Baby Bag

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღევანდელი მშობლები გულუბრყვილოები არიან ბავშვებთან მიმართებაში უსაფრთხოების თვალსაზრისით,“ - თამარ გაგოშიძე

„დღევანდელი მშობლები გულუბრყვილოები არიან ბავშვებთან მიმართებაში უსაფრთხოების თვალსაზრისით,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია, შვილების ქცევებს ყურადღებით დააკვირდნენ და ბავშვთან ურთიერთობაში ზედმეტი გულუბრყვილობა არ გამოიჩინონ:

​ჩვენ ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ჩვენ ვერც წარმოგვიდგენია, რა ფანტაზიები შეიძლება ჰქონდეს ბავშვს. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, ის რაზე შეიძლება იყოს წამსვლელი. ასეთი გულუბრყვილოებიც ნუ ვიქნებით. „ჩემი შვილი ამას არ ჩაიდენდა,“ ეს უბრალოდ ჩვენი საკუთარი თავის დაცვაა. ეს ჩვენი დაცვის სტრატეგიაა. თუ ჩვენ აღმოვაჩინეთ რაღაც ისეთი, რაც ჩვენთვის იყო მოულოდნელი, მით უმეტეს, მოგვიწევს კარგად დაკვირვება ჩვენს შვილზე. აუცილებელია იმ მიზეზების გარკვევა, ამ გარეგნული ქცევის მიღმა რა ხდებოდა.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვი ნეგატიური ქცევის მიზეზებს მშობელს ხშირად ვერ უხსნის, რის გამოც აუცილებელია, რომ მშობელი ყურადღებით იყოს და ბავშვს დააკვირდეს:

„ბავშვი მიზეზებს არ გეტყვით. შეიძლება, ის ამას არც აცნობიერებს. იმიტომ კი არა, რომ ის არ ამბობს, ვერ გეტყვით, ვერ აგიხსნით. ამიტომ ​ჩვენ მოგვიწევს ბავშვზე დაკვირვება. სანამ ფსიქოლოგამდე მივალთ, ჩვენ თვითონ კარგად უნდა დავაკვირდეთ. ჩვენი ემოციებით კი არ უნდა ვიხელმძღვანელოთ მის მიმართ: „როგორ გამიბედა?! ეს როგორ მოუვიდა თავში?!“ ყველაფერი შეიძლება თავში მოგვივიდეს და ყველაფერი შეიძლება გავბედოთ, თუ გაგვაბედინებს ჩვენი შუბლის წილი.“

„ჩემი დაკვირვებით, დღევანდელი მშობლები ცოტა გულუბრყვილოები არიან ბავშვებთან მიმართებაში უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბავშვის პერსონალური უსაფრთხოებით თვალსაზრისითაც, ბავშვის სექსუალური აღზრდის თვალსაზრისითაც. მეჩვენება, რომ ძალიან გულუბრყვილოები არიან. არ შეიძლება თავში მოუვიდეთ ისეთი რაღაცები, რაც ბებიაჩემს მოუვიდოდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ​პატარა ბავშვებს აქვთ სოციალური ქსელი ან თავისი პატარა შვილების რაღაცნაირ სურათებს დებენ. არ არის ეს მიზანშეწონილი. ძალიან ბევრი ცუდი მოტივაციის ადამიანია ჩვენ გარშემო. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ეს რეალობაა. ბავშვები არ არიან დაცულნი ამ რაღაცებისგან. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რას უყურებენ ჩვენი შვილები, ჩვენ გარეშე რას უყურებენ, სად შედიან, რას აკეთებენ. ყველაფერი ხდება მიბაძვით. ბავშვები არიან კარგი მიმბაძველები. მათ აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა და ინფორმაცია, ამიტომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება გააკეთონ მიბაძვით, ძალიან ბევრი რამ შეიძლება გააკეთონ ცნობისმოყვარეობით. ამიტომ, ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად