Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ყველა გარდაცვლილი არის აუცრელი, არც ერთი აცრილი ადამიანი არ მომკვდარა''

,,ყველა გარდაცვლილი არის აუცრელი, არც ერთი აცრილი ადამიანი არ მომკვდარა''

რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია სეიშელის კუნძულებზე ეპიდაფეთქების შესახებ საუბრობს. მის ნათქვამს ​MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

,,როგორ შეიძლება სიმართლის თქმით დეზინფორმაციის გავრცელება - ანუ რა მოხდა სინამდვილეში სეიშელის კუნძულებზე.

სეიშელის კუნძულების მოსახლეობის 60%-ზე მეტი აცრილია ვაქცინის ორი დოზით, თუმცა იქ კოვიდ 19-ს ეპიდაფეთქებაა, ამ მოცემულობას კარგად იყენებენ ანტვაქსერული ინფორმაციების გასავრცელებლად, განსაკუთრებით სიოფარმის (ე.წ. ჩინური) ვაქცინის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა რომ ინფორმაცია მოსახლეობის ვაქცინაციის და ამის პარალელურად ეპიდაფეთქების შესახებ სიმართლეა, ეს არ ნიშნავს რომ ვაქცინა არ მუშაობს, პირიქით!

თუ რატომ პირიქით ახლავე მოგახსენებთ.

სეიშელის კუნძულების ‘’ქეისი’’ კლასიკური მაგალითია სიმართლის თქმით დეზინფორმაციის გავრცელებისა, ანუ იღებ ამბავს და ამ ამბავს ავრცელებ დეტალების გარეშე ან/და მყვირალა სათაურით რაც შეცდომაში შემყვანია.

დეტალები კი შემდეგია:

  •  სეიშელზე აცრილი მოსახლეობის 57% აცრილია სინოფარმით (18დან 60 წლამდე), ხოლო 43% ასტრაზენეკათი (60 წლის ზევით);
  • ახალი შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ერთმანეთის ახლო კონტაქტია;
  • თითქმის ყველა ადამიანი რომელიც მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში არის აუცრელი;
  • ყველა გარდაცვლილი არის აუცრელი, არც ერთი აცრილი ადამიანი არ მომკვდარა;
  • ახალი შემთხვევების 80% არის აუცრელი, მხოლოდ 20% მოდის აცრილი ადამიანების ჰოსპიტალიზაციაზე და არც ერთია კრიტილული ან მძიმე.
ანუ რას რას გვასწავლის სეიშელის ეპიდაფეთქება:

- ვაქცინა მუშაობს;

- რეგულაციების სწრაფი მოხსნის ფონზე არავაქცინირებული ადამიანების დიდი რაოდენობით ტურისტებად მიღება შეიძლება იყოს კატასტროფული შედეგების მომტანი.

ჯანმრთლეობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს არჩილ მარშანია. 


წაიკითხეთ სრულად