Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

მხედველობის ლაზერული კორექციის უახლესი ტექნოლოგია „ნიუ ჰოსპიტალსშია“

მხედველობის ლაზერული კორექციის უახლესი ტექნოლოგია „ნიუ ჰოსპიტალსშია“

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი კარლ ცაისის წარმოების, ყველაზე თანამედროვე ფემტო-ექსიმერული ლაზერით (Zeiss Visumax Femtosecond / Excimer Laser Mel-90) აღიჭურვა და პაციენტებს მხედველობის ლაზერული კორექციის უსწრაფეს მეთოდს სთავაზობს.

Zeiss-ის MEL-90 ლაზერი თანამედროვე და ზუსტი ტექნოლოგიაა, რომელიც მხედველობის კორექციას ფემტო-ექსიმერული ლაზერით რამდენიმე წამში უზრუნველყოფს. კორექციის პროცესი სრულად ავტომატიზებული და უსაფრთხოა, პროცედურა სულ რამდენიმე წამს გრძელდება და შედეგი თვალსაჩინოა მისი დასრულებისთანავე. MEL-90-ის ციფრული ფუნქციონალი ექიმს საშუალებას აძლევს შეაფასოს უმცირესი დეტალი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მკურნალობის პროცესს. აპარატის ერგონომიული დიზაინის მეშვეობით კი პაციენტი სწრაფი და მარტივი პროცედურით უმოკლეს დროში იღებს სასურველ შედეგს.

ფემტო-ექსიმერული ლაზერით შესრულებული მხედველობის კორექციის პროცედურა, სტანდარტული, ლასიკ პროცედურისგან განსხვავდება და მის თანამედროვე, გაუმჯობესებულ ალტერნატივას წარმოადგენს. მრავალ უპირატესობათა შორის, უმნიშვნელოვანესი განსხვავება რქოვანას ანათალის გაკეთების ულანცეტო პროცედურაშია - რქოვანას ანათალი ქირურგიული დანის გამოყენების გარეშე, აქამდე არნახული სიზუსტით, რამდენიმე წამში კეთდება. ულანცეტო პროცედურა გამორიცხავს ქირურგიული დანით გამოწვეულ გართულებებს და შესაბამისად იცავს თვალს ინფექციის განვითარებისგან. რქოვანას ანათალი მაქსიმალური სიზუსტით კეთდება, მაშინაც კი როდესაც პაციენტებს აქვთ ზედმეტად გათხელებული რქოვანა ან მხედველობის მძიმე დეფექტი.

ფემტო-ექსიმერული ლაზერით შესაძლებელია ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექცია. მხედველობის ლაზერული კორექციის შედეგად პაციენტს აღუდგება მხედველობა და აღარ სჭირდება სათვალე ან კონტაქტური ლინზები, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და საშუალებას აძლევს მას დაკავდეს ისეთი აქტივობებით, რაშიც სათვალე ხელს უშლიდა. ფემტო-ლაზერული ქირურგია არის საუკეთესო ტექნოლოგია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს მხედველობა და იცხოვროს უფრო კომფორტულად - სათვალის ან კონტაქტური ლინზების გარეშე.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელსაც თვალის დაავადებათა მკურნალობის 130 წლიანი ტრადიცია გააჩნია, აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ოფთალმოლოგებითა და ქირურგებით, რომლებიც მუდმივად სთავაზობენ პაციენტებს მკურნალობის უახლეს მეთოდებს. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს ხშირად სტუმრობენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ატარებენ ყველა სირთულის ვიტრეორეტინულ ოპერაციებს და ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებს უზიარებენ გამოცდილებას.

R. 

წაიკითხეთ სრულად