Baby Bag

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მუცელზე წოლა ერთ-ერთი არასასურველი პოზაა, ამ დროს ზეწოლა ხდება სისხლძარღვებზე,“ - თერაპევტი ლია ჭანტურიძე

„მუცელზე წოლა ერთ-ერთი არასასურველი პოზაა, ამ დროს ზეწოლა ხდება სისხლძარღვებზე,“ - თერაპევტი ლია ჭანტურიძე

თერაპევტმა ლია ჭანტურიძემ სხვადასხვა პოზიციაში ძილის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე გავრცელებული პოზიცია ზურგზე წოლაა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო პოზად ითვლება ხერხემლისთვის:

„ყველაზე გავრცელებული პოზიცია არის ზურგზე წოლა, როდესაც ადამიანი წევს ზურგზე, გამართული ხელებით და ფეხებით. ის განიხილება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პოზა ხერხემლისთვის. ეს კისრისთვის და მხრებისთვის არის კარგი დასვენება. ამ დროს უმჯობესდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა, რაც ამცირებს თავის ტკივილის რისკს. ქალბატონებისთვის არის ეს საინტერესო, რადგან აუმჯობესებს მკერდის სიმკვრივეს. ეს პოზა კურნავს უძილობას.​ ამ პოზას აქვს თავისი გვერდითი მხარეები. შეიძლება, გამოიწვიოს წელის ტკივილი. ამის შესამსუბუქებლად შეგვიძლია ბალიში გამოვიყენოთ და მუხლების ქვეშ ამოვიდოთ. ასეთი პოზა ამწვავებს ხვრინვას, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აწუხებს ძილის აპნოე. მათთვის სასურველია გვერდზე წოლა. მათთვის ვისაც აქვს რეფლუქს ეზოფაგიტი, ზურგზე წოლა არ არის რეკომენდებული.“

ლია ჭანტურიძის თქმით, ხერხემლისთვის კიდევ ერთ საუკეთესო პოზად ე.წ. „მორის პოზა“ ითვლება:

„არის ასეთი „მორის პოზა.“ ეს არის გვერდზე წოლა, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, გამართული ფეხებით და ხელებით. ესეც განიხილება, როგორც ერთ-ერთი იდეალური პოზა ხერხემლისთვის. ის აგვაცილებს ზურგის, კისრის და თავის ტკივილს. ამ პოზასაც აქვს თავისი გვერდითი ეფექტები. ის იწვევს ტკივილს ბარძაყის და მხრის მიდამოში, რადგან ხდება ხანგრძლივი ზეწოლა. ამის შესამსუბუქებლად შეგვიძლია ბალიში ამოვიდოთ თეძოს ქვეშ, ფეხებს შორის. გვერდით როდესაც ვწევართ,​ ამ დროს თავის ტკივილები არ არის, თუ, რა თქმა უნდა, კომფორტული ბალიში გვაქვს. სასურველია ანატომიური ბალიში გამოვიყენოთ, რომელიც შეავსებს ადგილს კისერსა და საწოლს შორის, რაც აგვარიდებს თავის ტკივილს. გვერდზე წოლამ შეიძლება გაგვიჩინოს ნაოჭები სახეზე, გამოიწვიოს ცალი მკერდის დეფორმაცია. გვერდზე წოლა იდეალური პოზაა ორსულებისთვის. ამ დროს ნაყოფის სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ის ხვრინვას ამცირებს, ამიტომ სასურველია, ვიწვეთ გვერდზე.“

ლია ჭანტურიძემ ემბრიონის პოზაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ასეთ პოზიციაში ძილი კომფორტულია ორსული ქალბატონებისთვის:

„ემბრიონის პოზაც გვერდზე წოლაა. ამ დროს მუხლები და ხელები უფრო მოხრილი გვაქვს. ეს პოზაც კარგია ზურგისთვის. ​ის ამცირებს რეფლუქსს, ხვრინვას, კომფორტულია ორსულებისთვისაც. ამ პოზასაც ახასიათებს მკერდის დეფორმაცია, შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი.“

„მუცელზე წოლა ერთ-ერთი არასასურველი პოზაა. ეს მთლიანად ხერხემლისთვის არის დატვირთვა. როდესაც ვწევართ მუცელზე, თავი შეტრიალებული გვაქვს ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. ​ამ დროს ზეწოლა ხდება სისხლძარღვებზე, რომლებიც გაივლის ხერხემლის მალებს შორის. სისხლი კარგად არ მიედინება თავისკენ, კვება ვერ ხდება კარგი, დილით ვიღვიძებთ თავის ტკივილით. შეიძლება გავიღვიძოთ შეშუპებით, რადგან ვენური სისხლის უკუდინებაც არ ხდება კარგად. განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული ასეთი ძილი ადამიანებში, რომლებსაც აქვთ სისხლძარღვების პრობლემები, ათეროსკლეროზი და ოსტეოქონდროზი,“ - აღნიშნულ საკითხზე ლია ჭანტურიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად