Baby Bag

რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის თანატოლებთან კომუნიკაციას?

რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის თანატოლებთან კომუნიკაციას?

ნეიროფსიქოლოგმა, თინათინ ჭინჭარაულმა ისაუბრა კომუნიკაციის ნაკლებობაზე ბავშვებში, თუ როგორი მნიშვნელოვანია მათთვის თანატოლებთან ურთიერთობა:

„ჩვენ ვამბობთ, რომ კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, მაგრამ არ ვიაზრებთ ამ სიტყვის უკან რა მნიშვნელობას ვდებთ. ხშირ შემთხვევაში კომუკინაციაში ადამიანები გულისხმობენ ოჯახის წევრებთან კონტაქტს და ფიქრობენ, რომ ეს არის საკმარისი. ეს არის ის წრე, რომელთანაც ბავშვს საშუალება აქვს დაბადებიდან ჰქონდეს ურთიერთობა. პანდემიიდან გამომდინარეც, ჩვენ თითქოს თავს ვიტყუებთ, რომ ეს წრე საკმარისია ბავშვის განვითარებისთვის, თუმცა ბევრი კვლევა უსვამს ხაზს, რომ გარკვეული ასაკში მას უკვე სჭირდება წრის გაფართოვება, ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არის თანატოლებთან ურთიერთობა“.

მისი თქმით, უფროსებმა რა ცოდნაც არ უნდა მივცეთ შვილს, როგორი გარემოც არ უნდა შევუქმნათ, თანატოლებთან კომუნიკაციას ვერაფრით ჩავანაცვლებთ:

„უფროსებს შეგვიძილია დიდი ცოდნა მივცეთ ბავშვებს, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვასწავლით თანატოლებთან ურთიერთობას, რაც დაახლოებით 1-2 წლის ასაკიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ამ დროს გაცილებით უფრო კარგად სწავლობენ თანატოლებზე დაკვირვებით.

უფროსები ორიენტირებულები ვართ ბავშვზე და მისთვის ვქმნით სასიამოვნო, მაგრამ გამოწვევებისგან დაცლილ სივრცეს, „არ ვებუტებით“, უფრო დამთმობები ვართ. თანატოლებთან ურთიერთობისას ბავშვს ეძლევა საშუალება თავისი თავი მოსინჯოს გამოწვევებით სავსე სივრცეში, რაც არა მარტო კოგნიტურ, არამედ მის ემოციურ განვითარებასაც უწყობს ხელს“.

წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად