ბავშვის სწორად განვითარებას უშლის თუ არა ხელს, ხშირი შექება ან პირიქით კრიტიკა მშობლების მხრიდან და როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია.
- მშობლების მხრიდან შექებაზე მეტად ბავშვების გაკრიტიკება რამდენად ცუდია მათი ფსიქიკისთვის და უშლის თუ არა ხელს განვითარებაში?
- ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი მშობლების მხრიდან ბავშვის ქცევაზე. რა თქმა უნდა, უმჯობესია აქცენტი დადებითზე გაკეთდეს, რათა უფრო მეტად განვამტკიცოთ მოზარდის პოზიტიური ქცევა. თუმცა, თუ ბავშვი იქცევა ისე, რომ მშობელს ან უფროს ადამიანს ეს არ მოსწონს, საჭიროა ფაქიზად მივცეთ უკუკავშირი, რასაც, მოდი, კრიტიკას ნუ დავარქმევთ. ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ არის ესა თუ ის ქცევა მისაღები მშობლისთვის, ანუ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი უკუკავშირი. მშობლის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი. ჩვენს რეალობაში ხშირად გვესმის მშობლებისგან, გადატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილებს აღარ ჰყოფნით ენერგია ახსნისთვის, თუმცა აუცილებელია გამოვნახოთ დრო და რესურსი, რომ ბავშვებს კრიტიკის ნაცვლად, ადეკვატური უკუკავშირი მივცეთ. ის, რაც არ მოგვწონს, კი არ გავუკრიტიკოთ, არამედ ვუთხრათ, რატომ არის საზიანო კონკრეტული ქმედება მათთვის და რა შედეგს მისცემს. ამით არჩევანის წინაშე დავაყენებთ, თავად აირჩიონ ქცევა, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველი იქნება.
- თუ პირიქით, მეტად აქებენ და ნაკლებად აძლევენ შენიშვნებს, ხომ არ მოვადუნებთ მათ და დავუკარგავთ მოტივაციას, კრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს?
- ამ შემთხვევაშიც, როდესაც ვამბობთ მეტად შექებას ან მეტად გაკრიტიკებას, ისევ არაადეკვატურ უკუკავშირთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია, რისთვის ვაქებთ ბავშვს. ხშირად იმისთვის ვაქებთ, რაშიც წვლილი არ მიუძღვის, მაგალითად, სილამაზე. იქ, სადაც იზრდებიან ესმით ფრაზები: „რა კარგი ხარ, პრინცესა“, „რა ლამაზი ხარ“ და ა.შ. როდესაც იზრდებიან და გადადიან მიკროსოციუმიდან მაკროსოციუმში (ბაღი, სკოლა და ა.შ.) იქ უკვე იქმნება პრობლემები, რადგან იგივე უკუკავშირს საზოგადოების მხრიდან ვეღარ ხედავენ, რამაც დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მათ თვითშეფასებაზე. ბავშვებს აუცილებელია დადებითი უკუკავშირი მივცეთ რაღაცის კეთებისთვის, ეს იქნება სწავლა თუ სხვა რამ. მეტად ან ზედმეტად შექება არასწორია, ყოველთვის მიზანშეწონილია ჩარჩოში, ზომიერების ფარგლებში ადეკვატური რეაქციები.
- როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი, შექებასა და კრიტიკას შორის?
- მშობლები კვალდაკვალ უნდა მივყვებოდეთ შვილების ქმედებებს. იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და მივუთითებთ, ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს, ეს კი მათ შედეგების გაანალიზების საშუალებას მისცემს. მნიშვნელოვანია ფრაზები, რომლებსაც მშობელი იყენებს კომუნიკაციის დროს. თუ ჩვენ მოკლე ფრაზებს ვიყენებთ, მაგალითად, „არ შეიძლება“, ბავშვს კითხვა უჩნდება, რატომ არ შეიძლება, აუცილებელია დასაბუთებულად ავუხსნათ. ასევე სიტყვა „რატომ“, რომელსაც იყენებენ მშობლები. ხშირად ბავშვს უნდა კონკრეტული რამ, თუმცა არ იცის, რატომ უნდა, შესაბამისად, ამაზე პასუხს ვერ გაგვცემს და მეტ გაუგებრობას შეუქმნის ბავშვს. ასე რომ, არსებობს ფრაზები ეფექტური კომუნიკაციისთვის, რაც მშობლებს დაეხმარება დაიჭირონ ოქროს შუალედი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური ანარეკლი შვილების ქმედების.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს იყვნენ თავდაჯერებულები და ამასთანავე არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა?
