Baby Bag

„2021 წელი იყო საქართველოსთვის ჩერნობილის შემდგომ ყველაზე მაღალი რადიაციული შკალა,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„2021 წელი იყო საქართველოსთვის ჩერნობილის შემდგომ ყველაზე მაღალი რადიაციული შკალა,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ფარისებრი ჯირკვლის იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული:

„შესაძლებელია იყოს ფარისებრი ჯირკვლის გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები. სისხლში მისი ჰორმონები იყოს აბსოლუტურად ნორმალური, ან იყოს პირიქით. შეიძლება ფარისებრი ჯირკვალი სტრუქტურულად იყოს უცვლელი, მაგრამ ჰორმონალურად გვქონდეს დარღვევა. არსებობს კვანძოვანი ჩიყვი. ნებისმიერი წარმონაქმნი, რომელიც არ არის ჩვენთვის ფიზიოლოგიური, სამედიცინო ტერმინით არის სიმსივნე. ის შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. რაც შეეხება ჰორმონალურ ცვლილებას, თუ არის დიფუზური ჩიყვი, ის შეიძლება გამოწვეული იყოს ორი პათოლოგიის გამო: ენდემური ან დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვით. ეს ხდება, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს იმაზე მეტ ჰორმონს, ვიდრე ეს ჩვენი ორგანიზმისთვის არის საჭირო.“

ლაშა უჩავას თქმით, პოპულაციაში ხშირია ჰიპოთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევები:

„ჰიპოთირეოზი არის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც ხშირია პოპულაციაში. ამ დროს ცხიმოვანი ქსოვილი ბევრად მეტად წარმოიქმნება და შეიძლება ამან პროვოცირება გაუკეთოს წონაში მატებას. ჰიპოთირეოზის სიმპტომებია: ბრადიკარდია, ნერვული სისტემის აღგზნებადობა, ძილიანობა, სუნთქვითი უკმარისობა. ჰიპოთირეოზის დროს ნერვული სისტემა უფრო ლაბილურია. შესაძლოა, ძალიან სევდიან ამბავზეც არანაირი რეაქცია არ ჰქონდეს ადამიანს. ჰიპერთირეოზის დროს, როდესაც დიდი რაოდენობით ჰორმონები გამომუშავდება, ამ დროს ადამიანი უმიზეზოდ კარგავს წონას, ვითარდება ტრემორი, ხელების კანკალი, ბევრად უფრო აღგზნებულები არიან, ემოციების მართვა რთულია. ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა ორივე ფორმისთვის არის დამახასიათებელი.“

„ენდემური ჩიყვი არის იოდის დეფიციტი, რომელიც უპირატესად ვლინდება ბავშვთა ასაკში. ეს შესაძლებელია იყოს პირველადი, ორსულობის დროს დედასთან განვითარებული იოდდეფიციტით გამოწვეული. უპირატესად შეინიშნება ორი-სამი წლის ასაკიდან. ამ დროს ზრდა-განვითარება და გონებრივი განვითარება ცოტათი ჩამორჩება ფიზიოლოგიას. რადგან საქართველო ენდემური ზონაა, პედიატრები ყოველთვის ურჩევენ მშობლებს, რომ იოდი საკვები დანამატის სახით იყოს გამოყენებული 3 წლის ასაკიდან. ეს საპრევენციო ზომაა. მწვანე პროდუქტებში ბევრი იოდია. ბოლო პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით ჩერნობილის შემდგომ დასავლეთ საქართველოში ბევრად უფრო მაღალია კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევები. გარემოში უფრო მეტი რადიაცია იყო. გასულ წელს გერმანელი ექსპერტების დასკვნა დაიდო, რომ 2021 წელი იყო საქართველოსთვის ჩერნობილის შემდგომ ყველაზე მაღალი რადიაციული შკალა. მხოლოდ 2021 წლიდან დაიწყო მისი ნელ-ნელა დაქვეითება და კლება. ზღვისპირა ქვეყნებში უფრო მაღალია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ესეც ჩერნობილის გამო. რადიაცია მზის სხივების ფონზე ბევრად უფრო აქტიურია. გარკვეული ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს მზის სხივები კატეგორიულად აკრძალულია, ისევე როგორც სოლარიუმი,“- აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო:​ „ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

აქვს თუ არა განსაკუთრებული თვისებები ე.წ. „დეტოქს წყალს“ ონკანის წყალთან შედარებით?

აქვს თუ არა განსაკუთრებული თვისებები ე.წ. „დეტოქს წყალს“ ონკანის წყალთან შედარებით?

მედიაპორტალი MomsEdu.ge წარმოგიდგენთ ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ე.წ. „დეტოქს წყალზე“ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი და მეტი დრო ეთმობა ჯანსაღ ცხოვრებას, სადაც ერთ-ერთი წამყვანია ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება. მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ „დეტოქს წყალი“, რაც თავის მხრივ გულისხმობს წყალს, რომელსაც დამატებული აქვს ხილი, ბოსტნეული, მწვანილი ამ ყველა ჩამოთვლილი ერთად. ასეთი წყლის დამზადება შეგიძლიათ სხვადასხვა გზით. ასეთ დროს წყალს ემატება ცოცხალი ხილ-ბოსტნეული, და არა ქიმიურად მომზადებული, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მის დაბალკალორიულობას. (მუდმივად უნდა გახსოვდეთ, რომ ადამიანები, რომელთაც აღენიშნებათ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება, სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ნებისმიერ ზოგად რჩევებს).

ყველაზე პოპულარული ე.წ. „დეტოქს წყლის“ რეცეპტების კომბინაციები ასეთია:

  • კიტრი და პიტნა
  • ლიმონი და კოჭა
  • მაყვალი და ფორთოხალი
  • ლიმონი და პიტნა
  • საზამთრო და პიტნა
  • გრეიფრუტი და როზმარინი
  • ფორთოხალი და ლიმონი
  • ლიმონი და ცაცხვი
  • მარწყვი და რეჰანი
  • ვაშლი და დარიჩინი

რა დადებითი თვისებები აქვს ე.წ „დეტოქს წყლის“ მიღებას?

  • ტოქსინების მოცილება - დეტოქსიკაცია
  • საჭმლის მომნელები სისტემის მუშაობის გაუმჯობესება
  • იმუნური ფუნქციის გაძლიერება
  • განწყობის ამაღლება
  • ენერგიის დონის გაზრდა
  • სახის კანის გაუმჯობესება
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ყველა თვისება ასევე გააჩნია ჩვეულებრივ ონკანის წყალსაც, ამიტომ აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს მაინცდამაინც აღნიშნული ნარევების დალევა, მაგრამ მათ, ვისაც მოგწონთ, გიყვართ ე.წ. სხვადასხვა გემოებდამატებული წყალი, შეგიძლიათ მიირთვათ. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ორგანიზმი გქონდეთ მუდმივად ჰიდრატირებულ (დატენიანებულ) მდგომარეობაში, რაც ჯანმრთელი მოსახლეობისთვის გულისხმობს დღეში მინიმუმ 1.5 ლიტრი წყლის მიღებას. გისურვებთ ჯანმრთელობას!
წაიკითხეთ სრულად