Baby Bag

„დედის გული მართლაც საგანგებო გულია, მამას არ აქვს ეს გული,“ - შალვა ამონაშვილი

„დედის გული მართლაც საგანგებო გულია, მამას არ აქვს ეს გული,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედის განსაკუთრებულ უნარებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედის გული შვილის გასაჭირს გრძნობს:

„დედის გული კიდევ რა არის? დედის გული მართლაც საგანგებო გულია. მამას არ აქვს ეს გული, მაგრამ მამას აქვს სიბრძნე. ​დედას წინათგრძნობა აქვს გულში, ამიტომ უნდა დაიცვას ბავშვი. ჩვენ ბავშვების დამცველები ვართ. უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ხიფათი არ მოუვიდეს. მნიშვნელოვანია, როგორ დაიცავ ბავშვს. შეიძლება იძულებით დაიცვა, შეიძლება ცხრაჯერ აუხსნა, ცრემლებით შეეხვეწო, დაანამუსო.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მშობლებმა შვილები ხიფათისგან უნდა დაიცვან:

„რასაკვირველია, ბავშვს ბევრი ხიფათი ელოდება, ძალიან ბევრი და თუ მამა არ დაიცავს, ვინ არის სხვა დამცველი?! დედის გულმა სულ უნდა იგრძნოს ბავშვის მოძრაობა. მე მშვენიერი რძალი მყავს თამრიკო. გული აქვს ასეთი: ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს ჩემს შვილიშვილს და მაინც ავადაა. არავინ არ იცის რატომ. ექიმები იფიცებენ, რომ ყველაფერი კარგადაა. მარტო ერთმა დედამ იცის, რომ ოპერაცია სწორად არ შედგა. ექიმებს ხელახლა გააკეთებინა ოპერაცია. ტამპონი აღმოჩნდა შიგ ჩარჩენილი. განა დედა ოპერაციას ესწრებოდა?!“

​ხანდახან მკაცრად უნდა უთხრა ბავშვს: „შვილო, მე შენ ამას გიკრძალავ! გთხოვ, რომ ეს არ გააკეთო! დამიჯერე თუ შეიძლება.“ თუ გაქვთ სიყვარული, ბავშვი დაგიჯერებს. თუ არ გაქვთ სიყვარული, ბავშვი თავს დაგიქნევს, იმიტომ, რომ ეშინია. რატომ მიდის ქალი მეგობართან, რომ რაღაც უთხრას? იმიტომ, რომ შეიმსუბუქოს, რაც აწუხებს. მშვიდდები და შეიძლება ის ნაბიჯი არ გადადგა, რასაც გამწარებული გადადგამდი. რატომ არ გვანდობენ ბავშვები ბევრ რამეს? იმიტომ, რომ მე ჩემი პრინციპით მინდა ბავშვი გაიზარდოს, იმას კი თავისი გზა აქვს,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღდგეს, მაგრამ ერთი პირობით...“ - თენგიზ ცერცვაძე

„მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღდგეს, მაგრამ ერთი პირობით...“ - თენგიზ ცერცვაძე

​​თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებლის კლების შემთხვევაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის მთავარი პირობა დაასახელა:

„მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღდგეს, მაგრამ ერთი პირობით: უნდა გამკაცრდეს იმ რეგულაციების აღსრულება, რომელიც გვაქვს. კატეგორიულად არ უნდა იყოს დაშვებული ტრანსპორტში ადამიანი პირბადის გარეშე. ასევე არ უნდა იქნას დაშვებული იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია კონკრეტული ტრანსპორტის სახით.“

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის დადებით მხარეებზე ისაუბრა პროფესორმა მაკა ბულეიშვილმაც. მან განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების უპირატესობა მომდევნო ორ კვირაში გამოჩნდება:

​ამ შეზღუდვის არსებობის შემდგომ უპირატესობას ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უახლოეს ორ კვირაში აუცილებლად დავინახავთ. მობილობა, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს, რა თქმა უნდა, არის შედარებით უფრო ნაკლები.“

აღნიშნულ საკითხებზე მაკა ბულეიშვილმა და თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვა დღემდე ძალაშია.

წყარო: ​ტელეკომპანია „იმედი“

წაიკითხეთ სრულად