ბავშვის სწორად განვითარებას უშლის თუ არა ხელს, ხშირი შექება ან პირიქით კრიტიკა მშობლების მხრიდან და როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია.
- მშობლების მხრიდან შექებაზე მეტად ბავშვების გაკრიტიკება რამდენად ცუდია მათი ფსიქიკისთვის და უშლის თუ არა ხელს განვითარებაში?
- ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი მშობლების მხრიდან ბავშვის ქცევაზე. რა თქმა უნდა, უმჯობესია აქცენტი დადებითზე გაკეთდეს, რათა უფრო მეტად განვამტკიცოთ მოზარდის პოზიტიური ქცევა. თუმცა, თუ ბავშვი იქცევა ისე, რომ მშობელს ან უფროს ადამიანს ეს არ მოსწონს, საჭიროა ფაქიზად მივცეთ უკუკავშირი, რასაც, მოდი, კრიტიკას ნუ დავარქმევთ. ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ არის ესა თუ ის ქცევა მისაღები მშობლისთვის, ანუ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი უკუკავშირი. მშობლის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი. ჩვენს რეალობაში ხშირად გვესმის მშობლებისგან, გადატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილებს აღარ ჰყოფნით ენერგია ახსნისთვის, თუმცა აუცილებელია გამოვნახოთ დრო და რესურსი, რომ ბავშვებს კრიტიკის ნაცვლად, ადეკვატური უკუკავშირი მივცეთ. ის, რაც არ მოგვწონს, კი არ გავუკრიტიკოთ, არამედ ვუთხრათ, რატომ არის საზიანო კონკრეტული ქმედება მათთვის და რა შედეგს მისცემს. ამით არჩევანის წინაშე დავაყენებთ, თავად აირჩიონ ქცევა, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველი იქნება.
- თუ პირიქით, მეტად აქებენ და ნაკლებად აძლევენ შენიშვნებს, ხომ არ მოვადუნებთ მათ და დავუკარგავთ მოტივაციას, კრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს?
- ამ შემთხვევაშიც, როდესაც ვამბობთ მეტად შექებას ან მეტად გაკრიტიკებას, ისევ არაადეკვატურ უკუკავშირთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია, რისთვის ვაქებთ ბავშვს. ხშირად იმისთვის ვაქებთ, რაშიც წვლილი არ მიუძღვის, მაგალითად, სილამაზე. იქ, სადაც იზრდებიან ესმით ფრაზები: „რა კარგი ხარ, პრინცესა“, „რა ლამაზი ხარ“ და ა.შ. როდესაც იზრდებიან და გადადიან მიკროსოციუმიდან მაკროსოციუმში (ბაღი, სკოლა და ა.შ.) იქ უკვე იქმნება პრობლემები, რადგან იგივე უკუკავშირს საზოგადოების მხრიდან ვეღარ ხედავენ, რამაც დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მათ თვითშეფასებაზე. ბავშვებს აუცილებელია დადებითი უკუკავშირი მივცეთ რაღაცის კეთებისთვის, ეს იქნება სწავლა თუ სხვა რამ. მეტად ან ზედმეტად შექება არასწორია, ყოველთვის მიზანშეწონილია ჩარჩოში, ზომიერების ფარგლებში ადეკვატური რეაქციები.
- როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი, შექებასა და კრიტიკას შორის?
- მშობლები კვალდაკვალ უნდა მივყვებოდეთ შვილების ქმედებებს. იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და მივუთითებთ, ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს, ეს კი მათ შედეგების გაანალიზების საშუალებას მისცემს. მნიშვნელოვანია ფრაზები, რომლებსაც მშობელი იყენებს კომუნიკაციის დროს. თუ ჩვენ მოკლე ფრაზებს ვიყენებთ, მაგალითად, „არ შეიძლება“, ბავშვს კითხვა უჩნდება, რატომ არ შეიძლება, აუცილებელია დასაბუთებულად ავუხსნათ. ასევე სიტყვა „რატომ“, რომელსაც იყენებენ მშობლები. ხშირად ბავშვს უნდა კონკრეტული რამ, თუმცა არ იცის, რატომ უნდა, შესაბამისად, ამაზე პასუხს ვერ გაგვცემს და მეტ გაუგებრობას შეუქმნის ბავშვს. ასე რომ, არსებობს ფრაზები ეფექტური კომუნიკაციისთვის, რაც მშობლებს დაეხმარება დაიჭირონ ოქროს შუალედი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური ანარეკლი შვილების ქმედების.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს იყვნენ თავდაჯერებულები და ამასთანავე არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა?
- მნიშვნელოვანია ბავშვს და ზოგადად ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანს, ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის თვითშეფასება, ვინაიდან თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია ამასთან. თვითშეფასება არის ინდივიდის სუბიექტური წარმოდგენა საკუთარ თავზე, უნარებზე, თვისებებზე. ეს ყალიბდება ზუსტად იმ უკუკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იქნება საკუთარი თავისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, თუ ნებისმიერი იმ სოციუმისგან მიღებული უკუკავშირი, სადაც უწევს ყოფნა, ასე ყალიბდება ადამიანის თვითშეფასება. შესაბამისად, ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას მისი ჯანსაღი განვითარებისთვის. ერიქსონის თეორიას გავიხსენებ, სადაც ის გამოყოფს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში, 18 თვიდან 3 წლამდე. ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვთ მშობლებს. ეს ერთ-ერთი კრიზისის გადალახვის პერიოდია, როდესაც ბავშვი სწავლობს თვითონ კვებას, ჩაცმას, ნაბიჯების გადადგმას. ამ დროს თუ მშობელი იქნება მხარდამჭერი და ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა იქნება სწორად მხარდაჭერილი, ბავშვი სწავლობს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, ხოლო კრიზისი ილახება ჯანსაღად. თუ მშობელი ზემზრუნველია, ანუ არ აძლევს საშუალებას თვითონ გააკეთოს რამე, ასეთ დროს პატარას უყალიბდება ეჭვის განცდა საკუთარ თავის და შესაძლებლობების მიმართ. ამით შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს დაბალ თვითშეფასებას, რაც თავდაჯერებულობას უშლის ხელს. თუ 3 წლამდე კრიზისი ჯანსაღად გადაილახა, შემდეგი კრიზისის გადალახვა უფრო მარტივი იქნება მოზარდებისთვის, აქ უკვე შემოდის სკოლა, სადაც დიდი როლი აქვთ პედაგოგებს, თანატოლებთან ურთიერთობას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაჯერებულობა ფსიქიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ადეკვატური თვითშეფასება ეს არის სუიციდის საუკეთესო პრევენცია. თუ მშობლები (ოჯახის წევრები) და სააღმზრდელო დაწესებულებები სწორი უკუკავშირით ხელს შევუწყობთ, შვილები ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ პიროვნებებად, ეს მათთვის წარმატების საწინდარი იქნება. თავდაჯერებულობა გულისხმობს მუდმივ სწრაფვას თვითგანვითარებისკენ და თვითრეალიზაციისკენ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რაქიტსა და მის გამომწვევ მიზეზებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თამთა ხუჯაძე ესაუბრა
რა არის რაქიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ბავშვებში? - ამ და რექიტის შესახებ სხვა საინტერესო საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ნეფროლოგი თამთა ხუჯაძე.
- რა არის რაქიტი?
- რაქიტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა, რომელიც ვითარდება როგორც D-ვიტამინის, ასევე, კალციუმისა და ფოსფორის ნაკლებობის ფონზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლის და კუნთების ტკივილი, მოტეხილობები, ძვლის დეფორმაციები, ზრდის შეფერხება, კუნთების სისუსტე. რაქიტი 100 000 ბავშვიდან დაახლოებით 7-8 ბავშვს აღენიშნება. დაავადების სიხშირე თანაბარია მამაკაცებსა და ქალებში. რაქიტი შედარებით ხშირად გვხვდება ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში. შედარებით იშვიათია შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, გარდა გარკვეული უმცირესობებისა.
