Baby Bag

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

შეიძლება დაინტერესდეთ

აუცილებელია მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე

აუცილებელია მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდ 19-ის მართვის პროცესში არსებულ გამოწვევები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად მოისმინა სფეროს ექსპერტების პოზიციები ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე. საუბარი შეეხო, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე - ოჯახის ექიმთან კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა სამედიცინო მეთვალყურეობა.

შეხვედრაზე ერთობლივად აღინიშნა, რომ მობილობის შემცირების მიზნით საჭიროა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები. აქვე ხაზი გაესვა, რომ საუბარი არ ეხება საყოველთაო „ლოკდაუნს“.

ასევე კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციას უწყობს ხელს.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი, ექიმები - გიორგი გოცაძე და ზურაბ გურული. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შვეიცარიიდან შეუერთდა გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ასევე - ესტონეთში მოღვაწე ექსპერტი ზაზა წერეთელი.

წაიკითხეთ სრულად