Baby Bag

ვიყიდოთ თუ არა იოდი? - გიორგი ღოღობერიძე რადიაციული საფრთხისგან თავდაცვის ეფექტიან გზებზე საუბრობს

ვიყიდოთ თუ არა იოდი? - გიორგი ღოღობერიძე რადიაციული საფრთხისგან თავდაცვის ეფექტიან გზებზე საუბრობს

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე რადიაციის საფრთხის გაჩენის შემთხვევაში თავდაცვის წესებს გვაცნობს და საინტერესო რჩევებს გვაძლევს:

„მინდა მოგიყვე იმის თაობაზე, თუ რა უნდა იცოდე იოდის შესახებ. ბევრი ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ დაიცვას საზოგადოებამ თავი რადიაციისგან. საზოგადოება ფრთხილობს, თვალს ადევნებენ სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოებს რადიაციისგან თავის დაცვის შესახებ. ადამიანებს ეშინიათ, რომ რუსეთმა არაკეთილსინდისიერად შეუტიოს უკრაინაში არსებულ ატომურ სადგურებს. თუ ისინი დაზიანდება, რადიაცია გაჟონავს. მე მინდა მოგიყვეთ, როგორ ხდება რადიაციისგან თავის დაცვა. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის დასაცავად, ეს არის იოდი. ატომური სადგურის დაზიანების შემთხვევაში, იოდი შეიძლება გამოიფრქვეს ატმოსფეროში. რადიოაქტიურმა იოდმა შეიძლება დააზიანოს ფარისებრი ჯირკვალი. სწორედ ფარისებრი ჯირკვალია ის ორგანო, რომელიც იყენებს იოდს. ფარისებრი ჯირკვალი იყენებს ჩვეულებრივ იოდს, იოდ 127-ს. ატომური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ხვდება იოდ 131. ის ფარისებრ ჯირკვალში ჩალაგდება და იწვევს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის განვითარებას.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, თავის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვჭირდება, თუ რადიაციის დონე მოიმატებს:

„თავდაცვაზე საუბარია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებულია რადიაციის მოამტებული დონე. თუ რადიაცია გაზრდილი არ არის, ამის გაკეთება არ არის საჭირო. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ კალიუმის იოდიდი. არ მიიღოთ კალიუმის იოდიდი წინასწარ. ზრდასრული ადამიანისთვის კალიუმის იდოდის დოზა არის 130 მილიგრამი, რომელიც დღეში ერთხელ უნდა მიიღოს. ერთ თვემდე ასაკის ბავშვებში დოზა უნდა იყოს 16 მილიგრამი. ერთი თვიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 32 მილიგრამი. სამი წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 65 მილიგრამი. დიდების შემთხვევაში ეს არის 130 მილიგრამი. ამის მიღება საჭირო არ არის, თუ რადიაციის დონე არ იმატებს. ამ შემთხვევაში რადიაციის დონე გაზრდილი არ არის, ამიტომ პანიკა საჭირო არ არის. საქართველოში ალტერნატივა არის 5%-იანი იოდის წვეთები. ის ზრდასრულების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს 40-50 წვეთი წყალში ან რძეში გახსნილი. ბავშვებში ამ დოზის ნახევარია მოწოდებული. ზოგჯერ იყენებენ იოდის ბადეებსაც. მას უსვამენ გულ-მკერდზე ან ზურგზე.“

„ბევრი ადამიანი ახლა პანიკობს და იოდის წვეთებს ყიდულობს. ეშინიათ, რომ არ დაემართოთ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე. არ არის საჭირო კალიუმის იოდიდის მიღება წინასწარ. ჩემი რჩევა იქნება, რომ არ დაპანიკდეთ და საჭირო დროს, თუ ასეთი დრო საერთოდ დადგა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიყენეთ კალიუმის იოდიდი,“-აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

წაიკითხეთ სრულად