ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დედა, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად ზრუნავს საკუთარ თავზე, საკუთარი შიშებისგან განკურნებას ცდილობს,“ - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ იმ დედების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც შვილებთან მიმართებაში ჭარბი შფოთვა ახასიათებთ. მან აღნიშნა, რომ ჰიპერმზრუნველობით დედა შვილს ბოჭავს:
„დედა, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად ის პროეცირებს, ის ზრუნავს საკუთარ თავზე, საკუთარი შიშებისგან განკურნებას ცდილობს ამ გზით. როდესაც დედა ბავშვს ეუბნება: „ფრთხილად იყავი, არ წაიქცე,“ მას ჰგონია, რომ ამით დაიცვა ბავშვი. სინამდვილეში ამით მან ბავშვს დაუბლოკა სხეულებრივი მოძრაობა, გახადა მოუქნელი. შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ეს ბავშვი უმიზეზოდ ეცემოდეს პარკეტზე.“
ნათია ფანჯიკიძის თქმით, ზედმეტი სიფრთხილე და შფოთვა ადამიანს ხელს უშლის დასახული მიზნის მიღწევაში და მისთვის ნეგატიური შედეგის მომტანია:
„ამით დედამ აუცილებლად გაზარდა იმის შანსი, რომ ბავშვი წაიქცეს. ზედმეტმა სიფრთხილემ შეკრა სხეული. ბავშვობაში ყველას გვიტრიპაჩია. დავუშვათ რაღაც წვრილ მილზე უნდა გამევლო მდინარის თავზე. ძალიან მინდოდა, რომ ვინმესთვის მეჩვენებინა, რა ყოჩაღი ვარ. იმ წუთას ხდება მობილიზება და ისე გაირბენ ამ მილზე ფარფატით, რომ ყველას ეგონება თითქოს თოკზე სიარულში ივარჯიშე. თუკი დავფიქრებულვარ, რომ ახლა ფეხი არ ჩამივარდეს, აუცილებლად იკარგება კონცენტრაცია. ამ სიფრთხილეში და წონასწორობის ცნობიერ პროცესში ზედმეტად გადატანისას მოგდის მარცხი.“
„გაბედულება ეს არის რისკისგან დაცვა და არა პირიქით. დედამ რა უნდა ქნას ამ დროს?! თუ დედას ეს გაცნობიერებული აქვს და აწუხებს, ეს უკვე კარგია. ასეთ დროს ადამიანი შეძლებს, რომ დაიცვას თავისი შვილები ამისგან. როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს, მაშინ გასაჭირში ვართ. თუ ადამიანი აცნობიერებს პრობლემას, მაგრამ თავს მაინც ვერ თოკავს, მაშინ, რა თქმა უნდა, სჯობს მშობელმა გაიაროს ფსიქოთერაპია მომავალში შვილებში პანიკური აშლილობის განვითარების თავიდან ასაცილებლად,“ - აღნიშნული საკითხის შესახებ ნათია ფანჯიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.