Baby Bag

7 მარტივი რჩევა მაღალი წნევის პრობლემის მოსაგვარებლად - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

7 მარტივი რჩევა მაღალი წნევის პრობლემის მოსაგვარებლად - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ მაღალი წნევის პრობლემის მოსაგვარებლად 7 მარტივი მეთოდის შესახებ ისაუბრა:

„პირველი რჩევა არის წონის შემცირება. თქვენი სხეულის მასის ინდექსი უნდა იყოს 18,5-დან 20 კილოგრამ მეტრ კვადრატამდე. მასის ინდექსის გასაგებად სხეულის წონა უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატზე. რა რიცხვსაც მიიღებთ, ეს იქნება თქვენი სხეულის მასის ინდექსი. მეორე რჩევა არის, რომ თქვენ უნდა შეზღუდოთ საკვებში ნატრიუმის შემცველობა. ნატრიუმი ყველაზე მეტად გვხვდება მარილში. დღეში მარილი არ უნდა მიიღოთ 6 გრამზე მეტი და 3 გრამზე ნაკლები. სულ უმარილოდაც არ შეიძლება. ნატრიუმის მოშორებაში ჩვენს სხეულს ეხმარება კალიუმით მდიდარი საკვები.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, მაღალი წნევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფიზიკური აქტივობა აუცილებელია:

„მესამე რჩევაა მეტი ფიზიკური აქტივობა. შეეცადეთ, რომ კვირის უმეტეს დღეებში აქტივობა გქონდეთ დღეში ნახევარ საათზე მეტი. ფიზიკური აქტივობის დროს სხეული ტონუსშია და არტერიული წნევის მაჩვენებელი მცირდება. მეოთხე რჩევა არის ჯანსაღი კვების წესების დაცვა. უნდა მიიღოთ მწვანე ჩაი. მწვანე ჩაის ვინც სვამს, მათთან წნევის მაჩვენებლები 4-6 ერთეულით უფრო დაბალია. მეხუთე რჩევაა, მოერიდეთ თამბაქოს და ალკოჰოლს. ამ შემთხვევაში წნევის მაჩვენებელი ოთხი ერთეულით შემცირდება.“

„მეექვსე რჩევაა, რომ მოიწესრიგოთ ძილი. დღეში უნდა გეძინოთ რვა საათი. ეს რვა საათიც უნდა იყოს ხარისხიანი, მყუდრო, ბნელ, გრილ ოთახში. მეშვიდე რჩევაა, რომ მოერიდოთ სტრესს,“- აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს სასწაულია! ასეთი პაციენტის გადარჩენა თეორიულადაც შეუძლებელია,“ - ქირურგი აკაკი ბერიძე ბათუმის ტრაგედიისას სასწაულებრივად გადარჩენილ შვილიშვილზე საუბრობს

„ეს სასწაულია! ასეთი პაციენტის გადარჩენა თეორიულადაც შეუძლებელია,“ - ქირურგი აკაკი ბერიძე ბათუმის ტრაგედიისას სასწაულებრივად გადარჩენილ შვილიშვილზე საუბრობს

ბათუმის ტრაგედიისას გადარჩენილი მამაკაცის ზვიად თავდგირიძის ბაბუამ, ქირურგმა აკაკი ბერიძემ შვილიშვილის სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ზვიად თავდგირიძემ ნანგრევებში 11 საათი გაატარა:

„ჩემი შვილიშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება, რაც კარგის მომასწავებელია. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო უდიდესი ტრავმა. თერთმეტი საათი სიცივეში, თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში გაატარა. ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი არსებობს, როდესაც კუნთებს აწვება ტვირთი, ამ ტვირთის მოხსნის შემდეგ სისხლში იწოვება ტოქსინები, რაც წამლავს მთელს ორგანიზმს. ჩემს შვილიშვილს ესეც ჰქონდა გამოხატული. გამოხატული ჰქონდა შოკი. ასეთი ავადმყოფის,​ ასეთ ვითარებაში პაციენტის გადარჩენა თეორიულადაც შეუძლებელია. დიდი შრომა ჩადეს ექიმებმა.“

აკაკი ბერიძის თქმით, მისი შვილიშვილი კონტაქტურია და გონება არ დაუკარგავს:

„ჩემი შვილიშვილი კონტაქტურია, მას ყველაფერი ახსოვს. გონება არ დაუკარგავს. სასწაული ის არის, რომ შინაგანი ორგანოების და თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. მოტეხილი აქვს შიდა წვივის ძვალი მარცხენა ფეხზე, რაც დიდ მოტეხილობად არ ითვლება. ზვიადი იმყოფებოდა მეექვსე სართულზე. ვარდნა იყო პირველ სართულამდე. ახლოს ხალხი ვერ ჩერდებოდა, ისეთი მტვერი იყო. მან კი 11 საათი გაძლო ასეთ მტვერში.“

„ეს სასწაულია. მეც ამავე სადარბაზოში ვცხოვრობ. დილას სამსახურში წავედი ცხრის ნახევარზე. თორმეტ საათზე ასეთი ამბავი გამაგებინეს. თეორიულად შეუძლებელი იყო ზვიადის გადარჩენა, მეექვსე სართულიდან პირველზე ვარდნა, 11 საათი ამ სიცივეში და მტვერში. ეს მართლაც სასწაულია. ძალიან მეგობრული სადარბაზო გვქონდა. ყველა ერთმანეთს ვეფერებოდით. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ოჯახი, საიდანაც ოთხი მიცვალებული გაასვენეს. ​ნამდვილად დიდი საცოდაობა დატრიალდა,“ - ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე ბატონმა აკაკი ბერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად