საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 21-23 დეკემბერს თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალს გამართავს.
ასოციაციის ცნობით, წიგნის მოყვარულებს ბევრი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ.
„მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი გელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ძველ და ახალ გამოცემებს,“ - წერია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადებაში.
ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას. საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.
ფესტივალი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.