Baby Bag

განგაშის ნიშნები ბავშვის მუცლის ტკივილის დროს, რომლის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს - გასტროენტეროლოგი მარიამ ღუღუნიშვილი

განგაშის ნიშნები ბავშვის მუცლის ტკივილის დროს, რომლის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს - გასტროენტეროლოგი მარიამ ღუღუნიშვილი

გასტროენტეროლოგმა მარიამ ღუღუნიშვილმა მუცლის ტკივილის თანმხლებ საგანგაშო სიმპტომებზე ისაუბრა:

„მშობლებს ყოველთვის ვეუბნებით, მარტო ტკივილი არა, ტკივილს პლუს განგაშის ნიშნები, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. ესენია: მუცლის ტკივილს დამატებული განავალში სისხლის არსებობა. როგორც ალისფერი განავალი, ასევე შავი განავალიც სისხლის შემცველობას გულისხმობს, ძლიერი და შეუპოვარი ღებინება, სისუსტე, მივარდნილობა, მაღალი ცხელება. მუცლის ტკივილს მარტო კუჭ-ნაწლავის პრობლემები არ იწვევს. შეიძლება ეს გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექციამაც, აგრეთვე პნევმონიმაც, როდესაც ანთება მიმდინარეობს ფილტვის ქვემო ნაწილებში. მწვავე მუცლის ტკივილის დროს ბევრი დიაგნოსტიკაა გასატარებელი.“

მარიამ ღუღუნაშვილმა ქრონიკული მუცლის ტკივილის გამომწვევი ხუთი ფუნქციონალური დაავადება დაასახელა:

„ქრონიკული მუცლის ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი არის 2-3 თვის ან მეტი ხანგრძლივობის, ეს ნაკლებად არის ორგანოდან წამოსული ტკივილი. ამ შემთხვევაში ჩვენ ტკივილს ვეძახით ფუნქციონალური მუცლის ტკივილის სინდრომებს. ეს სინდრომი ძირითადად 5 დაავადებას მოიცავს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ფუნქციონალური ყაბზობა. ამ შეკრულობას ორგანული მიზეზი არ აქვს. ამ შემთხვევაში კვირაში სამჯერ უნდა ტკიოდეს ბავშვს მუცელი. შემდეგი არის ქრონიკული ფუნქციური დისპეფსია, როდესაც ტკივილი მუცლის ზედა ნაწილებში იგრძნობა. მშობელი ამბობს, რომ ბავშვი შეჭამს მცირე მოცულობის საჭმელს და მუცელი შებერილი აქვს, ეწყება ღებინება, გულისრევის შეგრძნება. როდესაც ყველა ორგანული მიზეზი გამოირიცხება, ვამბობთ, რომ ეს არის ქრონიკული ფუნქციური დისპეფსია.“

„შემდეგი არის ფუნქციონალური ტკივილი. ბავშვს ტკივილის მიზეზი არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ტკივილს იგონებს და ეს მისი წარმოსახვაა. ბავშვი მგრძნობიარეა და იმაზე მეტად აღიქვამს ტკივილს, ვიდრე რეალურადაა. აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ მუცლის შაკიკი. ყველას ჰგონია, რომ შაკიკი მხოლოდ თავის ტკივილია. შაკიკის დროს მუცლის ტკივილი ძალიან მწვავეა, ვერცერთი გამაყუჩებელი ვერ უყუჩებს ბავშვს ტკივილს, აქვს სინათლისადმი გაღიზიანებადობა, ხმაური არ სიამოვნებს, აქვს გულისრევის შეგრძნება. ასეთი ციკლური ხასიათი აქვს ამას. ის გრძელდება რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე და თავისით გადავა. ბოლო არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ეს არის მუცლის ტკივილი ან ფაღარათით, ან შეკრულობით, ან ამ ორის მონაცვლეობით. როდესაც ბავშვს ნაწლავთა მოქმედება აქვს, ტკივილი მაშინვე ქრება,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ ღუღუნიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს

პედიატრი, ყარამან ფაღავა საუბრობს, თუ რა უწყობს ხელს ბავშვის გაკაჟებას და რა დროს უშვებს მშობელი შეცდომას, როდესაც საქმე ბავშვის ავადობას ეხება.

​,,სველი ტილოთი ტანის დაზელვა, ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ... მე 75 წლის გახლავართ. დაახლოებით, 40-50 წელია, სიცხე არ მქონია. რატომ? ყოველდღე ცივ წყალს ვიღებ, განა არ მეზარება - მეზარება, მაგრამ ამის შემდგომ თავს ისე კარგად ვგრძნობ. ჩვევაშიც მაქვს გადასული.

რასაკვირველია, არცერთ მშობელს აქვს სურვილი, რომ მისი შვილი ავად იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. ძირითადად, რასაკვირველია, უცოდინრობის გამო - საკუთარი ქცევით ხელს უწყობენ იმას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თავიდან დავიწყოთ - ჩასახვის პერიოდში დედ-მამა რომ ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იქნებიან, რა გასაკვირია, რომ ბავშვი ავად იქნება. იგივეა, როცა ორსულობის დროს ქალი სიგარეტს ეწევა", - აღნიშნავს ყარამან ფაღავა. 

წაიკითხეთ სრულად