- მნიშვნელოვანია ბავშვს და ზოგადად ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანს, ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის თვითშეფასება, ვინაიდან თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია ამასთან. თვითშეფასება არის ინდივიდის სუბიექტური წარმოდგენა საკუთარ თავზე, უნარებზე, თვისებებზე. ეს ყალიბდება ზუსტად იმ უკუკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იქნება საკუთარი თავისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, თუ ნებისმიერი იმ სოციუმისგან მიღებული უკუკავშირი, სადაც უწევს ყოფნა, ასე ყალიბდება ადამიანის თვითშეფასება. შესაბამისად, ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას მისი ჯანსაღი განვითარებისთვის. ერიქსონის თეორიას გავიხსენებ, სადაც ის გამოყოფს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში, 18 თვიდან 3 წლამდე. ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვთ მშობლებს. ეს ერთ-ერთი კრიზისის გადალახვის პერიოდია, როდესაც ბავშვი სწავლობს თვითონ კვებას, ჩაცმას, ნაბიჯების გადადგმას. ამ დროს თუ მშობელი იქნება მხარდამჭერი და ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა იქნება სწორად მხარდაჭერილი, ბავშვი სწავლობს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, ხოლო კრიზისი ილახება ჯანსაღად. თუ მშობელი ზემზრუნველია, ანუ არ აძლევს საშუალებას თვითონ გააკეთოს რამე, ასეთ დროს პატარას უყალიბდება ეჭვის განცდა საკუთარ თავის და შესაძლებლობების მიმართ. ამით შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს დაბალ თვითშეფასებას, რაც თავდაჯერებულობას უშლის ხელს. თუ 3 წლამდე კრიზისი ჯანსაღად გადაილახა, შემდეგი კრიზისის გადალახვა უფრო მარტივი იქნება მოზარდებისთვის, აქ უკვე შემოდის სკოლა, სადაც დიდი როლი აქვთ პედაგოგებს, თანატოლებთან ურთიერთობას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაჯერებულობა ფსიქიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ადეკვატური თვითშეფასება ეს არის სუიციდის საუკეთესო პრევენცია. თუ მშობლები (ოჯახის წევრები) და სააღმზრდელო დაწესებულებები სწორი უკუკავშირით ხელს შევუწყობთ, შვილები ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ პიროვნებებად, ეს მათთვის წარმატების საწინდარი იქნება. თავდაჯერებულობა გულისხმობს მუდმივ სწრაფვას თვითგანვითარებისკენ და თვითრეალიზაციისკენ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ომიკრონით ინფიცირებული ბავშვის სახლში მკურნალობის გზამკვლევი - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაციები
კლინიკა „მზიური მედი“ ომიკრონით ინფიცირებული ბავშვების სახლში მართვის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს:
კოვიდ -19 (მათ შორის ომიკრონი) ბავშვებში მიმდინარეობს მსუბუქად და აბსოლუტურ უმრავლესობაში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. შესაძლებელია იმართოს სახლის პირობებში.
ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
0-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში
ცხელება, ხველა ან ჰაერის უკმარისობა 63%
- ცხელება 46%
- ხველა 37%
- ჰაერის უკმარისობა 7%
მიალგია 10%
რინორეა 7%
ყელის ტკივილი 13%
თავის ტკივილი 15%
ღებინება/გულისრევა 10%
მუცლის ტკივილი 7%
დიარეა 14%
ყნოსვის ან გემოვნების კარგვა 1%
კლინიკური ნიშნები 10-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებში
ცხელება, ხველა ან ჰაერის უკმარისობა 60%
- ცხელება 35%
- ხველა 41%
- ჰაერის უკმარისობა 16%
მიალგია 30%
რინორეა 8%
ყელის ტკივილი 29%
თავის ტკივილი 42%
ღებინება/გულისრევა 10%
მუცლის ტკივილი 8%
დიარეა 14%
ყნოსვის ან გემოვნების კარგვა 10%
ცხელება სხეულის ტემპერატურის ნორმიდან მატებაა, სპეციფიკური ბიოლოგიური რეაქციაა, დაკავშირებულია და კონტროლდება ც.ნ.ს-ის მიერ.
სხეულის საშუალო ნორმალური ტემპერატურაა 35,7⁰C - 37,2⁰C (96.3- 98,6F), რაც ემყარება მე-19 საუკუნის კვლევებს.
სხეულის ტემპერატურა ცვალებადია ასაკის, დღე-ღამის ცირკადული რიტმის, მენსტრუალური ციკლის ფაზის, გარემო ტემპერატურის, დროისა და სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით.
თანაფარდობა ფარენჰაიტსა და გრადუსს შორის:
C⁰ ( ცელსიუსი) = (tF⁰ - 32) × 5/9
F⁰ (ფარენჰაიტი) = 9/5 × (tC⁰+32)
ცხელება არ წარმოადგენს დაავადებას, ის ფიზიოლოგიური პასუხია (რეაქციაა).
ჯანმრთელ ბავშვებში ცხელება უმეტესად არის თვითგანკურნებადი და კეთილთვისებიანი, იმ პირობით რომ მიზეზი არის ცნობილი და სითხის დანაკლისი შევსებულია. ცხელება არ იწვევს ც.ნ.ს-ის დაზიანებას. თუ არსებობს სერიოზული დაავადების ნიშნები საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ცხელება დაავადებას აუარესებს.
ტემპერატურის მატების შესამცირებლად, საჭიროა ბავშვის სითხეებით უზრუნველყოფა.
ბავშვი, რომელიც მკურნალობს ცხელებას, რომლის მიზეზიც ცნობილია, არ საჭიროებს ღამით გაღვიძებას სიცხის დამწევი საშუალებების მისაღებად.
ანტიპირეტულ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში არ უნდა დაინიშნოს ხველების ან გაციების საწინააღმდეგო ისეთი საშუალებები, რომლებიც მსგავსი შემადგენლობისაა.
სიცხის დამწევი საშუალებები უნდა დაინიშნოს წონის და არა ასაკის მიხედვით.
ანტიპირეტული საშუალებების ინსტრუქცია უნდა შიეცავდეს უსაფრთხო შენახვა-მოხმარების წესებს: როგორ გავზომოთ შესაბამისი მოცულობა, რამდენჯერ შეიძლება მიღება, მისი მოქმედების მონიტორინგს, როგორ უნდა შეწყდეს მიღება და როდის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.
არ არის მიზანშეწონილი ერთდროულად სხვადასხვა ჯგუფის ანტიპირეტული საშუალების (აცეტამინოფენის, იბუპროფენი) მიღება.
სიცხის დამწევი მედიკამენტების შეფუთვაზე მითითებულია დოზირება ასაკის და, ზოგ შემთხვევაში, წონის მიხედვით. მშობელმა თვითონ უნდა განსაზღვროს მედიკამენტის მიღების დოზირება და ჯერადობა.
თუ ბავშვი იტანს 39 ⁰C ტემპერატურას და მას არ აქვს დისკომფორტი, არ საჭიროებს სიცხის დამწევი საშუალებების მიღებას.
ხველა, თუ მისი გამომწვევი მიზეზი ცნობილია, დამცველობითი რეაქციაა და იწვევს სასუნთქი გზების გათავისუფლებას უცხო სხეულის, რესპირაციული პათოგენებისა და ნახველისაგან. კოვიდის დროს, ძირითადად, მშრალია (ე.წ ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი), საერთოდ არ საჭიროებს მკურნალობას. საკმარისია თბილი სითხეების მიღება. სუნთქვის გაძნელების, გახშირების ან კრუპის დროს აუცილებელია სასწრაფოს გამოძახება, ექიმთან კონსულტაცია და მათი გადაწყვეტილებით ბინაზე მკურნალობა ან ჰოსპიტალიზაცია.
კოვიდის დროს დიარეის შემთხვევაში ბავშვების უმრავლესობას აქვს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გაუწყლოება, რომელიც უნდა იმართოს ამბულატორიულად. დიარეის დროს ექსკლუზიური ძუძუთი კვება შეუფერხებლად გრძელდება. გამართლებულია ძუძუთი კვება უფრო ხშირად და ხანგრძლივად. ყველა სხვა შემთხვევაში, რეჰიდრატაციული თერაპიის დაწყებიდან არაუგვიანეს 4-6 საათის შემდეგ უნდა გაგრძელდეს. ე.წ. ანტიდიარეული ფორმულებით ჩანაცვლება არ არის რეკომენდებული. შესაძლებელია რძემჟავა ნარევების (მაწონი) გაზრდა კვებით რაციონში. საკვები პროდუქტების შეზღუდვა არ არის რეკომენდებული. წყურვილის მოთხოვნილების გაზრდის მიზნით (თუ არ არის რაიმე ქრონიკული პათოლოგია, რომლის დროსაც ეს იზღუდება) შესაძლებელია, ერთჯერადად, მარილის შემცველობის პროდუქტების მიღება, მაგ.: მარილიანი ჩხირები.
გაუწყლოების მაღალ რისკს მიეკუთვნებიან:
ერთ წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით, პირველი 6 თვე