Baby Bag

როგორ გავუმკლავდეთ შვილის გონებაგაფანტულობას მეცადინეობის დროს - ფსიქოლოგის 7 რჩევა მშობლებს

როგორ გავუმკლავდეთ შვილის გონებაგაფანტულობას მეცადინეობის დროს - ფსიქოლოგის 7 რჩევა მშობლებს

მშობლებში გავრცელებული საკითხია შვილების კონცენტრაციის პრობლემა სწავლის დროს, რომელსაც ხშირად ვერ უმკლავდებიან. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული გონებაგაფანტულობა და როგორ მოიქცეს მშობელი ასეთ დროს? ამ თემებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ანი სალდაძე.

- ანი, ბავშვებს ხშირად აქვთ კონცენტრაციის პრობლემა სწავლის დროს. რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული ?

​- საქმის შესრულებისას, ან სწავლის დროს კონცენტრაციის ნაკლებობის გამო ვხდებით მოუსვენრები და ვკარგავთ მობილიზაციას. რაც დრო გადის, სტატისტიკური მაჩვენებელიც მაღლა იწევს და ჩვენც ვხვდებით, რომ არამხოლოდ ბავშვებისათვის, არამედ ზრდასრულთათვისაც კი პრობლემას წარმოადგენს კონცენტრაციის გამომუშავება, შენარჩუნება.

​რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებასთან და ინტერნეტთან წვდომის შედეგად, დღის განმავლობაში ჩვენი ტვინი იმდენ ინფორმაციას იღებს და ახარისხებს, იმდენად ხშირად და სწრაფი ცვალებადობით, რომ ვერც კი ვახდენთ გაანალიზებას თუ რას ვუყურეთ? რა ვნახეთ? გაუაზრებლად ბევრი ფერადი და გონების გამფანტველი კადრი შემოდის ჩვენსა და უკვე ბავშვების გონებაშიც. ამ ყველაფრის შემდეგ, გასაკვირი არაა სტატიკურ, უმოძრაო ნივთებთან (წიგნი, კალამი...) დაჯდომა და კონცენტრირება მათთვის სირთულეს რომ წარმოადგენს. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, არაა სრული სია. შესაძლოა, უბრალოდ ხის შრიალი, ჩიტის ჭიკჭიკი, ფერადი სათამაშოც იყოს ოთახში. ყველაფრის აღმოფხვრას და გადამალვას ვერავინ მოახერხებს, ეს თავიდანვე წაგებული ბრძოლაა, ამიტომ ბავშვს უნდა დაეხმაროს პირველ ეტაპზე მშობელი მაინც, რათა მოცემულ გარემოში მოახერხოს კონცენტრაციის გამომუშავება.

​- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ დაეხმარონ შვილებს გონებაგაფანტულობის დაძლევაში?

​- არსებობს ბავშვთა და ზრდასრულთათვისაც რამდენიმე მარტივი საშუალება, რის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება, სახლის პირობებში კონცენტრაციის ჩამოყალიბება ან გაუმჯობესება.

​1. ჩართეთ ყოველდღიურ რუტინაში

​როდესაც ბავშვი (უმეტეს შემთხვევაში ზრდასრულიც) თავისით ადგენს გეგმას, ის უფრო მეტად არის კონცენტრირებული, მობილიზებული ამ გეგმის განხორციელებისათვის. როდესაც ბავშვმა იცის, რას ელოდებიან მისგან, ის უფრო მარტივად ახერხებს საქმეში ჩართვას. მაგალითად, თუ ბავშვს დავალებები აქვს შესასრულებელი, სასურველია,  შაბათ-კვირას, ან წინა ღამით, დილით მაინც, მას თქვენთან ერთად გააწერინოთ ცხრილი, თუ რას რის შემდეგ გააკეთებს და რამდენი დრო ექნება ამა თუ იმ დავალების შესრულებისათვის.

​2. მიეცით დრო შესვენებისთვის

​დავალებების შესასრულებლად გაწერილ ცხრილში, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესვენების საშუალება, რომ შემდეგ კონცენტრაცია კვლავ მოახდინოს. მაგალითად, ერთი გაკვეთილის სწავლისა და დავალების დაწერის შემდეგ მიეცით მას საშუალება ადგეს, გაიაროს 5-10 წუთით სუფთა ჰაერზე ან წყალი დალიოს, თუნდაც ვაშლი ან რაიმე ხილი მიირთვას.

​შეგიძლიათ დავალებების შესრულებისთვის წაახალისოთ ან დააჯილდოვოთ. მთელი კვირის დავალებების კარგად შესრულებისთვის, შაბათს ან კვირას ნაყინით გაუმასპინძლდეთ, მისი საყვარელი საჭმელი გააკეთოთ მასთან ერთად. თქვენ სწორედ ახლა ხართ პასუხისმგებელნი, რომ მას ჩამოუყალიბოთ სწორი დამოკიდებულება გასაკეთებელი საქმის მიმართ. სტრუქტურა მარტივად მუშაობს, თუ აკეთებს დავალებებს, შეაქეთ, წაახალისეთ, დაასაჩუქრეთ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ყოველდღე, ყოველი შესრულებული დავალების შემდეგ, რადგან ამ დროს საქმე გვექნება მოყირჭებასთან ანუ ბავშვს მობეზრდება ეს საჩუქრები და შექებაც გაუფერულდება. ეს რომ არ მოხდეს აუცილებელია, დაიცვათ ოქროს შუალედი. დღის ბოლოს შეუჯამეთ კარგად შესრულებული ან ვერ შესრულებული საქმის დადებითი და უარყოფითი მხარე. გააკეთეთ ეს დღის ბოლოს ან კვირის ბოლოს, რადგან ბავშვს მეტად დაკვირვებულს გახდის და ასევე ანალიზის უნარსაც ჩამოუყალიბებს.

​პირველ რიგში, ბავშვს უნდა აუხსნათ სწავლა რისთვისაა აუცილებელი, შეგიძლიათ უთხრათ, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილიცაა, თუნდაც სამსახურში დავალებების შესრულება, ასე გამოიმუშავებთ თანხას, რომლითაც შემდეგ თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის ყიდულობთ ტკბილეულობას, ტანისამოსს და სხვას. ბავშვის გაჯიუტების და დაუჯერებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ, შეუზღუდოთ ის დრო, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებ, მაგალითად, თამაშის დრო ან მეგობრებთან სადმე წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ამისათვის ის თავიდანვე უნდა გააფრთხილოთ, თუ რა მოჰყვება შეუსრულებელ დავალებას.

​3. წაახალისეთ მიზნების დასახვაში

​ეცადეთ, მიუდგეთ პოზიტიურად. ბავშვები სავსენი არიან ფანტაზიებით, მათთან მიზნების დასახვას თუ თამაშად აქცევთ, შეძლებთ მათ ენაზე საუბარს და მარტივად გააგებინებთ, თუ რას ნიშნავს მიზნის დასახვა. როგორ მოვახერხოთ ეს? გამოკითხეთ ბავშვს, რა სურს და შემდეგ დაეხმარეთ მას, რომ ერთად შეადგინოთ, თუ როგორ მიაღწიოს ამა თუ იმ მიზანს.

​4. შეაქეთ მათი პროგრესი

​თავიდანვე საუკეთესო ვერავინ იქნება და არც არავინაა ვალდებული, იყოს საუკეთესო, მით უმეტეს ბავშვები, რომლებიც ახლა იწყებენ ყველაფრის შემეცნებას. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, აუცილებლად კვირის ბოლოს ან დღის ბოლოს შეუჯამეთ და კვლავ ნათლად დაანახეთ მისი პროგრესი. მაგალითად, რამდენი ახალი სიტყვა ან მოთხრობა ისწავლა, რამდენად კარგად დაწერა ან გაანალიზა რაიმე საკითხი და ა.შ

​5. შეუქმენით მშვიდი და წყნარი გარემო

​გარდა იმისა, რომ შეძლებისდაგვარად სასურველია ბავშვს კონცენტრაციისთვის წყნარი გარემო შევუქმნათ, ასევე სასურველია ეს გარემო არ იყოს გადატვირთული. სამეცადინო კუთხე, რომელიც ბავშვს ეკუთვნის, სასურველია, სავსე არ იყოს სათამაშოებით და ისეთი ნივთებით, რაც მას გონებას გაუფანტავს. განსაკუთრებით: ტელევიზორი, პლანშეტი, ტელეფონი და სხვა ამდაგვარი მოწყობილობები.

