Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ექვს თვეზე მეტი ასაკის ბავშვი ღამის თორმეტიდან დილის 6-8 საათამდე არ უნდა იკვებებოდეს,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ექვს თვეზე მეტი ასაკის ბავშვი ღამის თორმეტიდან დილის 6-8 საათამდე არ უნდა იკვებებოდეს,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ წლამდე ასაკის ბავშვებში ჭარბწონიანობის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვის რაციონის კონტროლი მნიშვნელოვანია:

„დედის რძის შემადგენლობის განსაზღვრა იყო ძალიან მოდაში. ეს დავივიწყეთ 20 წელზე მეტია. ​არცერთი დედის რძე ბავშვისთვის არ არის არასასურველი, არ არის მავნე. წლამდე ასაკის ბავშვი თუ ხელოვნურ კვებაზეა, უნდა იყოს განსაზღვრული ამ ხელოვნურ საკვებში რამდენია მოცულობა რძის. თუ ბავშვი დამატებით კვებას იღებს, უნდა განისაზღვროს რა არის კვების ძირითადი შემადგენელი: ბოსტნეულის პიურე თუ ფაფა? თუ ბავშვი დღეში 2-3-ჯერ იღებს ფაფებს და ჭარბი წონა აქვს, ეს ის წონაა, რომელსაც დედა უწყობს ხელს კვებით.“

ივანე ჩხაიძის თქმით, წლამდე ასაკში კვების ფიქსირებული რაოდენობა აუცილებელია:

„კვების ამოგდება არ შეიძლება. ​წლამდე ასაკში ჩვენ ფიქსირებული გვაქვს კვების რაოდენობა. იქ რაოდენობას ვერ ამოიღებ. ექვს თვემდე ბავშვმა საშუალოდ თვეში 800 გრამამდე უნდა მოიმატოს. 6 თვიდან 12 თვემდე ტემპი იკლებს და საშუალოდ 400 გრამია მატება თვეში. ერთი წლის შემდეგ ბავშვმა ყოველ წელს საშუალოდ უნდა მოიმატოს ორი კილოგრამი. წლამდე ასაკში ბავშვმა დღეში უნდა მიიღოს 1 ლიტრი საკვები.“

„ღამით კვება გასუქებისთვის სახიფათოა იმ შემთხვევაში თუ ბავშვს ხელოვნურ საკვებს აძლევთ, აძლევთ ფაფას ან მაწონს ღამით. თუ ძუძუთი კვებაზეა საუბარი, ეს სახიფათო არაა. ღამე არის პაუზის აუცილებლობა. ექვს თვეზე მეტი ასაკის ბავშვი ღამის თორმეტიდან დილის 6-8 საათამდე არ უნდა იკვებებოდეს. ამ პერიოდში უნდა იყოს პაუზა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

qs-არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა-qe-

წაიკითხეთ სრულად