Baby Bag

„ეს არის შხამი ბავშვისთვის, ამ საზიზღრობის რეკლამას მე არ გავაკეთებ,“- გიორგი ფხაკაძე

„ეს არის შხამი ბავშვისთვის, ამ საზიზღრობის რეკლამას მე არ გავაკეთებ,“- გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ბავშვების ხელოვნური კვების საკითხზე ისაუბრა და ძუძუთი კვების უპირატესობებს გაუსვა ხაზი:

„ხელოვნურ კვებაში არის მარტივი მომენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო უხილავი ომი. ის ეწინააღმდეგებოდა დიდ კომპანიებს, რომლებმაც ხელოვნური კვების კომერციალიზაცია გააკეთეს და ფორმულებს აკეთებენ. ეს ერთის მხრივ, კარგია, დედებს და ოჯახებს ეხმარება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელოვნური კვება კარგია, ვიტამინებია. ეს არის ყველაფერი ტყუილი. ამ საზიზღრობის რეკლამას მე არ გავაკეთებ.“

„რაც შეეხება დედებს, მესმის, რომ ძალიან ბევრ დედას ფიზიკურად არ უყვარს ამის გაკეთება, მაგრამ ასევე, ეს კომპანიები მილიონებს ხარჯავენ იმიჯის შესაქმნელად, რომ დედა, რომელიც ხელოვნურ კვებას გამოიყენებს, ის თურმე კარგი დედაა. ახალშობილი რომ იბადება, პედიატრთან მიდიხართ, ის გაძლევთ და გეუბნებათ, რომ ეს არის ძალიან კარგი ფორმულა. ეს არის, შხამს რომ მისცემ ადამიანს და ეუბნები, რომ ეს ძალიან კარგია შენთვის, მოიწამლე და მოწამლე შენი შვილები. თუ „Fake news”-ი გინდათ, ეს არის, რომ ეს „პარაშოკი“ ძალიან კარგია ბავშვისთვის. ეს არის შხამი ბავშვისთვის. დედის ძუძუზე უკეთესი დედამიწაზე არაფერი არ არის გამოგონებული. დედის ძუძუზე გაზრდილი ბავშვი არის უფრო ჭკვიანი. ეს არის დამტკიცებული და ეს არის ფაქტი. თუ თქვენი ბავშვი ხელოვნურ საკვებზეა გაზრდილი და ჭკვიანია, წარმოიდგინეთ, დედის ძუძუზე რომ ყოფილიყო, რა ჭკვიანი იქნებოდა. დასკვნები თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, რომ დაღლილ დედას ან დაღლილ მამას არ ვუყვარვარ... დაღლილზეც შეიძლება, რომ სიყვარული გასცე,“- ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობელსა და ბავშვს შორის ინტერაქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„თუ მშობელი გასულია და მთელი დღე არ არის ბავშვთან, მე ვურჩევდი, რომ თუნდაც ტელეფონით ჰქონდეს ურთიერთობა, დაურეკოს, მოიკითხოს. ჩემი შვილი ხშირად ურეკავს მამას და სიგიჟემდე მიყვარხარო, ეუბნება. თვითონ აკეთებს ამას. მამაც, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს რომ მოისმენს შვილისგან, სულ რომ ჩაკეტილი ჰქონდეს გული, ეს ძალიან გაუხარდება. ბავშვი თუ მშობელთან ღიაა, მშობელიც სწავლობს მისგან ამ ღიაობას. ყველა ბავშვი ხომ მეტად თავისუფალია და ეს თავისუფლება, შეიძლება ბავშვისგან ისწავლოს მშობელმა.

რაც შეეხება თამაშის წესებს და რიტუალს, რაც უნდა დაღლილი მოვიდეს მშობელი სახლში, თუ ბავშვს იმ ემოციას გადასცემს, რომ მისი ნახვა გაუხარდა, ეს მნიშვნელოვანია. დაღლილმაც შეიძლება რაღაც ეთამაშოს ბავშვს, წამოწვეს და ითამაშონ. ბავშვები გიჟდებიან, როდესაც ვითომ აწვალებენ მშობელს თამაშ-თამაშით. მთავარია მათი ინტერაქცია და ურთიერთობა. არ არის აუცილებელი, ეს თამაში იყოს ის, რომ მაინდამაინც კუბიკები ააშენონ.

ბავშვის მთავარი ბაზისური მოთხოვნილება არის, რომ მიიღოს ყურადღება, აღიარონ. ამის გაკეთება არ არის რთული, როდესაც შენც გიხარია ბავშვის ნახვა. ბავშვის წესებით თამაშს რაც შეეხება, ეს ძალიან კარგია, რადგან ბავშვი გრძნობს, რომ ის მნიშვნელოვანია. დედა, მამა და ბავშვი ერთად - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი! ეს ბავშვისთვის იმხელა ძალის მიმცემია, როდესაც ამ მთლიანობას განიცდის ბავშვი. სხვანაირად ბედნიერები არიან ბავშვები, როდესაც ამ ერთობას გრძნობენ. ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, რომ დაღლილ დედას არ ვუყვარვარ, დაღლილ მამას არ ვუყვარვარ. დაღლილზეც შეიძლება, რომ სიყვარული გასცე,“- მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“

წაიკითხეთ სრულად