Baby Bag

ბავშვმა ტანტრუმით ვერ უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს - რა არის ტანტრუმი და როგორ ვმართოთ ის?

ბავშვმა ტანტრუმით ვერ უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს - რა არის ტანტრუმი და როგორ ვმართოთ ის?

რა არის ტანტრუმი, როგორ ვლინდება და როგორ გავუმკლავდეთ მას? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე.

- მარი, რომ განვმარტოთ, რა არის ტანტრუმი?

- ტანტრუმი არის ემოციების „ამოხეთქვა“, რაც ადრეულ ასაკში ხშირად ვლინდება გადაღლილობის, იმედგაცრუების, ბრაზის გამო. ასეთ დროს ბავშვი ტირის, ყვირის, ფეხებს აბაკუნებს, წვება იატაკზე. შეიძლება გამოავლინოს თვითდამაზიანებელი ქცევაც.

- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, რომ თავიდან აიცილონ ბავშვის მსგავსი ქცევა?

- მშობლებს ვურჩევ, რომ ბავშვებს საზღვრები დაუწესონ. აუცილებელია ჰქონდეთ განსაზღვრული რუტინა. პატარებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ სასურველის მიღების გადავადება „ჯერ“ და „შემდეგ“. მაგალითად, ჯერ დავითვალოთ სამამდე და მერე გავაგოროთ ბურთი ან მერე ჩამოვსრიალდეთ სასრიალოზე. ექვსი თვის ბავშვი ბუნებრივია, რომ სასურველს ტირილით მოითხოვს, მაგრამ 4 წლის ბავშვთან, რომელსაც შეუძლია მეტყველება, ეს ნორმად არ უნდა ჩათვალოს მშობელმა. მეტყველებას ხაზს ვუსვამ, რადგან ხშირად ტანტრუმის მიზეზი ისიც არის, რომ ბავშვი მშობელს ვერ აგებინებს, რა უნდა.

- თუ უკვე დაეწყო ბავშვს ტანტრუმი, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ?

- მშობელი უნდა დააკვირდეს, როდის ვლინდება ტანტრუმი, რა არის მისი წინაპირობა და რა შედეგს იღებს ბავშვი. მაგალითად, თუ მაღაზიაში ყოფნის დროს ბავშვი ითხოვს სათამაშოს, მშობელი თავიდან უარს ეუბნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბავშვი ძირს გაწვება, იტირებს, იყვირებს, თანხმდება და ყიდულობს ამ სათამაშოს, მას ეს ქცევა აუცილებლად განუმტკიცდება. ბავშვმა უკვე იცის, რომ სხვა დროსაც შეძლებს სასურველის მიღებას მსგავსი ქცევით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტანტრუმით ვერ მიიღოს სასურველი. ტანტრუმი არა მხოლოდ სასურველის მიღებისთვის, ხშირად რაიმეს თავიდან არიდებისთვისაც ვლინდება. მაგალითად, ბავშვი უარს აცხადებს ხელების დაბანაზე, ან სახლიდან გასვლის წინ ფეხსაცმლის ჩაცმაზე. ამ შემთხვევაშიც არ უნდა დანებდეს მშობელი, უნდა შეამოწმოს, რამდენად კომფორტულია ფეხსაცმელი ბავშვისთვის, ან წყალი ხომ არ არის ძალიან ცხელი.
ეს რეკომენდაციები პირდაპირ, ხისტად არ უნდა შევასრულოთ, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ტანტრუმის გამოვლენის წინაპირობასაც. მშობელმა ასევე უნდა ასწავლოს ბავშვს მარტივი ინსტრუქციების შესრულება, ამისთვის კი უმარტივესი გზაა ბავშვის მაქსიმალური ჩართვა ოჯახის რუტინაში, უნდა მივცეთ პატარა დავალებები და განსაკუთრებულად შევაქოთ, როდესაც შეასრულებს.

- არის თუ არა ისეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვმა მოაწყო ტანტრუმი, მაგრამ უმჯობესია ნაკლები ყურადღება გამოვიჩინოთ?

- ასეთ დროს, ბავშვები მშობლების რეაქციას აკვირდებიან ხოლმე. ამიტომ მნიშვნელოვანია თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს არ ვუყურებთ. ბავშვი უნდა რჩებოდეს ჩვენი თვალთახედვის არეში ან იყოს უსაფრთხო ოთახში, რომ არ დაიზიანოს თავი. როცა მშობელი შეამჩნევს, რომ იკლებს ტირილის, ყვირილის თუ სხვა გამოვლენილი ქცევის სიხშირე და ინტენსივობა, მხოლოდ ასეთ დროს შეუძლია გადაუტანოს სხვა რამეზე ყურადღება, დაეხმაროს დამშვიდებაში, მაგრამ ბავშვმა ტანტრუმით ვერ უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ბავშვმა ინტერაქცია დაიწყოს" - ფსიქოლოგი

,,ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ბავშვმა ინტერაქცია დაიწყოს" - ფსიქოლოგი

,,​ყველაზე კარგი არის ბავშვისთვის ჩვენი მაგალითის ჩვენება, მაგალითად, იმის თქმა, რომ დღეს მე გახარებული ვარ და მიხარია შენთან კომუნიკაცია", - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ქეთი დალინკევიჩმა გადაცემაში ,,შუადღე" საუბრისას აღნიშნა.

,,ხშირად ვურჩევ მშობლებს, როდესაც სკოლაში ან ბაღში აკითხავენ შვილებს, ნუ ჰკითხავთ, აბა, რა ხდებოდა დღეს, მომიყევი რა ხდება ბაღში თუ სკოლაში, რადგან ეს ბავშვისთვის აღიქმება, როგორც აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ,,დღეს რა დააშავე", ,,ცუდი რა მოხდა", ,,კარგი რა მოხდა", მაგრამ ფორმა მაინც არის უხეში. ამ დროს ბავშვები უფრო მეტად იკეტებიან. 

მაგალითად, შვილისთვის ამის თქმა - მიხარია შენი ნახვა დღის ბოლოს, ჩახუტება, ერთმანეთის მოკითხვა უფრო კარგი და სწორი მიდგომაა, რათა ინტერაქცია დაიწყოს და ბავშვსაც გაუჩნდეს სურვილი, რომ დაიწყოს ჩვენთან საუბარი, ვიდრე ის, რომ დავუსვათ ინტერაქტიული შეკითხვები", - განმარტა ფსიქოლოგმა.

წყარო: ,,​შუადღე"

წაიკითხეთ სრულად