ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როდის არის საშიში გაძლიერებული წყურვილი და შარდის ჭარბი გამოყოფა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება ექიმთან ვიზიტამდე
როდის არის საშიში გაძლიერებული წყურვილი და შარდის ჭარბი გამოყოფა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება ექიმთან ვიზიტამდე, - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძესაუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
პოლიდიფსია სამედიცინო ტერმინია და გაძლიერებული წყურვილის გამო სითხის ჭარბად მიღებას ნიშნავს. ჯანმრთელ ბავშვს მომატებული წყურვილი შესაძლოა, ჰქონდეს ძალიან ცხელ ამინდში, მარილიანი საკვების მიღების ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. თუმცა, თუკი ჭარბი წყურვილის მიზეზი არაა თვალსაჩინო და წყლის ჭარბად მიღება რამდენიმე დღე მაინც გრძელდება, განსაკუთრებით თუ შარდიც ჭარბად გამოიყოფა, საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ექიმთან. პოლიურიაც სამედიცინო ტერმინია და შარდის ჭარბად გამოყოფას ნიშნავს. თუკი ბავშვი შარდავს 3-4 მლ/კგ/24 საათში და მეტს, საჭიროა, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. მაგალითისათვის: თუკი თქვენ გყავთ 5 წლის ბავშვი, რომელიც 20 კგ-ს იწონის და 2000 მლ-ზე მეტს შარდავს 24 საათის განმავლობაში ან/და სვამს 2 ლიტრზე მეტ წყალს, აუცილებელია დაუკავშირდეთ ექიმს და შეატყობინოთ ამის შესახებ. როგორ შევაფასოთ სწორად? სითხის ჭარბ მიღებასა და შარდის ჭარბ გამოყოფაზე ეჭვის დროს აუცილებლია დაკვირვება და სწორად შეფასება. სასურველია, სანამ ექიმს მიმართავთ, გქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია: რამდენი მიიღო და გამოყო ბავშვმა სითხე ბოლო 24 საათის მანძილზე. აღრიცხვა დაიწყეთ დილით გაღვიძებისთანავე, ჩაიწერეთ როგორც მიღებული წყლის რაოდენობა, ასევე სხვა სითხეები, როგორიცაა წვნიანი და წვენი. შეეცადეთ, ყოველთვის გამოიყენოთ ერთი და იგივე საზომიანი ჭიქა ან ბოთლი. აღრიცხვა აწარმოეთ მეორე დილამდე, ღამის ჩათვლით. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ, თუ ბავშვი ღამით სპეციალურად რამდენჯერმე იღვიძებს წყურვილის ან მოშარდვის აუცილებლობის გამო. შედარებით უფრო რთული, მაგრამ შესაძლებელია გამოყოფილი შარდის რაოდენობის განსაზღვრაც, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ბავშვი ჯერ კიდევ საფენებს იყენებს. ათვლა დაიწყეთ დილის პირველი საფენის გამოცვლის შემდეგ. მოაგროვეთ ყველა მომდევნო საფენი მეორე დილით გამოცვლილის ჩათვლით, აწონეთ და გამოაკელით იგივე რაოდენობის გამოუყენებელი საფენების წონა. 24 საათის განმავლობაში მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა თითქმის უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ, თუ:
ბავშვი ღამით აღარ ისველებდა და უცებ კვლავ დაიწყო ჩასველება, არ იღვიძებდა ღამე მოსაშარდად და უკვე რამდენჯერმე უწევს ადგომა,
თუკი შარდის ფერი ძალიან ღია ან პირიქით უჩვეულოდ მუქია;
თუკი აღნიშნულ სიმპტომებს თან ახლავს წონის კლება, ზოგადი სისუსტე და ადინამია, ტემპერატურის მატება, გულისრევა-ღებინება, პირიდან აცეტონის სუნი, ცნობიერების შეცვლა და აშ.
პოლიურია და პოლიდიფსია უმეტესად შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტისათვის დამახასიათებელი ნიშნებია და მოითხოვს დროულ შეფასებას. აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს სისხლში გლუკოზის დონე, გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი და მიმართოთ თქვენს პედიატრს ან ბავშვთა ენდოკრინოლოგს.