Baby Bag

​რა სიმპტომებით ამოვიცნოთ „ნევროზი“ პატარებში და რა იწვევს მათში შფოთვით აშლილობას?

​რა სიმპტომებით ამოვიცნოთ „ნევროზი“ პატარებში და რა იწვევს მათში შფოთვით აშლილობას?

რა სიმპტომებით ამოვიცნოთ „ნევროზი“ პატარებში, რა იწვევს მათში შფოთვით აშლილობას და რჩევები მშობლებს პრობლემის დასაძლევად. ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი.

- ზოგადად, რა არის „ნევროზი“ და რა იწვევს მას ბავშვებში?
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ აღნიშნული თემის შინაარსობრივ ნაწილზე გადავალთ, ტერმინთა განსაზღვრებები შემოვიტანოთ და ჩვენს მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ტერმინები სხვადასხვა მეცნიერებაში, რომლებიც ისტორიას ჩაბარდება ხოლმე და თანამედროვე პროფესიული საზოგადოება, უბრალოდ აღარ იყენებს მათ. სწორედ ასეთი ტერმინების ჩამონათვალთა ნუსხაში შედის „ნევროზი“, რომელსაც კაცობრიობა 1700 წლიდან იყენებდა, ხოლო 1980 წლიდან ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აბსოლუტურად ჩაანაცვლა აღნიშნული ტერმინი და მის კატეგორიაში შემავალი დიაგნოზები გააერთიანა საერთო ქოლგის ქვეშ, რასაც შფოთვითი აშლილობები უწოდა.

​10-დან 1-ს ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში უვლინდება შფოთვითი აშლილობის სიმპტომები. „ნევროზი“ გამოიყენებოდა იმ ფსიქიკური, ემოციური და ფიზიკური ნიშნების გასაერთიანებლად, რაც მკვეთრად შემაწუხებელი და ირაციონალური იყო ადამიანისთვის, ვლინდებოდა გადაჭარბებული შფოთვით, წუხილით, უსუსურობის განცდით - ყოველდღიური, ბანალური მოვლენების მიმართ.

​თითოეული ჩვენგანი მუდმივად განიცდის გარკვეულ მძაფრ ემოციებს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და ხშირად ჩვენს შვილებს რომ ვუყურებთ, თვალწინ გვიცოცხლდება ის განვლილი გზა, როდესაც ზუსტად ისევე შეშინებულები, უსუსურობის განცდით უფროსებისგან მოველოდით შველას, კარადაში დამალული მონსტრის, თუ ფანჯარაში დანახული მოჩვენების განსადევნად.

​ჩვენს რეალობას რომ გავუსწოროთ თვალი, ამ პანდემიის პერიოდში, სწორედაც რომ შფოთვის კლინიკაა წამყვანი და შფოთვითი აშლილობების რიცხვი დრამატულად გაიზარდა, რადგან ადამიანის ფსიქიკას უჭირს იმ სტრესულ გარემოსთან გამკლავება, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ასე რომ, ჩვენი პატარებიც არ არიან გამონაკლისები.

​- ძირითადად, რა სიმპტომებით შეიძლება ამოვიცნოთ „ნევროზი“ პატარებში?

​- გავყვეთ შფოთვის კლინიკურ გამოვლინებებს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე:

​ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიზიოლოგიური შიშები გავმიჯნოთ, პათოლოგიური და სხვადასხვა აშლილობის სიმპტომებისგან, რადგან, მაგალითად, 3 წლამდე თუ ბავშვის, მშობელთან მიჯაჭვულობა, უცხოების მიმართ გადაჭარბებული შიში, მარტო დაძინების შიში, ბაღში ადაპტაციისადმი მწვავე რეაქცია - ასაკობრივ მოვლენად ითვლება, მოგვიანებით ასაკში შესაძლოა განშორების შფოთვით აშლილობად იწოდოს, ამიტომ, როდესაც მშობლები ბავშვის შიშებზე და ფობიებზე ჩივილებით მოგვმართავენ, ყოველთვის დეტალურად ვაზუსტებთ სიმპტომების გამოვლენის ასაკს.
ცოტა უფრო მოგვიანებით 4 წლიდან თავს იჩენს სიბნელის, მწერების, მოჩვენებების, ყაჩაღების ან სულაც მშობლებისგან მიტოვების შიშები, როგორც წესი, ეს ფიზიოლოგიური, ასაკდამოკიდებულია და თავისით გადაილახება ხოლმე. შფოთვა და წუხილი ბავშვის მხრიდან საყურადღებო ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ხელს უშლიან ყოველდღიური აქტივობების შესრულებაში, ყოველდღიურ საქმიანობებში.

​რა სიმპტომებით ვლინდება შფოთვითი აშლილობები წინანსასკოლო პერიოდში?
  • გაღიზიანებადობით;
  • ადვილად გაბრაზებით;
  • უძილობით;
  • გადაჭარბებული მიჯაჭვულობით მშობელზე.

​დისტრესი განსაკუთრებით მატულობს მშობელთან განშორების წინა ან განშორების პერიოდში. ბავშვი საჭიროებს მუდმივ დარწმუნებას, რომ მშობელი, წასვლის შემთხვევაში აუცილებლად დაბრუნდება. გამოიყენება კიდეც სხვადასხვა სტრატეგია: დაბრუნების ფიქსირებული დროის მონიშვნა საათზე, კალენდარში დღეების გადახაზვა დიდი ხნით გამგზავრებისას.

​ხშირად შიშებთან და დისკომფორტთან გასამკლავებლად ბავშვები მიმართავენ ადაპტაციურ ქცევებს: მეგობარი სათამაშო, საყვარელი ნივთის მუდამ თან ტარება, მასთან ერთად დაძინება, წარმოსახვითი მეგობრების გაჩენა....რის საპასუხოდაც, ხშირად მშობლები შფოთავენ და კონსულტაციაზე მოგვმართავენ მიჯაჭვულობის ობიექტთან ბავშვის დასაშორებლად, მაშინ, როდესაც კვლევებით მტკიცდება, რომ ის ბავშვები, რომლებიც გამკლავების მსგავს მექანიზმებს მიმართავენ, სტრესთან გამკლავების გზების მოძიება ბევრად მარტივად გამოსდით და გამოუვათ მომავალში....

​სასკოლო ასაკში - შფოთვითი სიმპტომების მქონე ბავშვები ჩაკეტილობით, მორცხვობით გამოირჩევიან.

​მათ უჭირთ ურთიერთობის დამყარება თანაკლასელებთან;

​აქვთ ძილის დარღვევები, კოშმარული სიზმრები, ხშირი გამოღვიძებები;

​უმიზეზო თავის ან მუცლის ტკივილები;

​სვამენ განმეორებად შეკითხვებს და აუცილებლად მოითხოვენ პასუხებს უფროსების მხრიდან, რაც ეხმარებათ თავდაჯერებულობის გამომუშავებაში.

​შესაძლოა, ჰქონდეთ პანიკური შეტევები, სუნთქვის უკმარისობით, სიკვდილის შიშით;

​მშფოთვარე ბავშვი ხშირად ქცევის დარღვევით ცდილობს ყურადღების მიქცევას. ამ შემთხვევაში პირველადი პრობლემა შფოთვაა და მხოლოდ მეორადი, ე.წ. შემფუთავია ქცევის დარღვევის სიმპტომები. მშობლებს მნიშვნელოვანი მოთმინება მართებთ. ხშირად ბავშვის ცუდი ქცევის საპირწონეა შემხვედრი აგრესია მშობლის მხრიდან, როდესაც მათი ემოციების ამოცნობის მცდელობას, მათ გაგებით მოპყრობას და სიმშვიდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შფოთვის შემცირებაში. შვილების სიმპტომების იგნორირებას მშობლის მხრიდან ხშირად მოჰყვება ხოლმე ქცევის გაუარესება, გამწვავება, ამიტომ შფოთვის სიმპტომების ამოცნობას და ქცევის დარღვევის მთავარი მიზეზების დადგენას უპირატესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

​მოზარდობის პერიოდი ყველაზე რთული პერიოდია, ემოციური ლაბილობის/არასტაბილურობის კუთხით. სწრაფი ფიზიკური განვითარება, ემოციური ცვლილებები, უზარმაზარი გამოწვევაა, როგორც თინეიჯერის, ასევე მშობლისთვის.

​ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის შფოთვის გამოვლინების სიმპტომებს შემდეგი სახე აქვთ:
  • უმადობა ან პირიქით გადაჭარბებული მადა;
  • გადაჭარბებული ძილიანობა;
  • გარეგნობასთან დაკავშირებული ჩივილები, საკუთარი თავის მიუღებლობა.
თუ შევაჯამებთ სიმპტომების კლინიკურ გამოვლინებას და გარკვეულ კატეგორიებად დავყოფთ, ისინი ასე გამოიყურება:
ფიზიკური სიმპტომები:
  • გახშირებული გულისცემა;
  • გახშირებული სუნთქვა;
  • კუნთების ტკივილი, ასევე თავის და მუცლის ტკივილი;
  • კანკალი, თავბრუსხვევა;
  • ოფლიანობა;
  • განლევადობა, სისუსტე;
  • ჩაშარდვები ღამის მანძილზე.
ემოციური სიმპტომები:
  • გადაჭარბებული შფოთვა მეგობრებზე, სკოლაზე, აქტივობებზე;
  • შფოთვა მოვლენებზე წინასწარ;
  • პერფექციონიზმი აქტოვობების შესრულებისას;
  • გადაჭარბებული შფოთვა სხვების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე;
  • სკოლაში სიარულზე უარის თქმა;
  • ინფანტილური მიჯაჭვულობა მშობლებზე;
  • კონცენტრაციის სირთულეები;
  • გაღიზიანებადობა;
  • ძილის დარღვევები, ცუდი სიზმრებით;
  • ვერ ახერხებს მოდუნებას და რელაქსაციას.
თუმცა ასაკის გათვალისწინებით, რაც არ უნდა მძაფრად იყოს გამოხატული კლინიკური ნიშნები, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მათ მოჰყვება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოზრდილობაში.
აქაც, ისევე როგორც განვითარების წინა პერიოდში, მშობლის მხრიდან მხარდამჭერი გარემოს შექმნას წამყვანი როლი უკავია.
- რატომ უვლინდება ბავშვს ის კლინიკური ნიშნები, რაზეც ზემოთ იყო საუბარი?
- გამოყოფენ ფაქტორების რამდენიმე ჯგუფს:
გენეტიკური წინასწარგანწყობა

​ხშირად ოჯახის წევრებიდან მიუთითებენ ხოლმე ემოციურად ლაბილურ ადამიანებზე.

​სხვადასხვა ფიზიკური დარღვევა, ასთმა-მოხრჩობის და სიკვდილის შიშით, სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის დროს, მაგალითად, ბავშვების დამოკიდებულებით მათ მიმართ.

​ოჯახიდან მომდინარე ფაქტორები

​ხშირი კონფლიქტები
- ყვირილი მშობლებს შორის;

​ხშირად ბავშვს უჭირს იდენტიფიცირება ბრაზის ადრესატის და თავს იდანაშაულებს მშობლების ჩხუბში;

​კონფლიქტურ გარემოში მშობელს უჭირს ბრაზის სელექტიურად ფრქვევა, შესაბამისად, პარტნიორზე გაბრაზებულმა შესაძლოა, ბავშვზეც იყაროს ჯავრი.

​საკუთარ პრობლემებში ჩაძირულს გაუჭირდეს ბავშვის გვერდში ყოფნა და მისი საჭიროებების გათვალისწინება.

​არასრული ოჯახი
- განქორწინებული წყვილი, რომლებიც ცალ-ცალკე ცხოვრობს, პრაქტიკულად ბავშვის ემოციურად გახლეჩის წინაპირობაა, არ ესმით მათ, რატომ არ შეუძლია დედ-მამას ერთად ცხოვრება, თავს იდანაშაულებენ მათ განქორწინებაში. მდგომარებას ართულებს მშობლების მხრიდან მანიპულირებადი ქცევები, დასმული შეკითხვები, ვინ უფრო უყვართ, ვისთან გრძნობს თავს კომფორტულად ან რომელიმე მხარის სელექტიურად და რადიკალურად მხარდაჭერის მოთხოვნა;

​ხშირად ემოციურად ლაბილური მშობელი, რომელიც ხშირად ეკითხება ბავშვს, რომ ხომ მართლა უყვარს ის ან ხომ არასოდეს მიატოვებს მას და სხვა მსგავსი შეკითხვები, ადრეული პასუხისმგებლობის დაკისრებას იწვევს ბავშვში და დიდ ტვირთად დააწვება ხოლმე მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას;

​ძალიან რთულია ბავშვისთვის მშობლის ავადმყოფობასთან შეგუება;

​ალბათ, ხშირად გავიგონებთ საფრთხის შემცველ მუქარებს მშობლების მხრიდან: „დაგტოვებ თუ ცუდად მოიქცევი“, „ჩაგაბარებ“ „სხვისი დედა ვიქნები“.

​სასკოლო გარემოთი გამოწვეული წანაპირობები:

​პერსისიტიული ბულინგი თანატოლების მხრიდან;

​აკადემიური მოსწრების სირთულეები;

​პრობლემები პედაგოგთან.

​სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სირთულეები.

​- როგორ ავაცილოთ თავიდან ეს პრობლემა და თუ ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა, პრევენციას ვეღარ ვახერხებთ, როგორ მოვიქცეთ? რას ურჩევდით მშობლებს?

​- გადაჭარბებული სიმპტომების შემთხვევაში, როდესაც ბავშვს უჭირს ადეკვატური ფუნქციონირება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მშობელმა მიმართოს მულტიდისციპლინურ გუნდს სირთულეების სამართავად, შედარებით მსუბუქი მდგომარეობების დროს კი, რეკომენდებულია:

​მეტი გამოცდილების შესაძლებლობის მიღება სხვა ბავშვებთან, ზრდასრულებთან მიმართებაში.

​სათამაშო მოედანზე ურთიერთობების წახალისება. მშობლის მხრიდან, მათი სახით კომუნიკატორის როლის მორგება და ნელ-ნელა, პატარ-პატარა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებით, დამოუკიდებლობისთვის ხელის შეწყობა, თვითრწმენის განმტკიცება;

​ცალკე ოთახში, დამოუკიდებლად ძილის პროცესის წახალისება, კომფორტული საძინებლის უზრუნველყოფა, ადრეული ასაკიდან მარტო დაძინების ხელშეწყობა;

​ასაკობრივ სოციუმთან დროულად ადაპტირება, ბაღის პერიოდის გავლა და სასკოლო გარემოსთვის წინასწარ მომზადება, თუნდაც ონლაინ გაკვეთილების სახით;

​შფოთვა ხშირად გადამდებია, აუცილებელია უფროსმა აკონტროლოს თავი, ემოციები, საკუთარი შფოთვები, ბავშვებთან შედეგიც არ დააყოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შფოთვა ათმაგად უვლინდებათ მშფოთვარე მშობლების შვილებს.

​სასკოლო ასაკში მნიშვნელოვანია: კარგად განმარტებული, მკაცრი შეზღუდვებისგან შემსუბუქებული, თუმცა პრინციპული სტრუქტურის დაწესება. მოემზადეთ, რომ ჭეშმარიტი მსმენელის ფუნქცია მოირგოთ, მოზარდის ნდობის მოპოვება რთულია, თუმცა კიდევ უფრო რთულია მისი შენარჩუნება. მშობელს გაათმაგებული ემოციური სტაბილურობა მართებს, რადგან დაუსვას შეკითხვები, ჩაეკითხოს და არა მექანიკურად ან სპონტანურად გააკრიტიკოს შვილი.

​ხშირად მშობელს პანდემიის, სოციო-ეკონომიკური სიდუხჭირის, სხვადასხვა სტრესული გარემოს გათვალისწინებით უჭირს, გაუმკლავდეს დამატებით სტრესს, მოზარდის შფოთვით გამწვავებულ რთულ ქცევას და შესაძლოა, ამ დროს ბევრი შეცდომა დაუშვას, ურთიერთობების მოგვარების კუთხით, შესაბამისად, ამ პერიოდში მშვნელოვანია არ იყოთ მარტო, მეგობრებს დაეკითხოთ, ოჯახის ყველა წევრი ჩართოთ მოზარდთან პრობლემების მოგვარების პროცესში. თუ მაინც ვერ გახვალთ ფონს და მართვის სადავეები გაგექცევათ, იგულისხმება - თანატოლებთან ურთიერთობაზე უარის თქმა, საყვარელ საქმიანობაზე უარი, ინტერესების დაკარგვა, კომუნიკაციის მკვეთრი სირთულეები, არ დააყოვნოთ და მიმართეთ მულტიდისციპლინურ გუნდს პრობლემების მოსაგვარებლად.

​ფსიქიკურ ჯანმრთელობას გისურვებთ!

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„აღზრდის ყველაზე ეფექტიანი ფორმაა, როდესაც ბავშვის მიმართ თანაბარი ზრუნვა და კონტროლია,“ - ფსიქოლოგი მაია ცირამუა

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ბავშვის აღზრდის პროცესში კონტროლისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კონტროლის სიჭარბე აღზრდის ავტორიტარულ სტილზე მიგვანიშნებს:

„რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვის აღზრდის პროცესში კონტროლი აჭარბებს ზრუნვას? ამ დროს ბავშვს ენიჭება პასუხისმგებლობა. ბავშვთან ინტერაქცია ასეთია: „მე არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ, რას განიცდი, გააკეთებ რასაც გეუბნები!“ რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალადობრივი დამოკიდებულებაა. ბავშვი ძალიან თავისუფალი და ლაღი არსებაა. ძალიან რთულია, რომ მას გააკეთებინო ის, რაც შენ გინდა. რა თქმა უნდა, ეს ხდება იძულების ხარჯზე. იმის ხარჯზე, რომ ან ფიზიკურად ძალადობენ ბავშვზე, ან ემუქრებიან, ან ემოციურად ძალადობენ მასზე. ემოციური ძალადობის საინტერესო შემთხვევაა, როდესაც დედა ეუბნება შვილს: „შენ თუ ამას არ შეჭამ, გული გამისკდება!“ ხშირ შემთხვევაში პატარა ნიუანსები, რომლებიც ზრუნვის მინიმიზირებას ახდენს და აქცენტირებულია კონტროლზე, ძალადობრივ დამოკიდებულებას წარმოქმნის. ეს არის ავტორიტარული აღზრდა.“

მაია ცირამუას თქმით, ზოგჯერ მშობლების მხრიდან ზრუნვა მნიშვნელოვნად ჭარბობს კონტროლს:

„რა ხდება მაშინ, როდესაც ზრუნვა ჭარბობს და ბავშვის პასუხისმგებლობა დაბალია? ეს ძალიან ჩვეულია ქართული კულტურისთვის. ასეთი ტიპის მშობლებს ჩვენ ჰელიკოპტერ მშობლებს ვეძახით, ვერტმფრენ მშობლებს, რომლებიც მუდამ თავს დასტრიალებენ თავიანთ შვილებს. ბავშვებს ყველაფერი აქვთ (სითბო, სიყვარული, შექება) გარდა საკუთარი ხელებისა. ყველგან არის მშობლის უხილავი ან ხილული ხელი. ასეთ აღზრდას ჩვენ ჰიპერმეურვეობით აღზრდას ვეძახით. ასეთი აღზრდის პირობებში ადამიანს არ აქვს საკუთარი მეს განცდა, სიცარიელეა თითქოს. მშობლის გარეშე მისი ცხოვრება ინგრევა, ის არაფერს წარმოადგენს. ასეთი ადამიანები ხშირად გარბიან დეპრესიაში, წამალდამოკიდებულებაში. ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს.“

მაია ცირამუა აღნიშნავს, რომ ბავშვისთვის ყველაზე მტკივნეული უგულებელყოფაა:

„ყველაზე მტკივნეულია, როდესაც ბავშვი არის უგულებელყოფილი, ეს ფიზიკურ ტკივილსაც კი ჰგავს. ამ დროს არც პასუხისმგებლობის მინიჭება ხდება და არც ზრუნვა - ეს არის აღზრდის ყველაზე უფრო მტკივნეული ფორმა. ძალიან გავრცელებულია ემოციური უგულებელყოფის მაგალითებიც. შეიძლება ბავშვის ფიზიკური საჭიროებები დაკმაყოფილებული იყოს, მაგრამ ის ემოციურად უგულებელყოფილად გრძნობდეს თავს, არ იყოს მხარდაჭერილი, არ იყოს დანახული. ჩვენ ვმუშაობთ, ბავშვი მოდის, რაღაცას გვეკითხება, ან არ გვესმის, ან არ გვცალია, რომ ვუპასუხოთ. ის რაღაც გულისტკივილს გვიზიარებს, ჩვენ არ გვცალია, რომ მოვუსმინოთ. ესეც უგულებელყოფის და ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ბავშვი მოდის და გეუბნებათ, რომ კლასელი ჩაგრავს. თქვენ პასუხობთ: „შენ თვითონ მოაგვარე!“ ეს მისი საჭიროების უგულებელყოფაა. არამხარდამჭერი დამოკიდებულება ძალადობაა.“

„აღზრდის ყველაზე ეფექტიანი ფორმაა, როდესაც ბავშვის მიმართ თანაბარი ზრუნვა და კონტროლია. მე ბავშვს პასუხისმგებლობასაც ვანიჭებ, მას აქვს სტრუქტურა, ჩარჩო, რომელშიც მან უნდა იმოძრაოს. ამ სტრუქტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არასტრუქტურირებული დღე, როდესაც არ იცის ბავშვმა, როდის უნდა დაიძინოს, სერიოზულ შფოთვით პრობლემებს იწვევს. პასუხისმგებლობები, რომლებსაც ბავშვს ასაკის შესაბამისად ვანიჭებთ, მისი უსაფრთხოებისა და თვითეფექტურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან მნიშვნელოვანია თანაბარი დოზით ზრუნვა, მოსმენა, ბავშვის აზრის გათვალისწინება და მხარდაჭერა,“ - აცხადებს მაია ცირამუა.

წყარო: ​არტარეა

წაიკითხეთ სრულად