Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა''

,,ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა''

,,ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა, დღეს გამოჯანმრთელდა 603 პირი, სულ გამოჯანმრთელებულია - 11 370. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს,'' - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კოვიდ 19-ის 26 ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 603 პირი. ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში გვაქვს პოზიტიური მოლოდინები ამ კუთხით. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. სამწუხაროდ, 24 საათში 14 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 8 ადამიანი, იმერეთში - 4, ხოლო აჭარაში - 2. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ გვაქვს 215 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 872 შემთხვევიდან თბილისში არის - 913, აჭარაში - 296, იმერეთში - 337, ქვემო ქართლში - 89, შიდა ქართლში - 54, გურიაში - 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 90, კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 692. 3 832 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 969, აჭარაში - 657; დღეის მდგომარეობით, მძიმე პაციენტი გვყავს 401, მათ შორის, თბილისში - 159, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი - მათ შორის, თბილისში - 71, აჭარაში - 23. 2 249 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 216 - აჭარაში, ხოლო 775 - თბილისში; 12 611 პირი მკურნალობის სრულ კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 769 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 748, აჭარაში-1 937.

სულ, 6-25 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 8 503 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 736 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 608 პირი, აჭარაში - 10 910, იმერეთში - 4 105.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. 

წაიკითხეთ სრულად