Baby Bag

თუ გოგონას მენსტრუალური ციკლი ნაადრევად დაეწყება, აუცილებელია, რომ ეს სამი ორგანო შემოწმდეს - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

თუ გოგონას მენსტრუალური ციკლი ნაადრევად დაეწყება, აუცილებელია, რომ ეს სამი ორგანო შემოწმდეს - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გოგონებში გარდატეხის ასაკის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე ისაუბრა:

„როდის მთავრდება გოგონებში ზრდა? ამ კითხვაზე პასუხი ბევრ გოგონას აინტერესებს. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, როდის იწყება გოგონებში გარდატეხის ასაკი. ეს ხდება დაახლოებით 10-11 წლისთვის. ისინი ამ ასაკს ამთავრებენ 15-17 წლისთვის. 15-17 წლის ასაკის გოგოს სიმაღლე შეიძლება ითქვას, რომ არის საბოლოო სიმაღლე. ამის იქით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის კიდევ გაიზარდოს. ალბათ, გინახავთ, ბავშვებს ატყუებენ, რომ უნდა ჩამოეკიდო ტურნიკზე ხელებით და გაიზრდები სიმაღლეშიო. მეც მატყუებდნენ ასეთ რამეს. ასე ადამიანი სიმაღლეში არ იზრდება. ადამიანის სიმაღლე შემთქვევათა 80%-ში დამოკიდებულია გენეტიკაზე.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, სიმაღლეში ზრდაზე ძილის რეჟიმიც ახდენს გავლენას:

„სიმაღლეში ზრდაზე გავლენას ახდენს ძილიც. სკოლამდელი ასაკის ბავშვის ძილის ხანგრძლივობა უნდა იყოს საშუალოდ 13 საათი, სკოლის ასაკში 11 საათი, ზრდასრული ადამიანისთვის კი 9 საათი. თუ ამდენი ხანი გძინავთ, თქვენი სიმაღლე იმდენი იქნება, რამდენიც გეკუთვნით გენეტიკურად.“

„გარდატეხის პერიოდში პირველი რა გაჩნდება, მკერდი, ბოქვენზე თმა თუ ციკლი, ეს ინდივიდუალურია. როდესაც გოგონა მიაღწევს გარდატეხის ასაკს, პირველი ყველაზე ხშირად ჩნდება მკერდი. მკერდის ჩამოყალიბება შეიძლება მოხდეს 8-დან 13 წლამდე პერიოდში. ბოქვენზე თმა ჩნდება საშუალოდ 12-დან 14 წლამდე. ყველაზე გვიან ყალიბდება მენსტრუალური ციკლი. პირველი მენსტრუალური ციკლი უმრავლეს შემთხვევაში იწყება თორმეტ-ნახევარი წლისთვის. ციკლი შეიძლება ჩამოყალიბდეს 8 წლის ასაკის ბავშვში და 15 წლის ასაკის ბავშვშიც. პათოლოგიების დროს ციკლი შეიძლება დაუგვიანდეს. თუ ციკლი დაიწყება 8 წლამდე, აუცილებელია სამი ორგანო შემოწმდეს: ეს არის თავის ტვინი. იქ შეიძლება იყოს ჰიპოთალამუსის სიმსივნე. მეორე შეიძლება იყოს საკვერცხის სიმსივნე. მესამე შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე. ამ შემთხვევაში ციკლი შეიძლება დაიწყოს 8 წლამდე ასაკში. ციკლი შეიძლება დაიწყოს ნაადრევად მაშინ, როდესაც თავის ტრავმაა. თავში წამორტყმამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი პუბერტატი. თუ გოგონა არის ჭარბწონიანი და 10 კილოგრამით მაინც მეტია, ვიდრე იმ ასაკისთვის უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ადრე გაჩნდეს გარდატეხის ასაკის ნიშნები. რაც უფრო მეტია წონა, მით მეტია ცხიმოვანი ქსოვილი და ესტროგენების წარმოქმნის პროცესი,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად