Baby Bag

„ბავშვს მშობლების საწოლში არ უნდა ეძინოს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვს მშობლების საწოლში არ უნდა ეძინოს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

​​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის მშობელთან ერთად ძილის ჩვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 3-4 წლამდე ასაკის ბავშვს მშობლის საძინებელში უნდა ეძინოს, მაგრამ არა - მის საწოლში:

„რეცეპტები არ მიყვარს, ვითარებას გააჩნია. ზოგადი რეცეპტი არ მუშაობს. კულტურასაც გააჩნია. ადრე დოქტორ სპოკის წიგნი იყო გავრცელებული. ვერ ვიტანდი იმ წიგნს. მასში ეწერა, რომ პატარა ჩვილ ბავშვს ცალკე ოთახში უნდა ეძინოს და გასკდეს ტირილით. ეს არის აბსურდი, მაგრამ 4-5 წლის ასაკის ბავშვი მშობლის საწოლში რატომ უნდა იძინებდეს, ამასაც ვერ ვიგებ.“

თამარ გაგოშიძის თქმით, 3-4 წლის ბავშვს, რომელიც დედასთან ძილს არის მიჩვეული, ამას სწრაფად ვერ გადავაჩვევთ:

„3-4 წლის ასაკში ბავშვი დედასთან ძილს რომ არის მიჩვეული, იმას ასე უცბად ვერ გამოაწეპებ, ამიტომ ჩვილი ბავშვი აუცილებლად მშობელთან ერთად უნდა იყოს, მშობლის საძინებელში. 3-4 წლამდე ბავშვი მშობლის საძინებელში უნდა იყოს, მაგრამ მშობლის საწოლში არ უნდა იყოს. თავიდანვე ასე უნდა მივაჩვიოთ ბავშვი, რომ იქვეა მშობელი და მის საჭიროებას აუცილებლად დააკმაყოფილებს, რომ ბავშვს შფოთვა არ ჰქონდეს. ბევრ მშობელს უთქვამს ჩემთვის და ვერც გაამტყუნებ, რომ ღამე უნდა ადგე, გირჩევნია შენთან იყოს, ​იმასაც ურჩევნია, რომ შენთან იყოს და ასე ეჩვევა ბავშვი. არც ეს არის დიდი კატასტროფა, მაგრამ თადარიგი უნდა დავიჭიროთ, რომ 4 წლისთვის ცალკე საწოლში იწვეს ბავშვი და 6 წლისთვის ცალკე ოთახში, ან ცალკე საწოლში აუცილებლად უნდა იყოს.“

„ჰიგიენური თვალსაზრისითაც არ არის მიზანშეწონილი, რომ პატარა ბავშვს მშობლების საწოლში ეძინოს. ძალიან ხშირია ჩვენს კულტურაში ეს. თავიდანვე ნელ-ნელა, ისე, რომ ბავშვმა არ მიიღოს სტრესი, ეს უნდა განვახორციელოთ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

არ დაგავიწყდეთ !!!

თუ მშობელი ხარ და ჩვილის პროდუქტებზე აფთიაქებში მუდმივად ფასდაკლებებს ელოდები, მაშინ Baby Bag-ის ეს საბავშვო ჩანთა შენთვისაა. Დაგვემატე ჯგუფში და გაიგე სიახლეები - Baby Bag

„ბავშვი რომ ტირის და მშობელს ვურჩევთ: ხელში არ აიყვანო და ცალკე დააძინე, ეს არ არის რეცეპტ...
​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში გავრცელებული შიშების შესახებ ისაუბრა და მშობლებს მარტო დაძინების შიშის მქონე ბავშვებთან საჭირო მიდგომები გააცნო:„ამერიკულ კულტურაში მიღებულია, რომ ბავშვი ერთ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად მშობელი ნაცვლად იმისა, რომ ბავშვის ემოციის დატევა მოახერხოს, იწყებს მის შერცხვენას,“ - ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა

ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვებში სტრესის გამოვლენის თავისებურებებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ პატარებს სტრესთან დამოუკიდებლად გამკლავება უჭირთ და მშობლებისგან მხარდაჭერას საჭიროებენ. მაია ცირამუას თქმით, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის შერცხვენა მიუღებელია:

„ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან ბავშვის მხარდაჭერა. არ არის საჭირო კრიტიკა. ხშირად არის ხოლმე, როდესაც ბავშვს ეშინია, მშობელი, ნაცვლად იმისა, რომ მისი ემოციის დატევა მოახერხოს და იყოს მისი მხარდამჭერი, იწყებს ბავშვის შერცხვენას. ის შვილს ეუბნება: „რისი გეშინია? შენ ხომ უკვე დიდი ხარ, შენ ხომ ვაჟკაცი ხარ!“ ეს არის ბავშვის ემოციური საჭიროებების უგულებელყოფა.

მაია ცირამუა აცხადებს, რომ სტრესი ბავშვებში სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და კოგნიტურ უნარებზეც. ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, რომელიც ბავშვს ამ დროს აწუხებს, ძილის დარღვევაა:

„ბავშვს ერღვევა ძილი. ძილის დარღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკერი. რომლითაც ბავშვი გვაძლევს სიგნალს, რომ მისი ემოციური ცხოვრება აღარ არის ისეთი სტაბილური. სტრესის დროს კოგნიტური ფუნქციონირების გარკვეულწილად შეზღუდვა ხდება. აქ არის კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, დასწავლის უნარის დაქვეითება, რაც, საბოლოო ჯამში, ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება ხოლმე.“

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს ამ დროს, როგორ ამოიცნოს ნიშნები და შემდეგ ამ ნიშნებზე რა რეაქცია ჰქონდეს,“ - აცხადებს მაია ცირამუა.

წყარო: ​დილა მშვიდობისა საქართველო

წაიკითხეთ სრულად