Baby Bag

„ეს არის შხამი ბავშვისთვის, ამ საზიზღრობის რეკლამას მე არ გავაკეთებ,“- გიორგი ფხაკაძე

„ეს არის შხამი ბავშვისთვის, ამ საზიზღრობის რეკლამას მე არ გავაკეთებ,“- გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ბავშვების ხელოვნური კვების საკითხზე ისაუბრა და ძუძუთი კვების უპირატესობებს გაუსვა ხაზი:

„ხელოვნურ კვებაში არის მარტივი მომენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო უხილავი ომი. ის ეწინააღმდეგებოდა დიდ კომპანიებს, რომლებმაც ხელოვნური კვების კომერციალიზაცია გააკეთეს და ფორმულებს აკეთებენ. ეს ერთის მხრივ, კარგია, დედებს და ოჯახებს ეხმარება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელოვნური კვება კარგია, ვიტამინებია. ეს არის ყველაფერი ტყუილი. ამ საზიზღრობის რეკლამას მე არ გავაკეთებ.“

„რაც შეეხება დედებს, მესმის, რომ ძალიან ბევრ დედას ფიზიკურად არ უყვარს ამის გაკეთება, მაგრამ ასევე, ეს კომპანიები მილიონებს ხარჯავენ იმიჯის შესაქმნელად, რომ დედა, რომელიც ხელოვნურ კვებას გამოიყენებს, ის თურმე კარგი დედაა. ახალშობილი რომ იბადება, პედიატრთან მიდიხართ, ის გაძლევთ და გეუბნებათ, რომ ეს არის ძალიან კარგი ფორმულა. ეს არის, შხამს რომ მისცემ ადამიანს და ეუბნები, რომ ეს ძალიან კარგია შენთვის, მოიწამლე და მოწამლე შენი შვილები. თუ „Fake news”-ი გინდათ, ეს არის, რომ ეს „პარაშოკი“ ძალიან კარგია ბავშვისთვის. ეს არის შხამი ბავშვისთვის. დედის ძუძუზე უკეთესი დედამიწაზე არაფერი არ არის გამოგონებული. დედის ძუძუზე გაზრდილი ბავშვი არის უფრო ჭკვიანი. ეს არის დამტკიცებული და ეს არის ფაქტი. თუ თქვენი ბავშვი ხელოვნურ საკვებზეა გაზრდილი და ჭკვიანია, წარმოიდგინეთ, დედის ძუძუზე რომ ყოფილიყო, რა ჭკვიანი იქნებოდა. დასკვნები თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

უახლესი კვლევის შედეგები: ბავშვების 50%-ს სპორტული უნარების მნიშვნელოვანი დეფიციტი აქვს

უახლესი კვლევის შედეგები: ბავშვების 50%-ს სპორტული უნარების მნიშვნელოვანი დეფიციტი აქვს
უახლესი კვლევების თანახმად, ყოველწლიურად მატულობს იმ სკოლის მოსწავლეების რიცხვი, რომლებსაც სპორტული უნარები ნაკლებად აქვთ განვითარებული. როგორც წესი, მოზარდებს სირბილი უძნელდებათ, მათ ბურთის ხელით ან ფეხით სროლაც უჭირთ და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის შესრულებისას გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან.

ბავშვებში ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგიების შემუშავების პარალელურად, პატარების სპორტული უნარების შეფასება და კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც აღმოჩნდა, 5-დან 12 წლამდე ასაკის ყოველი ოთხი ბავშვიდან ერთს ნორმალურად სირბილი არ შეუძლია, ყოველი ორი ბავშვიდან ერთს კი ბურთის ფეხით სროლა უძნელდება, ხოლო ყოველი ხუთი ბავშვიდან ერთი ბურთის სროლას ხელითაც ვერ ახერხებს.

დუბლინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მოძრაობის ბაზისური უნარების (სირბილი, ხტუნვა, დარტყმა) განვითარება 10 წლის ასაკიდან გარკვეულ შეფერხებებს განიცდის. 2000 ბავშვზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ პატარებს მოძრაობის ფუნდამენტური უნარები ნაკლებად აქვთ განვითარებული. აღნიშნული უნარების სათანადოდ განვითარების გარეშე ფიზიკური აქტივობების სრულფასოვნად განხორციელება შეუძლებელია.

კვლევაში მონაწილე ბავშვებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვა და საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება ევალებოდათ. მოტორული უნარების შესაფასებლად მკვლევარები ბავშვებს ხტუნვას, ცოცვას, ცეკვას, სირბილს და სხვა სახის მოძრაობების შესრულებას ავალებდნენ.

სხეულისა და მოძრაობის კონტროლის უნარის შესაფასებლად კი ბავშვებს ბურთის დაჭერა, დრიბლინგი და წრეზე სირბილი ევალებოდათ. კვლევაში მონაწილე მოსწავლეებს ვერტიკალურად ხტუნვასაც ავალებდნენ, რათა შეემოწმებინათ, რამდენად ჰქონდათ მათ ბალანსირებული მოძრაობის შესრულების უნარი.

მოძრაობის ბაზისური უნარები ბავშვებს 8 წლის ასაკში განვითარებული უნდა ჰქონდეთ, თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, აღნიშნული უნარების განვითარებას ბავშვები 10 წლის ასაკშიც კი ვერ ახერხებენ. მკვლევარები თვლიან, რომ კვლევის შედეგები საგანგაშოა და აღნიშნული პრობლემის გადასალახად გარკვეული ზომების მიღება აუცილებელია. თუ ბავშვები მოძრაობის ფუნდამენტურ უნარებს დროულად ვერ განივითარებენ, მათ სპორტულ აქტივობებში ჩართვის სურვილი აღარ გაუჩნდებათ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მოტორული უნარების განვითარების მხრივ ბიჭები და გოგონები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ბურთის სროლისა და დაჭერის უნარები ბიჭებს უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე გოგონებს, ამასთან გოგონები სხეულის კონტროლს და ბალანსის შენარჩუნებას უკეთ ახერხებენ, ვიდრე ბიჭები.

„ბავშვებს, რომლებსაც ბაზისური სპორტული უნარები არ აქვს განვითარებული, ვერ მოვთხოვთ სერიოზული სპორტული აქტივობებით დაკავებას. თუ მათ მოძრაობის ფუნდამენტური უნარების განვითარებაში არ დავეხმარებით, ისინი ფიზიკური აქტივობებით დაკავებას ნაკლებად მოისურვებენ. მათ თავდაჯერება არ ეყოფათ, რომ ახალი აღმოჩენები გააკეთონ და სპორტით სერიოზულად დაინტერესდნენ.“ - ნათქვამია კვლევის ორგანიზატორების ოფიციალურ განცხადებაში.

მკვლევარები თვლიან, რომ ბავშვებში ჭარბწონიანობის და ფიზიკური აქტივობებისადმი გულგრილობის პრობლემის აღმოფხვრა მათი მოძრაობის უნარების სრულფასოვნად განვითარების გარეშე შეუძლებელია. მათი თქმით, ბავშვებს სპორტის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და ცნობიერების ამაღლებაში დავეხმაროთ. მკვლევარების აზრით, აუცილებელია, რომ ჩვენს შვილებს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესისკენ მოვუწოდებდეთ, რაც მათ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მათი თქმით, კვლევის შედეგები საყურადღებოა და ბავშვების სპორტული უნარების განვითარებაზე ზრუნვა დროულად უნდა დავიწყოთ. 

მომზადებულია irishexaminer.com-ის მიხედვით

თაგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად