Baby Bag

​„უარი აკრძალვათა სისტემაა, ამიტომ სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ეს,“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

​„უარი აკრძალვათა სისტემაა, ამიტომ სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ეს,“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

უარის თქმის და ბავშვებთან კონფლიქტური სიტუაციების აცილების ხერხებზე ​MomsEdu.ge - ს პედაგოგი და ფსიქოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის დამნერგავი საქართველოში შალვა ამონაშვილი ესაუბრა. 

- რას ნიშნავს ბავშვის გონებაში მშობლისგან უარის თქმა?

- საერთოდ ჩვენ ბევრი სურვილი და მოთხოვნილება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ზოგჯერ არის შესაძლებლობა ამის დაკმაყოფილების და ზოგჯერ-არა. ჩვენ, დიდებს, როდესაც სურვილები გვაქვს ან ვიცით, რომ ეს უნდა ავისრულოთ, ან ვხვდებით, რომ ამის ასრულება არ შეიძლება ან საჭირო არაა, მაგრამ ბავშვები ასე გონივრულად სურვილებს ვერ აკრძალავენ ხოლმე. როდესაც ბავშვს რამე უნდა, ის შეპყრობილია თავისი სურვილით და მას არ ესმის სწორია თუ არა ამის აღსრულება. ჩვენ, რაც უნდა ლოგიკურად დავუსაბუთოთ, რომ ამ სურვილის შესრულება არაა კარგი, თავისი აქტუალური მოთხოვნილების გამო უარს ადვილად ვერ ნებდება. ამიტომ გვიხდება ხოლმე კონფლიქტი, თუ არ ვიცით როგორ დაველაპარაკოთ ბავშვს ან რა გზასა და ხერხს მივმართოთ, რომ ბავშვისთვის უარი არ გადაიზარდოს კონფლიქტში. ეს კი ძალიან ხშირად ხდება.არც მშობლებს უნდათ, რომ დრო დაკარგონ ბავშვის მოთხოვნილებების შესრულებაზე. ხანდახან ჩვენც ვიცით ხოლმე გაუცნობიერებლად უარის თქმა ისეთ რამეზე, რაც შეიძლება სულაც არაა ცუდი, პირიქით-კარგიცაა, მაგრამ რაკი ვთქვით არა, აღარ გადავალთ ამ სიტყვას. უარი აკრძალვათა სისტემაა, ამიტომ სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ეს.

- როგორ ვუთხრათ ბავშვს უარი ისე, რომ ბავშვისთვის საკმარისი იყოს ეს და ამავდროულად არ იყოს კატეგორიული?

- უნდა ვერიდოთ მაქსიმალურად არას თქმას. ის ვინც უკრძალავს ღარიბდება და ის, ვინც გასცემს მდიდარიაო. რაც უფრო მეტს ავუკრძალავთ ბავშვს, მით უფრო მეტად შევზღუდავთ მის ცხოვრებას, მის ყოფას და განვითარებას. ამრიგად, ბავშვს არაფერი უნდა ავუკრძალოთ, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ბავშვმა თავისი ისეთი მოტხოვნილებები, რომელთა აღსრულება არ შეიძლება დაგვითმოს და არ შეგვებრძოლოს, არ ატირდეს. როგორ შეიძლება ბავშვს უარი ვუთხრათ? როცა ვიცით, რომ ბავშვმა რაღაც მოთხოვნა შეიძლება წამოგვიყენოს და ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ, წინასწარ შევამზადოთ ამისთვის. ამით ბავშვს განწყობას ვუქმნით, რომ არ შექმნას კონფლიქტი მაშინ, როდესაც მასში რაღაცა მოთხოვნილება აღიძვრება. მაგალითად გარეთ გასვლის წინ, როდესაც ვიცით, რომ ის, ვიტრინაში სათამაშოების დანახვისას, შეიძლება აგვიტყდეს, რომ ვუყიდოთ, წინასწარ სახლიდან გასვლის წინ ვუთხრათ, რომ მე არ შემიძლია ეს დაგიკმაყოფილო, ამიტომ ძალიან გთხოვ თავი შეიკავო ამისაგან, რომ ბავშვმა მოთხოვნები არ წამოგვიყენოს გზაში. ასეთ დროს ბავშვი უფრო თავშეკავებულია და თვითონ ზღუდავს თავის მოთხოვნებს. თუ ამ შემზადების მიუხედავად მაინც მოხდა ასეთი რამ და მაინც მოითხოვა რამე, ვთხოვოთ და გარკვეული საზღვრები დავუწესოთ, ასევე შეგვიძლია გავახსენოთ წინა დღეებში მომხდარი და ისევ ვთხოვოთ, რომ იქნებ დღესაც ასე არ მოხდეს. ასე, ნელ-ნელა ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ დათქმული სიტყვა შეასრულოს.

- გვითხარით რამდენიმე ხერხი, რომელსაც უარის ნაცვლად გამოვიყენებთ?

- არის ე.წ. ყურადღების გადატანის მეთოდი, როცა ვიცით, რომ ბავშვს რაღაც მოუნდება და სურვილი გაუჩნდება, ან სულაც გაუჩნდა ეს სურვილი და უნდა აგვიტყდეს და წარმოიქმნას კონფლიქტი, მისი ყურადრება რაღაც მოულოდნელი ამბით უნდა გადავიტანოთ. ასე ბავშვის ყურადღება მოსწყდება თავის სურვილს და სხვა რამეზე გადაიტანს. გარდა ამისა, როცა ბავშვი რამეს გვთხოვს, დავფიქრდეთ, იქნებ არცაა ცუდი რასაც გვთხოვს და პირიქით, ვუთხრათ: უი, რა კარგი რამ მოგიფიქრებია. ზოგმა მშობელმა მარტო უარის თქმა იცის. ბავშვმა უნდა იცელქოს, რომ განვითარდეს და წინ წავიდეს, ამრიგად შევხედოთ ბავშვის სურვილს, იქნებ თვითონაც უნდა ჩავერთო ამ საქმიანობაში, რომ ბავშვს უხილავი მიმართულება მივცეთ, ასეთი ჩარევები ამსუბუქებს ურთიერთობებს.

- როგორ ჩავანაცვლოთ აკრძალვა და კატეგორიულობა მშობლის და ბავშვის საერთო სურვილამდე მისვლით?

- უარის თქმასაც სჭირდება სიმშვიდე, სიმშვიდეში უნდა უთხრას უარი და შევიდეს ბავშვის მდგომარეობაში. უნდა უთხრას ბავშვს, რომ მასაც უნდა, რომ ამის ნება მისცეს, მაგრამ სხვა გზა არაა. დახმარება უნდა სთხოვოს და უთხრას, ის რომ ყოფილიყო დედა ან მამა და ასეთი სიტუაცია ჰქონოდა, როგორ მოიქცეოდა. თუ მშობელი სულ უარზეა და აკრძალვებს უყენებს ბავშვს, ამას აკრძალვათა პედაგოგიკა ჰქვია და შედეგი არ მოაქვს. ბავშვი ხედავს, როგორ იქცევიან დედა და მამა ოჯახში, რას იცავენ, რას უფრთხილდებიან. ამ ყველაფერს აღიქვამენ ისინი.როგორ ექცევიან ისინი ნივთებს, ერთმანეთს და ახლობლებს. უნდა ხედავდნენ, როგორ ამბობენ უარს მშობლები თავიანთ სანუკვარ სურვილებზე. ასევე, ბავშვს ღიად უნდა დავუთქვათ ზოგიერთი პირობა, თუ როგორ სურთ ოჯახში ცხოვრება, რომ ერთმანეთზე ზრუნავდნენ, უთმობდნენ და უყვარდეთ. როცა დავინახავთ როგორ ასრულებს ბავშვი ამ პირობას, უნდა შევამკოთ და შევაქოთ. ერთი პატარა საქმის გამო ათჯერ უნდა ვუთხრათ მადლობა და უნდა შევამკოთ იმ თვისებების გამო, რომელიც შეიძლება არ აქვს, მაგრამ გვინდა, რომ გამოვლინდეს. მაშასადამე, უნდა დავუთქვათ პირობები და შევაქოთ თავისი კეთილი საქმეების გამო. რაც ბევრს შევაქებთ, უარი მით უფრო ნაკლებად დაგვჭირდება და თვითონ დაიწყებს ბავშვი ჩვენთან თანამშრომლობას საოჯახო წესების შესრულებასა და მისსავე აღზრდაში.

ესაუბრა ელენე ოვაშვილი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ჩვილის აღზრდას რა უნდა?! სამი წლის ბავშვსაც მოუვლი ადვილად, ექვსისასაც მოუვლი, მაგრამ როგ...
​აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც შვილის აღზრდისას ვუშვებთ და თანამედროვე სამყაროში მშობლების წინაშე არსებულ სირთულეებს გაუსვა ხაზი:„ჩვენ არ ვიცით ცხოვრება საით მ...