Baby Bag

„ეს აუცილებლად უნდა წაიკითხონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები მომავალ დედებს

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ნაყოფის ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე ისაუბრა, რომელსაც ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავის არასათანადო მიღება იწვევს:

„უნდა გესაუბროთ ერთ-ერთი მძიმე თემის შესახებ. თუ ძალიან მგრძნობიარე ხართ სამედიცინო პათოლოგიების მიმართ, ეს ლაივი არ ნახოთ. მეორე მხრივ, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს. მე ვისაუბრებ ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე, როდესაც ნაყოფი იბადება თავის ტვინის გარეშე, ამას ჰქვია ანენცეფალია, ან იბადება ხერხემლის განვითარების ანომალიებით. ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიებია, რომელთა არიდება საკმაოდ მარტივად შეიძლება, თუ ხარ ინფორმირებული.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ადამიანის ორგანიზმში ზურგის და თავის ტვინის განვითარებისთვის ნერვული მილის სწორად ფორმირებაა აუცილებელი:

„ადამიანის ორგანიზმში თავის ტვინის და ზურგის ტვინის განვითარებისთვის აუცილებელია ე.წ. ნერვული მილი. ნერვული მილი რომ ფორმირდეს, აუცილებელია ეს ნერვული ღარები დაიხუროს. თუ ქალი ფეხმძიმობის პერიოდში არ მიიღებს ფოლიუმის მჟავას, ამის გამო ნაყოფს შეიძლება დარჩეს დაუხურავი ნერვული მილი. აქედან განვითარდება დამახასიათებელი ანომალიები. შესაძლოა, არ განვითარდეს ხერხემალი სრულყოფილად, გარეთ გამოვიდეს ზურგის ტვინი, მისი გარსები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში დამბლების განვითარება. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ დედა არ იღებდა ფოლიუმის მჟავას ორსულობის პერიოდში.“

„ფოლიუმის მჟავის მიუღებლობას კიდევ ერთი გართულება ახლავს. შეიძლება ბავშვი დაიბადოს ტვინის არარსებობით, ანენცეფალიით. როდესაც ფოლიუმის მჟავის მიღება არ ხდება, დიდი ჰემისფეროები არ ყალიბდება. ნაყოფი, რომელიც იბადება ტვინის გარეშე მოყვანილობით ემსგავსება ბაყაყს. ტვინი რომ არ არის, რა თქმა უნდა, ასეთი არსებობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ბავშვი ძალიან მალევე იღუპება,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„სტატისტიკის თანახმად, აქტიური სექსუალური ცხოვრების პირობებში ქალების 85% პირველი ერთი წლის განმავლობაში ორსულდება, ხოლო 95% - ორი წლის განმავლობაში“

„სტატისტიკის თანახმად, აქტიური სექსუალური ცხოვრების პირობებში ქალების 85% პირველი ერთი წლის განმავლობაში ორსულდება, ხოლო 95% - ორი წლის განმავლობაში“
როდის ვსაუბრობთ უნაყოფობაზე და რა შეიძლება იყოს ძირითადი გამომწვევი მიზეზები? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი ლელა ირემაძე ესაუბრა. 

​- ქალბატონო ლელა, რა არის უნაყოფობა და როდის ვსაუბრობთ მასზე?

- იმ შემთხვევაში, როდესაც ერთწლიანი, რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე არ დგება ორსულობა, ვსაუბრობთ უნაყოფობაზე, თუ ქალის ასაკი:

  • < 35 წლამდეა
  • > 35 წელზე ზემოთ ასაკის ქალებში - ეს პერიოდი მცირდება 6 თვემდე.
  • > 40 წელზე ზემოთ - 3 თვემდე
უნაყოფობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. პირველადია უნაყოფობა, როდესაც ქალს არცერთი ორსულობა არ ჰქონია, ხოლო მეორადია უნაყოფობა, როდესაც ქალს აქვს მინიმუმ ერთი ორსულობა ანამნეზში.

ქალის ასაკი და წყვილის სქესობრივი თანაცხოვრების პერიოდის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანია, უნაყოფობის დროული დიაგნოსტიკისა და შემდგომი მენეჯმენტის განსაზღვრის თვალსაზრისით.

- დღესდღეობით, პროცენტულად რამდენად გავრცელებულია წყვილებში უშვილობა?

- დღეისათვის მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის 8-12% არის უნაყოფო, ანუ ყოველი 7 წყვილიდან 1 წყვილი. 48 მილიონი წყვილი. 186 მილიონი ადამიანი; (Worldwide ( Ombelet et; al)) PubMed 2019)

- ძირითადად რითია გამოწვეული უშვილობა და რომელი სქესის წარმომადგენლებში უფრო ხშირია ეს პრობლემა?

- უნაყოფობის მიზეზები შეიძლება იყოს მამაკაცისმიერი, ქალისმიერი, კომბინირებული (ქალისმიერი+მამაკაცისმიერი ფაქტორი); იმუნოლოგიური, ასევე უცნობი/გაურკვეველი ეტიოლოგიის.

  • ქალისმიერი მიზეზები გვხვდება შემთხვევათა – 40-45%-ში
  • მამაკაცისმიერი ფაქტორი - 35-40%
  • ქალისა და მამაკაცის ერთად - 15%
  • გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა -10%
ქალისმიერი მიზეზები შეიძლება იყოს - ფალოპის მილების, საკვერცხეების, საშვილოსნოს ორგანული და ან ფუნქციური პათოლოგიური ცვლილებები, ასევე ენდოკრინული დარღვევები.

ფალოპის მილების ანატომიური და ფუნქციური დაზიანებით გამოწვეული უნაყოფობა, ქალის უნაყოფობის 40-60%-ს შეადგენს. ფალოპის მილებს ახასიათებთ ძალზე რთული ნეიროენდოკრინული რეგულაცია, რომელიც მათ სატრანსპორტო ფუნქციას განაპირობებს. ამ ფუნქციის მოშლა საბოლოოდ იწვევს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის გადაადგილების, მათი შერწყმის შედეგად წარმოშობილი გამეტების, შემდგომ კი ემბრიონის საშვილოსნოს ღრუსკენ ტრანსპორტირების პროცესის რღვევას, რაც უნაყოფობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

საშვილოსნოს პათოლოგიებით გამოწვეულ უნაყოფობაში მნიშვნელოვანია - საშვილოსნოს თანდაყოლილი პათოლოგიები (ძგიდე, ორრქიანი, ერთრქიანი), ფიბროიდები, ადენომიოზი, ენდომეტრიოზი, ენდომეტრიუმის სტრუქტურა/ ხარისხი, პოლიპები.

საკვერცხისმიერი ფაქტორი - ძირითადად ანოვულაცია, რაც უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებ. იგი გულიხმობს ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების პროცესის რღვევას.

ჰორმონული დარღვევებიდან აღსანიშნავია - ჰიპოთალამო - ჰიპოფიზურ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილელბი.

მამაკაცისმიერი ფაქტორი - განპირობებულია სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობრივი, მოძრაობითი და მორფოლოგიური პათოლოგიური ცვლილებებით.

ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია - გარემო ფაქტორების (ტოქსინები), ცხოვრების წესის (მწეველობა, ალკოჰოლის მოხმარება, სიმსუქნე) გავლენა ნაყოფიერებაზე.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა ქალის ასაკს?

- ოვარიული რეზერვი (კვერცხუჯრედების მარაგი საკვერცხეებში) ქალის შვილოსნობის პოტენციალის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, უფრო მეტიც, გენეტიკური შვილის ყოლის ერთადერთი წყაროა. მნიშნელოვანია ის ფაქტორი, რომ კვერცხუჯრედების მარაგი მცირდება/იხარჯება ასაკის მატებასთან ერთად. გარდა კვერცხუჯრედების რაოდენობრივი შემცირებისა, მცირდება კვერცხუჯრედების ხარისხიც (უპირატესად 35 წლის შემდეგ). სწორედ ამ ფაქტორების გამო განსხვავებულია ქალის დაორსულების სიხშირე 35 წლამდე და მის შემდეგ ასაკში, მაგალითად, ბუნებრივ ციკლებში:

  • 25 წლის ასაკში - ერთ ციკლში - საშ. - 25%;
  • 35 წლის ასაკში - 15%-ია
  • 37 წლის ასაკში 10%, 40 წლის შემდეგ 4-5%

    ​ინ ვიტრო ციკლში
  • < 35 წლამდე - საშუალოდ 45-50%-ია
  • 35-38 წწ - 30-35%
  • 40-42 წწ - 8-10%
  • < 42 წწ - 3-5%.
აღნიშნული, ქალის რეპროდუქციულ სისტემაში მიმდინარე ასაკდამოკიდებული ფიზიოლოგიური პროცესია. გასათვალისწინებელია, ფიზიოლოგიიდან გადახრის შემთხვევები ანუ ადრეულ ასაკში (35-30 წლამდე), სხვადასხვა მიზეზის (გენეტიკური, აუტოიმუნური, იდიოპათიკური და სხვ) გამო შემცირებული ფოლიკულური მარაგის არსებობა, რის გამოც ორსულობის სიხშირე ასაკის მიუხედავად მნიშვნელოვნად დაბალია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ყველა რეპროდუქციული ასაკის ქალმა, ვინც გეგმავს ორსულობას, დროულად მიმართოს რეპროდუქტოლოგს, გამოიკვლიოს საკვერცხის მარაგი და შედეგის მიხედვით დაგეგმოს ორსულობა.

ასევე მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიური ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა, რაც დღეისათვის საკმაოდ ხშირად გვხვდება.

ძირითადი მიზეზები, რომლებიც იწვევენ ფსიქოლოგიურ უნაყოფობას:

  • სისტემატური სტრესი სამსახურში;
  • თავის დადანაშაულება უნაყოფობაში, ან ფიქრი იმაზე, რომ ეს არის სასჯელი თქვენი ცხოვრების წესის გამო;
  • ფინანსური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემები, რაც ბავშვის დაბადებას უკავშირდება;
  • ბოლო პერიოდში განცდილი სერიოზული ფსიქოლოგიური რყევა;
  • გარშემომყოფების მხრიდან გამუდმებული პრესინგი, ანუ გამუდმებული შეკითხვები: არ ხართ ორულად, არ გეგმავთ ორსულობას, რატომ არ ორსულდებით? 

ფსიქოლოგიური უნაყოფობის დროს მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის მხარდაჭერა, ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ფსიქოლოგის ჩართულობა.

- დედები ხშირად ეუბნებიან თავიანთ ქალიშვილებს, არ გაცივდეთ, ბავშვი არ გეყოლებათო. მითია თუ რეალურად შესაძლებელია მომავალში ამან პრობლემა გამოიწვიოს?

- რა თქმა უნდა, მითია. მცირე მენჯის ღრუს ანთებას ინფექცია იწვევს და არა ცივზე ჯდომა ან მსგავსი.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად