აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს შვილებისადმი ნდობის გამოჩენისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ ბავშვს მაშინ ენდონ, როდესაც ის ცრუობს:
„ერთი მეთოდი არის ნდობა თქვენი შვილების მიმართ. ბავშვს ენდეთ მაშინ, როდესაც ის გატყუებთ. ახლა არ მითხრათ: „მაშინ მატყუოს სულ?!“ როდესაც ბავშვი გატყუებს და შენ თავს უქნევ, მისი სინდისი იღვიძებს. ბავშვი წუხილს იწყებს. აი, ეს წუხილი მეხმარება მე მის აღზრდაში. ის ხომ აფორიაქებულია, ფიქრობს: „მამა არ გამიბრაზდა, არ დამიყვირა. იქნებ მართალი მეთქვა, რას ვატყუებდი?!“ სინდისის ქენჯნა დიდი აღმზრდელია ჩვენში.“
შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვი ტყუილებში არ უნდა ვამხილოთ, რადგან ეს მის ფსიქიკაზე დაღს დატოვებს:
„ბავშვს ენდეთ და არასდროს არ ამხილოთ ტყუილებში. გაიხსენეთ, თუ ოდესმე გამხილათ დედამ: „შენ მე ტყუილს მიბედავ?“ ეს დღემდე გატყვიათ თქვენ, როგორც დაღი. როდესაც ბავშვი რაღაცას გიამბობთ, არ შეეჩაროთ და არ გააწყვეტინოთ აზრი, დააცადეთ. თქვენი აზრები არ შეჩაროთ მის საუბარში. ბოლომდე მოუსმინეთ ბავშვს, რას გეუბნებათ ის. მიიღე ბავშვი, როგორიც არის. გაუტოლდი ბავშვს. იყავი დედა, მამა, მასწავლებელი. ბავშვმა იცის ეს, რომ შენ მეტი ხარ უფლებებით. ბავშვის აღზრდაში ის ძალაა კარგი, რომელიც არ გამოიყენება. ძალა მე მაქვს, შემიძლია კუთხეში დაგაყენო, წაგართვა, არ მოგცე, არ გაგიშვა. ბავშვმა იცის, რომ მე ეს შემიძლია, მაგრამ არ გამოვიყენე, თანატოლობა ვაგრძნობინე. ვითომ ჩვენ ტოლები ვართ. სიტყვა „ვითომ“ არ დაივიწყოთ.“
„დედა კი ხარ,მაგრამ დაივიწყე, ვითომ დედა არ ხარ. მიდი შენს ქალიშვილთან, უთხარი: „მინდა, რაღაც გიამბო. ხომ არ მირჩევ რაღაცას?!“ როდესაც 13 წლის გახდება, ის აქეთ მოვა და გეტყვის: „დედა, ასეთი რაღაც მემართება და რა ვქნა?!“ თქვენ, ალბათ, ბევრი რამ დაგიმალავთ თქვენი მშობლისთვის. ბავშვმა დაუმალა მამას, რომ სიგარეტის მოწევა დაიწყო. როგორ უთხრას, ხომ გადაირევა მამა?! არ გაგიმხილა ბავშვა მისი მეორე მხარე. არადა აღზრდა იქ გჭირდება, სადაც დარღვევები ხდება. ასე რომ არ მოხდეს, ამიტომ დობილად გაიხადე ბავშვი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია''
სიცილისა და დაცინვის თემაზე ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ პირველი არხის გადაცემაში ,,დღის კოდი'' ისაუბრა.
,,სიცილის წარმომავლობაზე დიდი კამათი იყო, ბევრ ადამიანს „უმტვრევია“ თავი. ითვლებოდა რომ სიცილსა და იუმორზე მონოპოლია ადამიანს აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს, რომ მთლად ასე არ არის. უმაღლეს მაიმუნებში - შიმპანზეს, ორანგუტანგს, გორილას აქვთ იუმორის მსგავსი რამ, იცინიან ღიტინის დროს, სპეციფიკურ გამომეტყველებას ღებულობენ უწმაწურ ქმედებებზე, რომელსაც თვითონვე აკეთებენ და უხარიათ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ იუმორმა ფორმირება განიცადა და ბევრი მოსაზრება არსებობს თუ რატომ განვითარდა. პირველი, ეს არის სტრესის მოსახსნელი საშუალება და მეორე, ფლირტი. იუმორის მქონე ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, წარმატებით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესთან.''
გაგა ნიჟარაძის თქმით, ითვლება, რომ ადამიანს იუმორი უჩნდება პირველი წლის ბოლოდან. როდესაც ერთი წლის ბიჭი ან გოგო ხედავს, რომ დედამისი მის საწოვარიან ბოთლს იღებს და ვითომ სვამს, ამაზე ეღიმება. ესე იგი, ის ხედავს შეუსაბამობას, შეუსაბამობა კი აუცილებელი ნიშანია იუმორისა. ერთი ფრანგი ფსიქოლოგი აღწერს შესანიშნავ ამბავს. ზაფხულის დილაა, ის ზის თავის ოთახში და შემოდის მისი პატარა შვილიშვილი, სამი წლის გოგო. მიდის და ეუბნება- „ბაბუ, საღამომშვიდობისა“ (ამ დროს დილაა) და ამაზე ბავშვი იცინის. ეს არის დიდი ნაბიჯი ადამიანის განვითარებაში, როდესაც ის ხვდება, რომ შეუძლია გადატრიალების შექმნა სამყაროში, თავისი სიტყვით. ანუ, შეუძლია თქვას დილით - საღამომშვიდობის და ამით არ დაინგრევა ქვეყანა.
,,როდესაც ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს, იუმორს არ კარგავს, ეს მის თავისუფლებაზე მეტყველებს. ცნობილ პოეტს, ფრანცუა ვიიონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და მან სიკვდილის წინ დაწერა - „რას იწონის ჩემი ტანი, ხვალ ჩემი კისერი გაიგებს“- ამას რომ დაწერ სიკვდილის წინ დიდი შინაგანი თავისუფლების მატარებელი უნდა იყო.''
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, იუმორის გრძნობა არის ინდივიდუალური. სად გადის ზღვარი არ ვიცი, ვიღაცას აქვს, ვიღაცას არა. აი მაგალითად, მე წამიკითხავს ნაწარმოები, რომელიც თურმე იუმორისტულად არის დაწერილი, მაგრამ ვერ მივხვდი, გერმანული იუმორია ასეთი. ასევე, ეთნიკური იუმორიც თავისებურია, ის რაც ერთ ადგილას სასაცილოა, მეორეგან სრულიად შეუსაბამოა.
,,ხშირად, იუმორი არის თავდაცვის საშუალება. აი, ახლა მე რომ ჩამოვვარდე ამ სკამიდან, შევეცდები გავიცინო, რადგან ამ მარცხის გადაფარვას იუმორით შევძლებ. მაგალითად, საშუალო ასაკის მასწავლებელი, რომელიც მარტოა სახლში და დაჯდომის დროს ჩაუტყდა სკამი, არაფერს იტყვის, შეიძლება ქმარი მოიხსენიოს, რატომ არ იყიდა სკამიო და ა.შ. ის არ ეცდება იუმორი შემოიტანოს მოქმედებაში. ასევე იქნება პირველ კლასელებთან, რადგან ამ ბავშვების წინ ეს მარცხი მის თვითშფასებას ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ იგივე მოხდა თანამშრომლების თანდასწრებით, მაშინვე დაიწყებს სიცილს,'' - დასძინა გაგა ნიჟარაძემ.
რამდენად შეიძლება დაცინვა იყოს მსუბუქი?
,,თუ რომის პაპს დასცინებ - ერთია და თუ შენს მეგობარს - მეორე. ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია. თუ პრობლემა იუმორში გადაჰყავს ქმარს, ცოლი ამას ვერ გაუგებს. ასე რომ, იუმორს თავისი ადგილი აქვს.
ასევე, არსებობს შავი იუმორი, როდესაც ვიცინით ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა ვიცინოდეთ. შავი იუმორის განსაზღვრებაა ასეთი, რომ ის ჰგავს ფეხებს, ზოგს აქვს, ზოგს არა. ცნობილია, რომ შავკანიანები, შავკანიანების შესახებ ანეგდოტებზე არანაკლებად იცინიან, ვიდრე თეთრკანიანები. ეს იმის მაჩვენებელია რომ ორ ერს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს, მაგრამ სერიოზული არა. აი, ოსური ანეგდოტები იმ დღეს მოისპო, როდესაც ცხელ ფაზაში გადავიდა ქართულ-ოსური ურთიერთობები.
ბატონი ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ანეგდოტის სამი ძირითადი თემა არსებობს: სექსი, ტუალეტი და პოლიტიკა. დიდი ხანია აღარ გამიგია პოლიტიკაზე ანეგდოტები (როგორც ორთქლის გამოშვების საშუალება), რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს რომ არ ვართ ისე ცუდად, რომ ეს დაგვჭირდეს. ადამიანს, რომელსაც თვითონ უფლებები დათრგუნული აქვს და არ არის კარგად, ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გამოჰყავს ისე, როგორც იდიოტი.''
,,ინტერნეტის დიდი ჭია არ ვარ და კარგად არ ვიცნობ ამ სამყაროს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც პასუხისმგებლობა მოხსნილია (ანონიმურობიდან გამომდინარე), ადამიანი აკეთებს უფრო უარყოფითს, ვიდრე მაშინ როდესაც ეშინია რომ გამოიჭერენ.''