Baby Bag

​9 რამ, რისი გაკეთებაც ბავშვს არ უნდა ავუკრძალოთ

​9 რამ, რისი გაკეთებაც ბავშვს არ უნდა ავუკრძალოთ

ფსიქოლოგები თვლიან, რომ საზღვრების დაწესება ბავშვს თავს უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებს, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა პატარებზე საპირისპიროდ ზემოქმედებს. ჩვენს სტატიაში იმ აკრძალვების შესახებ გესაუბრებით, რომლებიც ბავშვებზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.

1. არ აუკრძალოთ ბავშვს კითხვების დასმა

ბავშვი იზრდება და სამყაროს შემეცნებას ცდილობს. მას ბუნებრივად უჩნდება კითხვები. მშობლისთვის რთულია დღის განმავლობაში უამრავი კითხვისთვის პასუხის გაცემა. ბავშვთან საუბარი და მასთან დროის ხარისხიანად გატარება, მშობელსა და შვილს შორის ძლიერ ურთიერთკავშირს ამყარებს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება.

2. ნუ აუკრძალავთ ბავშვს ტირილს

ბავშვები ყველაფერს გაცილებით ძლიერად განიცდიან, ვიდრე უფროსები. ბავშვს ტირილი არ აუკრძალოთ და არასდროს გაკიცხოთ ცრემლების გამო. უმჯობესია, მას საკუთარი ემოციების გაცნობიერებაში დაეხმაროთ და პრობლემების გადაჭრის გზები მასთან ერთად მოძებნოთ.

3. არ გაკიცხოთ ბავშვი, თუ ის სიძუნწეს ავლენს

ბავშვს უფლება აქვს პირადი ნივთები ჰქონდეს. უფროსებსაც აქვთ ნივთები, რომლებიც მათი საკუთრებაა. ბავშვი არასდროს შეარცხვინოთ იმის გამო, რომ ის სიძუნწეს ავლენს. თქვენს შვილს ნივთების გაზიარება დროთა განმავლობაში უნდა ასწავლოთ, თუმცა არა აკრძალვებისა და საყვედურების გამოყენებით.

4. ბავშვი „არას“ თქმის გამო არ გააკრიტიკოთ

ბავშვი ოჯახის სრულფასოვანი წევრია. მას თავისი უფლებები აქვს. როდესაც მას უარის თქმას უკრძალავთ, მის ნებაზე ძალადობთ. ამის ნაცვლად ბავშვთან თანხმობის მიღწევის ეფექტიანები გზები გამონახეთ. თქვენს შვილს აუხსენით, რატომ უნდა გააკეთოს მან ზოგჯერ ის, რისი გაკეთების სურვილი საერთოდ არ აქვს.

5. ნუ აუკრძალავთ ბავშვს ხმაურიან თამაშს

ბავშვს ბავშვობას ნუ დაუნგრევთ. მას უფლება მიეცით ხმამაღლა იმღეროს და თამაშისას იხმაუროს. ბავშვობა ცხოვრების ერთადერთი ეტაპია, როდესაც ადამიანს ამის უფლება ეძლევა.

6. თუ ბავშვს ეშინია, მას უნდა გაუგოთ

ბავშვებს ექიმების ხშირად ეშინიათ. მათ უცნობი ნათესავების ნახვაც აშინებთ. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. ნუ შეარცხვენთ ბავშვს იმის გამო, რომ ის შიშს ამჟღავნებს. თქვენს შვილს აგრძნობინეთ, რომ მისი გესმით და მხარდაჭერას უცხადებთ.

7. თუ ბავშვს საიდუმლო აქვს, ეს ნორმალურია

ბავშვები ზრდასთან ერთად მეტად საჭიროებენ პირად სივრცეს. რა თქმა უნდა, მშობელმა უნდა იცოდეს, რა ხდება მისი შვილის ცხოვრებაში, მაგრამ ბავშვის პირად სივრცეში ზედმეტად ნუ შეიჭრებით. ნუ წაიკითხავთ ბავშვის დღიურს მისი ნებართვის გარეშე და ნუ აიძულებთ თქვენს შვილს ყველა მისი საიდუმლო გაგიმხილოთ.

8. ბავშვს სიბრაზის გამოხატვის უფლება უნდა მისცეთ

ბავშვი ადამიანია და უფლება აქვს ნეგატიური განცდები ჰქონდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ პატარებს ემოციების კონტროლი უჭირთ. მათ საკუთარი განცდების გამოხატვა უნდა შეეძლოთ.

9. ბავშვს შეცდომის დაშვების უფლება მიეცით

შეცდომის დაშვება არავის უყვარს. როდესაც ბავშვი შეცდომას უშვებს და უფროსები ამის გამო უბრაზდებიან, მისი რთული ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეცდომის დაშვების გამო გაკიცხული ბავშვი მომავალში დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმას შეუშინდება.

მომზადებულია: ​brightside.me -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ წვიმიანი ამინდია და თოვლია, შეგვიძლია სახლში მოსულ სტუმარს ბახილები ჩავაცვათ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

„თუ წვიმიანი ამინდია და თოვლია, შეგვიძლია სახლში მოსულ სტუმარს ბახილები ჩავაცვათ,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ სახლში ჩვილის ყოფნის პირობებში სტუმრის მიღებისას აუცილებელი ჰიგიენის წესების დაცვის საჭიროებაზე ისაუბრა:

„როდესაც ძაღლი ეზოდან სეირნობის შემდეგ სახლში ამოგყავთ, სასურველია ფეხები გაუწმინდოთ, გაუსუფთავოთ. რაც შეეხება პანდემიისა და ეპიდემიის პერიოდს, ძირითადად ამ დროს ვითარდება ნებისმიერი ეპიდემია. კოვიდამდეც არსებობდა ეს ზამთრის სეზონში. ზედმეტად ჰიგიენა დიდად არც აქ არის სასურველი.“

ანა მაღრაძის თქმით, სასურველია, რომ სტუმარმა ფეხსაცმელი გაიწმინდოს, ხოლო თუ დასვრილი ფეხსაცმლით მოდის, ბახილები ჩაიცვას:

„როდესაც სტუმარი მოდის, სასურველია ფეხსაცმელი გაიწმინდოს​. თუ წვიმიანი ამინდია, თოვლია და შეიძლება ის დასვრილი ფეხსაცმლით შემოვიდეს, შეგვიძლია ჩავაცვათ ბახილები, ან დატოვოს ფეხსაცმელი.“

„შეგვიძლია კართან დეზობარიერიც შევქმნათ, სადაც სტუმარი დაიმუშავებს ფეხსაცმელებს და ისე შემოვა. ხელის დაბანა და პირბადე, რა თქმა უნდა საჭიროა,“ - აღნიშნა ანა მაღრაძემ.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად