Baby Bag

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

შეიძლება დაინტერესდეთ

კარგი სიახლეები COVID-19-ის ახალ შტამზე

კარგი სიახლეები COVID-19-ის ახალ შტამზე

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე COVID-19-ის ახალ შტამზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი შტამი, ჯერ კიდევ სექტემბერში ფიქსირდებოდა:

„საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეა ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილში დაფიქსირებულია კოვიდის ახალი შტამი. ამ ახალ შტამზე კი წერს მედია, რომ დეკემბერში აღმოჩნდაო, მაგრამ რეალურად დეკემბერში არ აღმოჩენილა. ეს შტამი ჯერ კიდევ სექტემბერიდან ფიქსირდებოდა. უბრალოდ დეკემბრის პერიოდში გახდა უფრო დომინანტური შტამი დიდ ბრიტანეთში. ერთ-ერთი გამოკვლევის დროს, როცა შეისწავლეს ვირუსის ნუკლეინის მჟავა, ნახეს, რომ თურმე ახალი შტამი ყოფილა და ამ ინფორმაციამ შეაშფოთა საზოგადოება. ჯერჯერობით არაა ასე ფართოდ გახმაურებული, მაგრამ კიდევ ერთი ახალი შტამია აღმოჩენილი, ეს არის სამხრეთ აფრიკის შტამი, ალბათ ამ დღეებში იტყვიან ამის შესახებაც ტელევიზიები. სამხრეთ აფრიკის შტამი და დიდი ბრიტანეთის შტამებია ახლა დომინანტი შტამები, რომლებმაც წინა ხაზზე წამოიწიეს,“ - საუბრობს ექიმი.

გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის აგებულებას ხსნის და მოსახლეობას COVID-19-ის ახალ შტამზე ისეთ სიახლეებს აწვდის, რომლებიც პანიკის საფუძველს არ მისცემს:

„თუ თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ კოვიდინფექცია, მიუხედავად იმისა, რომ არის ახალი შტამები (დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ აფრიკის), ისინი ჩვენს ორგანიზმზე ვერ იქონიებენ გავლენას. მართალია, ეს ვირუსი ვრცელდება უფრო სწრაფად, მეტად გადამდებია, მაგრამ ის არ იწვევს მძიმე ინფექციებს, ჯერჯერობით ასე ჩანს (რადგან იგივე რჩება ვირუსის საერთო აგებულება). ის ვაქცინებიც, რომლებიც ახლა შეიქნა, 99%-იანი ალბათობით კვლავ აღმოჩნდება ეფექტური ამ შტამების წინააღმდეგ და რომც არ აღმოჩნდეს ეფექტური (ამის თეორიული ალბათობა 1%-ია), 6 კვირაში მაინც შეიქმნება ახალი ვაქცინა, ამიტომ ისევ მოხდება ამ ვირუსის განეიტრალება ძალიან მარტივად,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

დასასრულს ექიმი მოსახლეობას რჩევებს აძლევს:

„კორონავირუსი ორგანიზმში რჩება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ, როცა ადამიანის იმუნური სისტემა არის დაქვეითებული, შეიძლება ვირუსის რამდენიმე კვირის, თვის განმავლობაშიც დარჩეს. ამიტომაც არის, რომ იმ პაციენტებში ხდება კორონავირუსის მუტაციები, რომელთა იმუნური სისტემაც არის დათრგუნული. ჩემი რჩევა იქნება, რომ არ ინერვიულო, შეხვდი ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად. მერე რა, რომ ახალი შტამებია, ჩვენი სხეული მაინც ახერხებს მათთან გამკლავებას ძალიან მარტივად. შეიქმენი პოზიტიური განწყობა, ნუ ინერვიულებ, ნუ შეიქმნი სტრესით ხელოვნურ იმუნოდეფიციტს. არანაირი რეინფექციის რისკი ამ ახალი შტამისგან ჯერჯერობით არ არსებობს“, - დასძენს გიორგი ღოღობერიძე.

წაიკითხეთ სრულად