- ძირითადად, რა იწვევს რაქიტს?
- რაქიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის D ვიტამინის დეფიციტი, არასწორი კვება, D ვიტამინით, კალციუმითა და ფოსფორით ღარიბი პროდუქტების მიღება და მზის ულტრაიისფერი სხივების არასაკმარისი ექსპოზიცია. რაქიტის განვითარების სხვა მიზიეზებში უნდა განვიხილოთ: D ვიტამინის მეტაბოლიზმის დარღვევით მიდინარე მდგომარეობები, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის (გლუკოკორტიკოიდები, ანტიკონვულსანტები, დიურეტიკები, ანტაციდები, ფიტინი) მიღების ფონზე. კანის დაავადებები, რომლის დროს დაქვეითებულია ქოლეკალციფეროლის სინთეზი. გასტროინტესტინური ტრაქტის დაზიანება, რის გამოც ვერ ხერხდება საკვებით მიღებული D ვიტამინის ათვისება (მალაბსორბციის სინდრომი, პანკრეასის უკმარისობა და სხვ.) ღვიძლისა და თირკმელების ის დაავადებები, რომელთა დროსაც ირღვევა D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნა.
არსებობს მემკვიდრეობითი გენეტიკური ფორმებიც. კვებითი პრობლემების ფონზე განვითარებული რაქიტი ჩვეულებრივ გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობით, ამ დეფიციტის მიზეზია: მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედება (რაც სხეულს ეხმარება საკუთარი D ვიტამინის გამომუშავებაში). D ვიტამინის ნაკლებობა ბავშვის კვებაში ვეგეტარიანული/ვეგანური დიეტების, ასევე, რიგი დაავადებების დროს, რომლებიც ზღუდავს D ვიტამინის ათვისებას (როგორიცაა კრონის დაავადება, ცელიაკია, კისტოზური ფიბროზი ან წყლულოვანი კოლიტი). რამდენიმე გენეტიკური დაავადება ხელს უშლის ბავშვის ორგანიზმისმიერ D ვიტამინის შეწოვას. თანდაყოლილი რაქიტი შეიძლება გამოწვეული იყოს დედის დაავადებებით, მათ შორის მძიმე ოსტეომალაცია, არანამკურნალევი ცელიაკია, მალაბსორბცია, პრეეკლამფსია და ნაადრევი მშობიარობა.
- რა სიმპტომები შეიძლება მიგვითითებდეს რაქიტზე?
- სიმპტომატიკა ვლინდება 3-დან 18 თვის ასაკამდე. რაქიტის ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ძვლის მტკივნეულობას, ძვლის მოტეხილობისადმი მიდრეკილებას. რაქიტის პირველ ნიშნად შესაძლებელია მივიჩნიოთ ჩვილებში დიდი ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა. მცირეწლოვან ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ დეფორმული ფეხები, სქელი ტერფები და მაჯები, მენჯის ძვლები და გულმკერდის დეფორმაცია. სისხლში კალციუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ტეტანია - კუნთების უკონტროლო სპაზმი. ასევე, შეიძლება წარმოიშვას სტომატოლოგიური პრობლემები. რაქიტი იწვევს ცვლილებებს ნერვულ, ძვალსახსროვან და კუნთოვან სისტემებში. სიმპტომების გამოვლენის ხარისხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ანამნეზური მონაცემებიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს კვების ხასიათზე, დღის რეჟიმზე, მოვლის პრინციპებზე.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) კანში წარმოიქმნება ქოლესტერინის წარმოებულიდან ულტრაიისფერი B შუქის სტიმულის ქვეშ, ულტრაიისფერი შუქი ან ვირთევზას ღვიძლის ზეთი იყო D ვიტამინის ერთადერთი მნიშვნელოვანი წყარო მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, სანამ ერგოსტეროლი (ვიტამინი D-2) სინთეზირებული იყო დასხივებული მცენარეული სტეროიდებისგან. ადამიანის რძეში D ვიტამინის შემცველობა დაბალია 20-40 სე/ლ-ზე ამიტომ, ჩვილები, რომლებიც იმყოფებიან ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე (ასევე, ვინც არ ღებულობს პერორალურ დანამატს და მათ, ვისაც აქვს მუქი პიგმენტური კანი, რომელიც ბლოკავს ულტრაიისფერი შუქის შეღწევას) იმყოფებიან რაქიტის განვითარების რისკის ქვეშ.
- როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?
- დიაგნოზი ძირითადად ემყარება კლინიკურ ნიშნებსა და ანამნეზურ მონაცემებს. დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლებელია ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები - სისხლის ანალიზი, რომელიც აღმოაჩენს დაბალი კალციუმის, D ვიტამინის, ფოსფორის და მაღალი ტუტე ფოსფატაზას და პარათჰორმონის მაჩვენებელს რენტგენოლოგიურ მონაცემებთან ერთად. უმეტესად ყურადღება ექვცევა მუხლის სახსრისა და მაჯის ძვლების რენდგენოგრამას; ძვლის ბიოფსია (ძალიან იშვიათად კეთდება); გენეტიკური ტესტირება (მემკვიდრეობითი რაქიტისთვის).
- მკურნალობის მეთოდებზეც რომ ვისაუბროთ.
- მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის აუცილებლობაც. დაავადების გენეტიკური ფორმები კი საჭიროებს სპეციალიზებულ მკურნალობას. რაქიტის პრევენცია შესაძლებელია, რისთვისაც ორსულებმა უნდა მიიღონ მინიმუმ 600 სე ვიტამინი D დღეში. თუმცა ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელია დოზირების ცვლილება კალციუმის პრეპარატთან კომბინაციაში. ძუძუთი კვებაზე მყოფმაყველა ჩვილმა უნდა მიიღოს 400 სე ვიტამინი D დღეში. ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს პერიოდულად მზის სხივების ზემოქმედებას, D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებას. რაქიტის სამკურნალოდ იყენებენ D ვიტამინის ორივე ფორმას – D2-სა და D3-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული და ჩვეულებრივ, 1-3 თვეს უდრის. რაქიტის მსუბუქი ფორმის დროს მკურნალობა საშუალოდ 1 თვეს გრძელდება. შემდეგ D ვიტამინის დოზა მცირდება – რჩება მხოლოდ საპროფილაქტიკო.მედიკამენტის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა გაკონტროლდეს ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური მონაცემების კონტროლის პარალელურად მხოლოდ ექიმის მეთვალყუეობის ქვეშ. თუ ბავშვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს (შეწოვისა და მონელების დარღვევა), შეგვიძლია მივცეთ D ვიტამინის წყალხსნარი. რაქიტის დროს აუცილებელია კალციუმით მდიდარი საკვების (რძისა და მისი ნაწარმის, ლობიოს, თევზეულის, კვერცხის და სხვ.) მიღება.
რაქიტის პროფილაქტიკა: D ვიტამინით პროფილაქტია უნდა გაგრძელდეს სიცოცხლის პირველი 2 წელი. ასევე, ბალანსირებული კვება, დამატებითი საკვების დროული დაწყება, მზის სხივების ზემოქმედების ადეკვატური ხანგრძლივობა. 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა არ არის რეკომენდებული, ხოლო 6 თვიდან ნებადართულია დღეში მხოლოდ 17 წუთის (კვირაში 2 საათის) განმავლობაში. რაქიტის დროული დიაგნოსტირება და შესაბამისად, ადეკვატური მკურნალობა კეთილსაიმედო პროგნოზის მანიშნებელია, მაგრამ თუ მკურნალობამ დაიგვიანა, შესაძლოა, დარჩეს ძვალსახსროვანი სისტემის დეფორმაციები. იშვიათად თანმხლები ინფექციები რაქიტის ფონზე სიკვდილსაც კი იწვევს.