Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

„არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

„არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს“, - ამის შესახებ გერმანიაში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს:

„10-მილიონიან შვედეთს 376 კორონიანი უწევს ინტენსიურში. ნუთუ ამას ამდენი არითმეტიკა უნდა, რომ, რაც მეტია ინფიცირებული და ნაკლებია ავადმყოფი, მით უფრო მეტია იმუნიტეტი?

ამ ზაფხულში მთელი შვედეთი გადაიტანს ამ დაავადებას. შვედები ითვლიან არა ინფიცირებულს, არამედ ავადმყოფს, ისევე, ზუსტად ისევე, როგორც ეს 2019 წლის მსოფლიო პანდემიის გლოსარში წერია.
არის პანდემია? არა აქვს აზრი „კლასტერების ძიებას“ და ვირუსმატარებლის თვლას, მოახდინე ყველაზე სარისკოს დაცვა და მიხედე ავადმყოფებს.
ნუთუ ასე ძნელია ამის ყველაფრის აღქმა?
მიდის ახლა დიდი ბრიტანეთის გაზეთებში პროპაგანდა, რომ შვედეთს თურმე ყველაზე მაღალი „ახალინფიცირებულის“ რიცხვი აქვსო. „ვირუსმატარებლის“ რიცხვია ეს და ავადმყოფი სხვაა,“ - წერს ექიმი იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი.

წაიკითხეთ სრულად