვის საზიანო იქნება. არავითარ შემთხვევაში! “

„თბილისის და არცერთი დიდი ქალაქის ჰაერი არ გამოირჩევა სისუფთავით. საქართველო მდიდარია მთის კურორტებით. ბავშვის გაყვანა, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის განმავლობაში აბსოლუტურად სწორია. ჩვენ მივესალმებით ბავშვის მუდმივად გაყვანას კურორტებზე. არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი, რომ ეს ყველაფერს რადიკალურად შეცვლის. იქ არამხოლოდ ჰაერზე გადის ბავშვი, არამედ ეს არის ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა. ფიზიკური აქტიურობა, მოძრაობა, ბავშვი არ არის ჩაკეტილი სახლში, ასევე არის მზის სხივების ზემოქმედება, რაც ასე გვაკლია პანდემიის განმავლობაში,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც მეტს იწუწავებს, რაც მეტს გაგრილდება, უფრო კარგად არის ბავშვი,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია, რომ სოფელში დასასვენებლად წაყვანილ ბავშვს თავისუფლება მისცენ და ის ზედმეტად არ შეზღუდონ:

„ბავშვები მონატრებულები არიან სოფელს. გაიხსენეთ თქვენი თავი, როდესაც ჩადიოდით სოფელში. პირველ დღესვე ხომ ყველა კუთხე-კუნჭულს მოირბენდით, ყველა ხეზე აძვრებოდით. პირველივე დღეს უნდა ბავშვს, რომ მოამთავროს ყველაფერი. ამ დროს მშობლები ეუბნებიან: რა დროს ეს არის? დაჯექი! ადაპტაცია უნდა ბავშვს, უნდა შეეგუოს, მათი აზრით. გარბიხარ ბავშვებთან, იმიტომ, რომ გენატრება ისინი. ბავშვებს მივცეთ თავისუფლება. ეს ყველაზე მთავარია. ჩვენ უნდა გავყვეთ ბავშვებს ჭიშკარს გარეთ.

ტანსაცმელი იმისთვის არის, რომ დაისვაროს. კიდევ ერთ-ერთი მთავარი არის წყლის ფენომენი. ჩვენ ბავშვობიდანვე წყალს გვიკრძალავენ. ბავშვებს ეუბნებიან: „ბევრი წყალი არ დალიო, საჭმელს ვერ შეჭამ!“ ეს არის აბსოლუტური სისულელე. როგორ უნდა დავლიო ბევრი და იმაზე მეტი, რაც მინდა? რა შუაშია ჭამა წყალთან?! წყალს ხელს შევუშვერდით და რას გვეუბნებოდნენ? „არ დასველდე! გაცივდები!“ ამ დროს გრილდება ბავშვი. მისი ტემპერატურა ჩვენს ტემპერატურაზე ყოველთვის მაღალია. მას გაგრილება უნდა. ხომ წუწაობდით ბავშვობაში?! ამას ვუშლით ბავშვებს. რაც მეტს იწუწავებს, რაც მეტს გაგრილდება, უფრო კარგად არის ბავშვი,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად