Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დღეში 4 ულუფა ბოსტნეული და 3 ულუფა ხილი უნდა მიიღოს ბავშვმა. ჩვენს პაციენტებს კი კვირაშიც არ გამოსდით 4 ულუფა ბოსტნეული'' - ენდოკრინოლოგი სიმაღლეში ზრდის თემაზე

,,დღეში 4 ულუფა ბოსტნეული და 3 ულუფა ხილი უნდა მიიღოს ბავშვმა. ჩვენს პაციენტებს კი კვირაშიც არ გამოსდით 4 ულუფა ბოსტნეული'' - ენდოკრინოლოგი სიმაღლეში ზრდის თემაზე

სიმაღლეში ზრდის თემაზე ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კვარაცხელია საუბრობს. 

მისი თქმით, ბავშვის სიმაღლეში ზრდას გენეტიკასთან ერთად კვებაც განაპირობებს:

,,მნიშვნელოვანია რამდენად დაბალანსებულად, სწორად იკვებება ბავშვი. ლაპარაკია არა მარტო კალორაჟზე, არამედ იმ კალორაჟში როგორია ცილის, ბოსტნეულის და ა.შ წილი. ჩვენი შვილების, პაციენტების, უმრავლესობის პრობლემა არის ბოსტნეულის მირთმევა. ევროპაში არის 4+3-ზე, ანუ დღეში 4 ულუფა ბოსტნეული და 3 ულუფა ხილი უნდა მიიღოს ბავშვმა. ჩვენს პაციენტებს კი კვირაშიც არ გამოსდით 4 ულუფა ბოსტნეული. ჩვენთან ოღონდ რამე ჭამოს ბავშვმა და მისთვის საყვარელ და სასურველ საკვებს ვაწვდით. ხანდახან მშობელს მოჰყავს ბავშვი და ამბობს, რომ მიირთმევს მხოლოდ ლობიოს, ან მხოლოდ ყველს, ან კარტოფილს. ამ დროს მკვეთრად არის სხეულის მასის პრობლემები,'' - აღნიშნავს ენდოკრინოლოგი. 

ნახეთ ვიდეო☝️

წყარო: ,,დილა ფორმულაზე''

წაიკითხეთ სრულად