Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სტატისტიკურად ამერიკაში, ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა'' - პედიატრის გაფრთხილება

,,სტატისტიკურად ამერიკაში, ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა'' - პედიატრის გაფრთხილება

,,ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მესმის,რომ ძალიან დაიღალეთ, მესმის, რომ თავისუფლებაზე ოცნებობთ!!! გაზაფხულის თბილი დღეები ძალიან მომხიბვლელია და სურვილს გიჩენთ განავარდების, ურთიერთობების, სავსეა ქალაქის ქუჩები ადამიანებით, მოზარდებით, ბავშვებით, ყოველგვარი სოციალური დისტანცირების,ნიღბების გარეშე,უფრო მეტიც,ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნის ფაქტებით!!!უცებ დაგვავიწყდა რა საშიში ვირუსი გვეომებოდა, ისიც არ გვახსოვს, რომ ის ბოლომდე არ არის დამარცხებული და განაგრძობს ომს ჩვენთან!!! გთხოვთ, ნუ გაგათამამებთ შეზღუდვების გაფართოვება, არ ვიცით ჯერ ბევრი რამ, არ გვაქვს ვირუსთან დაკავშირებული კვლევების შედეგები ბოლომდე(მრავალი მიმართულებით ტარდება კვლევა) არ გვაქვს წამალი და სპეციფიური ვაქცინა!!! სტატისტიკურად ამერიკაში, ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა, სისტემური ანთებითი პროცესებით და ცრუ, არასრული კავასაკის დაავადების ნიშნებით მიმდინარე, მძიმე შედეგები დაიდო, ლეტალური გამოსავალიც მათ შორის! ამიტომ სიფრთხილეა ჯერ კდევ საჭირო!!! ბავშვთა დაწესებულებებში სწავლა გადაიდო სექტემბრამდე,ეს იმას ნიშნავს,რომ ვერიდებით მათ კომუნიკაციას დაავადების პრევენციის მიზნით,მაგრამ რა აზრი აქვს, თუ ვივლით სიფრთხილის ზომების გარეშე,ვეწვევით ერთმანეთს სტუმრად!!! შეიკავეთ ჯერჯერობით თავი მასიური თავყრილობებისგან! მტერს არ ძინავს, ის ჩასაფრებულია,არსად არ წასულა!!!არ გაშინებთ,უბრალოდ გაფრთხილებთ!! მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება და ჩვენი უნარ-ჩვევების შეცვლა, სანამ საბოლოოდ არ დავამარცხებთ მტერს! გავიყვანოთ ბავშვები, ვასეირნოთ, მაგრამ დავიცვათ მოწოდებული რეკომენდაციები!!! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!'' - აღნიშნულის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აქვეყნებს. 


წაიკითხეთ სრულად