Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სწორად წყლის დალევის ფორმულა: თქვენი წონა გაყოფილი 9-ზე, იმდენი 250 გრამიანი ჭიქა დღეში,“ - პედიატრი რუსუდან ჯაში

„სწორად წყლის დალევის ფორმულა: თქვენი წონა გაყოფილი 9-ზე, იმდენი 250 გრამიანი ჭიქა დღეში,“ - პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა იმუნიტეტის გაძლიერების ყველაზე ეფექტიანი მეთოდების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, წყლის დალევა, სწორი კვება და სწორი ძილი ამ მხრივ ყველაზე სასარგებლოა:

„იმუნიტეტს ძირითადად აძლიერებს ეს: ​სწორად წყლის დალევა, სწორი კვება და სწორი ძილი. მნიშვნელოვანია ფეხით სიარული სუფთა ჰაერზე, ვისაც ძილის პრობლემები აქვს, ძილის წინ გასეირნება. არ არის საჭირო, რომ აუცილებლად ვირბინოთ, ფიტნეს კლუბებში ვიაროთ. საკმარისია ფეხით სიარული ჰაერზე. მაინც უფრო კვებაზე შევჩერდები. ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტო ამერიკის ბაზარზე არ უშვებს არცერთ მედიკამენტს და საკვებს, რომელიც უვარგისია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამავე სააგენტოს რეკომენდაციით, ვიტამინების 80 % არ უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, როდესაც ეს არის ვიტამინების კომპლექსი. ჩვენ წინასწარ არ ვიცით ვიტამინების კომპლექსში ჩამოთვლილი უამრავი ვიტამინიდან რომელი გვჭირდება.“

რუსუდან ჯაშის თქმით, ექიმმა კონკრეტული წამლის გამოწერისას მედიკამენტის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს:

„როდესაც ექიმი რაიმე წამალს ნიშნავს, წესით ყველაფერი უნდა იცოდეს ამ წამალზე. ხანდახან დრო არ აქვს ექიმს, ხან რაღაც პრობლემა აქვს, გავამართლოთ ჩვენი ექიმებიც. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ამ დარგში არიან: ექიმი კლინიკური ფარმაკოლოგი და აფთიაქში ფარმაცევტი. როდესაც რაღაცას ვერ იგებთ გვერდითი მოვლენების შესახებ, უნდა მიმართოთ კლინიკურ ფარმაკოლოგს. A ვიტამინის ზედმეტი რაოდენობა სასუნთქი გზებისა და ფილტვის კიბოსთან პირდაპირ კავშირშია. ​ვიტამინი არ არის ისეთი მარტივად მისაღები საშუალება, როგორც ერთმანეთს ვუნიშნავთ ხოლმე. ეს არის ისეთივე სერიოზული წამალი, რომელიც თუ გვჭირდება, სწორი დოზით, ინდივიდუალურად შერჩეული უნდა იყოს თქვენთვის. D ვიტამინზეც არის ლაპარაკი მუდმივად, რომ ყველამ უნდა მიიღოს. აუცილებლად უნდა განისაზღვროს და ინდივიდუალურად შეირჩეს. საქართველოში არის მზე. თუ სწორად იკვებები, სწორად წყალს სვამ, დადიხარ მზეზე, წესით არ უნდა იყოს დეფიციტი.“

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება, რომ ვირუსის გადატანიდან ერთი თვის განმავლობაში ხველა არის ნორმა. ხველა არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია. ეს არ არის საშიში დაავადება. თუ ის ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, თუ მას სხვა ჩივილებიც ახლავს, მაშინ უნდა მიმართოთ ექიმს. პრობლემა იმაშია, რომ ​ჩვენ არ ვიცით სწორად წყლის დალევა. სწორად წყლის დალევის ფორმულაა: თქვენი წონა გაყოფილი 9-ზე, იმდენი 250 გრამიანი ჭიქა დღეში. მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მიიღო სწორად წყალი. 650-700 გრამამდე დილას, გაღვიძებისთანავე, უზმოზე უნდა მიიღო. რაც გროვდება ღამის განმავლობაში, ის ყველაფერი უნდა ჩაირეცხოს. კვება უნდა დაიწყოთ მერე, მისი მიღებიდან 30 წუთში. ა​რავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც წყლის მიყოლება ჭამის დროს და არც წყლის დალევა ჭამის შემდეგ 2 საათი,“ - აღნიშნულ თემებზე რუსუდან ჯაშმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად