Baby Bag

„ეს აუცილებლად უნდა წაიკითხონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები მომავალ დედებს

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ნაყოფის ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე ისაუბრა, რომელსაც ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავის არასათანადო მიღება იწვევს:

„უნდა გესაუბროთ ერთ-ერთი მძიმე თემის შესახებ. თუ ძალიან მგრძნობიარე ხართ სამედიცინო პათოლოგიების მიმართ, ეს ლაივი არ ნახოთ. მეორე მხრივ, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს. მე ვისაუბრებ ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე, როდესაც ნაყოფი იბადება თავის ტვინის გარეშე, ამას ჰქვია ანენცეფალია, ან იბადება ხერხემლის განვითარების ანომალიებით. ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიებია, რომელთა არიდება საკმაოდ მარტივად შეიძლება, თუ ხარ ინფორმირებული.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ადამიანის ორგანიზმში ზურგის და თავის ტვინის განვითარებისთვის ნერვული მილის სწორად ფორმირებაა აუცილებელი:

„ადამიანის ორგანიზმში თავის ტვინის და ზურგის ტვინის განვითარებისთვის აუცილებელია ე.წ. ნერვული მილი. ნერვული მილი რომ ფორმირდეს, აუცილებელია ეს ნერვული ღარები დაიხუროს. თუ ქალი ფეხმძიმობის პერიოდში არ მიიღებს ფოლიუმის მჟავას, ამის გამო ნაყოფს შეიძლება დარჩეს დაუხურავი ნერვული მილი. აქედან განვითარდება დამახასიათებელი ანომალიები. შესაძლოა, არ განვითარდეს ხერხემალი სრულყოფილად, გარეთ გამოვიდეს ზურგის ტვინი, მისი გარსები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში დამბლების განვითარება. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ დედა არ იღებდა ფოლიუმის მჟავას ორსულობის პერიოდში.“

„ფოლიუმის მჟავის მიუღებლობას კიდევ ერთი გართულება ახლავს. შეიძლება ბავშვი დაიბადოს ტვინის არარსებობით, ანენცეფალიით. როდესაც ფოლიუმის მჟავის მიღება არ ხდება, დიდი ჰემისფეროები არ ყალიბდება. ნაყოფი, რომელიც იბადება ტვინის გარეშე მოყვანილობით ემსგავსება ბაყაყს. ტვინი რომ არ არის, რა თქმა უნდა, ასეთი არსებობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ბავშვი ძალიან მალევე იღუპება,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა არის სამმაგი სკრინინგ ტესტი და რა დატვირთვა აქვს მას? - ყველაფერი, რაც ორსულმა ამ პროცედურაზე უნდა იცოდეს

​რა არის სამმაგი სკრინინგ ტესტი და რა დატვირთვა აქვს მას? - ყველაფერი, რაც ორსულმა ამ პროცედურაზე უნდა იცოდეს

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა არის სამმაგი სკრინინგ ტესტი და რა დატვირთვა აქვს მას? - დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

სამმაგი სკრინიგ ტესტი საშუალებას იძლევა ადრეულ ვადებზე დადგენილ იქნას გენეტიკური ანომალიების არსებობა, როგორიცაა 21-ე ქრომოსომის ტრისომია ანუ დაუნის სინდრომი, მე-18-3 ექრომოსომის ტრისომია-ედვარდსის სინდრომი, ნერვული მილის დაზიანება - სპინა ბიფიდა.

როგორ უნდა მომზადდეს ორსული პროცედურისთვის?
რაიმე წინასწარი მომზადება საჭირო არ არის. ამ მეთოდის დროს ხდება ორსულის ვენიდან სისხლის აღება. იკვლევენ შემდეგი ჰორმონების დონის რაოდენობას:
  • ალფა - ფეტო პროტეინი
  • ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი
  • თავისუფალი ესტრიოლი

​კვლევა ტარდება ორსულობის 16-18 კვ. ვადაზე.

​განვიხილოთ თითოეული მათგანი:
  • ალფა-ფეტოპროტეინი-ცილა, რომელიც გამომუშავდება ქალის საკვერცხეებისა და ნაყოფის მიერ. ამ მაჩვენებლის მაღალი დონე შესაძლოა, უთითებდეს ნაყოფის განვითარების გარკვეულ დეფექტებზე, როგორიცაა ნაყოფის ნერვული მილის დეფექტი.
  • ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი - პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონი. ამ ჰორმონის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა, მიუთითებდეს ორსულობასთან დაკავშირებულ პოტენციურ პრობლემზე - ნაადრევი მშობიარობის რისკი.
  • თავისუფალი ესტრიოლი - გამომუშავდება როგორც პლაცენტიდან, ასევე არის ნაყოფის ორგანიზმში. მისი დაბალი მაჩვენებლის არსებობა შესაძლოა, მიუთითებდეს ნაყოფის დაუნის სინდრომის არსებობაზე. განსაკუთრებით რისკი მაღალია, თუ თანდართულია ალფაფეტოპროტეინის დაბალი და ქორიონული გონადოტროპინის მაღალი მაჩვენებელი.
ტესტის შედეგებზე ზეგავლენა შეიძლება, მოახდინონ ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა:
  • ქალის ასაკი
  • ქალის წონა
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა
  • შაქრიანი დიაბეტის არსებობა
ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ შედეგების განხილვის დროს.
სამმაგი ტესტის პასუხებში რაიმე ცვლილების არსებობის შემთხვევაში, შემდეგი ეტაპია ამნიოცენტეზის ჩატარება. ასეთ დროს ხდება სანაყოფე სითხის აღება ექოსკოპიის კონტროლით. მუცლის წინა კედლიდან შეჰყავთ ნემსი, რომლის საშუალებით ხდება სითხის აღება შემდგომი კვლევისთვის.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!
წაიკითხეთ სრულად