ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არ არის სწორი, რომ მუტაციის შემდეგ კორონავირუსი გახდა ბავშვებისთვის უფრო მეტად აგრესიული ან მძიმე დაავადების გამომწვევი,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე
პედიატრი ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი შტამი ნამდვილად არის ძველთან შედარებით მეტად გადამდები, თუმცა რამდენად გაზრდის ის ლეტალობის მაჩვენებელს, ამის შესახებ მედიკოსებს ინფორმაცია ჯერ არ აქვთ:
„ჯერჯერობით არის მოლოდინი იმისა, რომ ახალი შტამი ნამდვილად არის უფრო მეტად გადამდები, მაგრამ უფრო მეტად გადამდებლობა შეიძლება თუ არა გამოიხატოს შემდეგ მეტ ლეტალობის მაჩვენებელში, უფრო მეტ ჰოსპიტალიზაციაში, ამ ინფორმაციას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ გვაწვდის.“
ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვებისთვის ახალი შტამი მეტად აგრესიული ან მძიმე დაავადების გამომწვევი არ არის:
„ასევე ინფორმაცია ბავშვებთან დაკავშირებით, ის კვლევები, რომლებიც ჩატარებულია და მონაცემები, რომლებიც დღეისთვის არსებობს, არ მიუთითებს, რომ კორონავირუსის ეს მუტაცია გახდა ბავშვებზე უფრო მეტად ორიენტირებული და საშიში ბავშვებისთვის. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ 40-70% -ით მეტად არის გადამდებლობა, ახალი შტამი ასევე გამოიწვევს ბავშვებში შემთხვევების მატებას, ეს ნამდვილად ასეა, ლოგიკურია. ის, რომ კორონავირუსმა მუტაციის შემდეგ შეიცვალა ხასიათი და გახდა ბავშვებისთვის უფრო მეტად აგრესიული ან მძიმე დაავადების გამომწვევი, ეს არ არის სწორი.“
„არავინ არ ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი გახდება უფრო მეტად მძიმე დაავადების გამომწვევი. არ არის ეს ინფორმაცია სწორი. იმის გამო, რომ ახალი შტამის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ავტომატურად ჩავთვალოთ, რომ ამას მოჰყვება მძიმე შემთხვევების მატება, დაგვჭირდება საწოლების და სუნთქვის აპარატების დამატება, ეს არის სრული დეზინფორმაცია,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.