​6. დაანახეთ შვილებს, რომ ოჯახის სხვა წევრებიც პატივს სცემენ მის დროს

​გააფრთხილეთ ოჯახის სხვა წევრები, რომ ეცადონ სიმშვიდე ან სიჩუმე შეინარჩუნონ მანამ, სანამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეცადინეობს.

​7. ასწავლეთ ბავშვებს, როგორ კონცენტრირდნენ

​პატარებში ეს შეგიძლიათ მათთვის საინტერესო თამაშებით დაიწყოთ. მიეცით ბავშვს საშუალება, ნამცხვარი თქვენთან ერთად გამოაცხოს, ან გაუნაწილეთ ცომი და ის, რასაც აკეთებთ, მასაც თქვენთან ერთად გააკეთებინეთ ისე, რომ ბოლომდე მიაყვანინოთ და გემოც გაასინჯოთ. ბავშვს თავადვე მოეწონება ამ დიდი კონცენტრაციის და შრომის შედეგი. შემდეგ ისევ შეგიძლიათ ჰკითხოთ, თუ რა გააკეთეთ ერთად და როგორ? ამგვარად, კიდევ ერთხელ ცხადი გახდება მისთვის განვლილი პროცესი. ასეთი კონცენტრაციის თამაშებით, მარტივი იქნება მომავალში რთულად კონსტრუირებული დავალებების შესრულება და მობილიზაცია.

- რამდენად დიდ როლს თამაშობს ოჯახური სიტუაცია და იქიდან მიღებული სტრესი?

- ოჯახური სიტუაცია ყოველთვის ფუნდამენტურ როლს თამაშობს ბავშვის, არა მხოლოდ კონცენტრაციის ჩამოყალიბებაზე, არამედ მის ფსიქო-ფიზიკურ განვითარებაზეც.
ოჯახში, სადაც კამათი ან გამუდმებული ხმაურია, რთულია გონების მობილიზება, არა თუ ბავშვისთვის, არამედ ზრდასრულთათვისაც. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მრავალსულიან ოჯახშიც კი მოიძებნოს მყუდრო ადგილი, სადაც ბავშვი შეძლებისდაგვარად მშვიდად შეძლებს დაჯდომას და დავალების შესრულებაზე ორინტირებას. არაჩვეულებრივია თუ ოჯახში იმ კულტურის ჩამოყალიბებაც მოხერხდება, რომ ბავშვის დავალების შესრულების დროს სხვები, შეძლებისდაგვარად ხმადაბლა განაგრძობენ საქმის კეთებას. მშობლების და ოჯახის სხვა წევრების ამგვარი ქმედება ბავშვში იწვევს იმ განცდას, რომ ის ღირებულია და რასაც თავად აკეთებს ნამდვილად მნიშვნელოვანია.

​ესაუბრა: მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვი​ს“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც რაღაც ცუდი ხდება, ყოველთვის სჯობს, რომ ბავშვმა იცოდეს სიმართლე, მან ცხოვრებასთან ადაპტაცია უნდა ისწავლოს,“ - ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი„სხვა შუადღეში“ ბავშვისთვის ნეგატიური ინფორმაციის სწორად მიწოდების წესებზე საუბრობს:

„ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაკარგოს უსაფრთხოებისა და ნდობის განცდა. რა უქმნის ბავშვს უსაფრთხოების განცდას? რასაკვირველია, მშობლები და ოჯახი. ეს ოჯახი იქნება სრულფასოვანი, თუ იქნება მხოლოდ დედა ამაზე არ არის საუბარი. მთავარია იყოს ვინმე, ვისთანაც ის თავს გრძნობს უსაფრთხოდ და სანდოდ. ბავშვი უარყოფით ინფორმაციას სადღაც აუცილებლად შეხვდება. მშობლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები გამომძიებლები არიან, მათ დიდი ინტერესი აქვთ, თუ რა ხდება. ბევრ მშობელს ახასიათებს, რომ ბავშვს კითხვას არ ასრულებინებს, ცდილობს თემიდან გადახვევას და უმტკივნეულო პასუხებს ეძებს. მშობელი ბავშვს ყურადღებას გადაატანინებს. ბავშვი კვლავ ამ კითხვით რჩება და ფიქრობს, რომ დედამ თუ არ უპასუხა, მეზობელი უპასუხებს. ვინ რას უპასუხებს, ეს ცალკე ამბავია. მშობლებმა ძალა უნდა მოვიკრიბოთ და ჩვენს შვილებს ნებისმიერ საკითხზე ვესაუბროთ.“

მზიკო დალაქიშვილის თქმით, მშობელმა ბავშვს ყოველთვის სიმართლე უნდა უთხრას:

„დავუშვათ მოხდა რაღაც ცუდი, მაგ. ცხოველი გარდაეცვალა ბავშვს. ეს მისთვის მძიმე გადასატანია. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი, უნდა მოატყუოს თუ არა შვილს? ყოველთვის სჯობს, რომ ბავშვმა იცოდეს სიმართლე. ბავშვს თქვენი ემოცია ზემოდან არ დაუმატოთ. თქვენ უნდა იყოთ ის უსაფრთხო ზონა, სადაც ბავშვი თავის ემოციას გამოხატავს. თუ მშობლები შორდებიან, მე ორივე მშობელს ვურჩევ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მოემზადონ. თუ თქვენ მსგავს გადაწყვეტილებას იღებთ, საჩხუბარი აღარაფერია, უკეთესად უნდა იყოთ. თუ მშობლები გამუდმებით ჩხუბობენ და გადაწყვეტენ, რომ შორდებიან, ჩემი აზრით, ეს ბავშვისთვის მისალოცი ამბავია, რადგან აღარ იქნება ჩხუბი და აყალმაყალი. მას ცალკეული მშობელი, დედაც და მამაც ეყოლება ბედნიერი.“

მზიკო დალაქიშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემებთან გამკლავება ბავშვს ცხოვრებასთან ადაპტაციაში ეხმარება:

„ყოველთვის უნდა გამოვიდეთ ბავშვის ინტერესებიდან. მის კითხვებს გულწრფელად ვუპასუხოთ. ჩვენ ხომ ერთ მშვენიერ დღეს არ ვხდებით დიდები. ჩვენ ვიზრდებით პატარ-პატარა პრობლემებთან შეხვედრისა და მათთან გამკლავების გზით. როდესაც ბავშვს ვეტყვით, რომ ფისო ან ლეკვი აღარ არის, ნორმალურია, რომ მან ეს განიცადოს. ბავშვმა ცხოვრებასთან ადაპტაცია უნდა ისწავლოს. ბავშვებს აქვთ გამკლავების მექანიზმი, ისინი ჩვენზე მალე გამოვლენ ამ სტრესიდან, თუ ჩვენ არ შევუშლით ხელს, თუ არ მოვატყუებთ. მძიმე მოვლენის შემდეგ მშობელსაც აქვს უფლება იყოს სევდიანი, ეს ბავშვს ეხმარება, რადგან ის მარტო არ არის თავის სევდასთან. თუ მშობელი იწყებს მოთქმას და ტირილს ბავშვის წინ, ბავშვი დედაზეც ნერვიულობს და სტრესი ემატება.“

„მნიშვნელოვანია ბავშვს მივცეთ გლოვის, წუხილის, ემოციის გამომჟღავნების საშუალება. თუ ბავშვი ადეკვატურად აღიქვამს მოვლენებს და სვამს კითხვას, თუ სად არის ბებო, რატომ აღარ არის, მისი კითხვა აუცილებლად უნდა დავაკმაყოფილოთ. მე ასეთი პასუხი მაქვს ხოლმე მსგავს კითხვებზე. ბავშვს ვეუბნები, რომ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს და აქ აღარ არიან, ისევ ცოცხლობენ, მაგრამ სხვაგან, თუმცა არ ვიცი სად. იმასაც ვეუბნები, რომ აუცილებლად ისევ ვნახავთ ამ ადამიანებს და ძალიან საინტერესოა, სად ან როდის შევხვდებით. ბავშვმაც იცის, რომ ის, ვინც გარდაიცვალა ცოცხალია, რადგან ესიზმრება და ახსოვს. როდესაც ბავშვს მსგავს სიტყვებს ეუბნებით, ისინი მშვიდდებიან და თქვენც მშვიდდებით,“ - აღნიშნავს მზიკო დალაქიშვილი.

წაიკითხეთ სრულად