Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია
საქართველოში დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 49 218-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 289 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 33 459-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 2 , იმერეთში - 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში - 328, იმერეთში - 368, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში - 135, გურიაში - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 280, კახეთში - 70, მცხეთა-მთიანეთში - 31, სამცხე-ჯავახეთში - 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 35.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 198, აჭარაში - 723. მძიმე პაციენტი გვყავს 638, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი - მათ შორის, თბილისში - 150, აჭარაში - 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 682, აჭარაში-1 426.

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 110 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში - 11 423, იმერეთში - 4 177“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

წაიკითხეთ სრულად