როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
რა არის პოზიტიური ყურადღება და რატომ არის ის ბავშვისთვის მნიშვნელოვანი?
მშობელი შვილისადმი პოზიტიურ დამოკიდებულას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. ის შვილს უღიმის, ნაზად უყურებს თვალებში, ეფერება, მას სასიამოვნო, დადებითი სიტყვებით ამხნევებს, მისი იდეების, აქტივობებისა და ინტერესების მიმართ აღტაცებას ვერ მალავს.
პოზიტიური ყურადღება ბავშვს ძალიან სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავს საჭირო ადამიანად გრძნობდეს. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მას სხვებისთვის სიხარული და ბედნიერება მოაქვს. მშობლების მხრიდან გამოჩენილი პოზიტიური ყურადღება, დადებითი რეაქციები და დამოკიდებულებები ბავშვს თავს დაფასებულ, სრულფასოვან ადამიანად აგრძნობინებს.
ბავშვი საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენას წლების განმავლობაში იქმნის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ექცევიან მას მშობლები და ის უფროსები, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, მისი შიშები ყოველთვის სათანადო არგუმენტების დახმარებით უნდა დაამარცხოთ, მას ახალ გარემოსთან ადაპტაციაში უნდა დაეხმაროთ და ყოველთვის მის გვერდით იყოთ, როდესაც ეს სჭირდება.
ყოველდღიური აქტივობების დროს მშობელსა და შვილს შორის ძლიერი ურთიერთკავშირი მყარდება. საფენის გამოცვლისას, კვების პროცესში ან ბავშვის სკოლაში წაყვანისას, თქვენ ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. როდესაც ბანაობის შემდეგ ბავშვს პირსახოცით ამშრალებთ, მისი კოცნა და მოფერება პატარასთვის პოზიტიური გამოცდილებაა. ის გრძნობს, რომ მშობელი მისთვის ყველაფერს სიყვარულით აკეთებს.
ბავშვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მის მიმართ სიყვარულისა და სითბოს გამოსახატად, შეგიძლიათ შემდეგი რეკომენდაციებით იხელმძღვანელოთ:
ბავშვს რაც შეიძლება ხშირად გაუღიმეთ.
გამოიჩინეთ ინტერესი ყველაფრისადმი, რასაც თქვენი შვილი აკეთებს.
ბავშვის საუბარს ყურადღებით და ინტერესით მოუსმინეთ.
შვილთან ერთად გარკვეული რიტუალები ჩამოაყალიბეთ.
პოზიტიური ყურადღების გამოხატვის სხვადასხვა გზა არსებობს, რომლებიც ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იცვლება.
პოზიტიური ყურადღების გამოხატვა ჩვილი ბავშვებისადმი
ბავშვი დაბადებიდანვე გრძნობს, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ მისდამი, რას აკეთებთ და როგორ იქცევით. მართალია, ჩვილებს თქვენ მიერ ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობა არ ესმით, მაგრამ ისინი თქვენი საუბრის ტონს, მიმიკებს და ქცევებს ყურადღებით აკვირდებიან.
ატირებულ ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რათა დამშვიდდეს.
ჩვილის ღიმილს ყოველთვის ღიმილით უპასუხეთ.
ჩვილს ხშირად ესაუბრეთ.
ახალშობილს თქვენი გრძნობები ხშირად გაუმხილეთ.
ყურადღება მიაქციეთ, რა აინტერესებს ჩვილს. თუ მას ფერადი სათამაშო მიიზიდავს, ასწავლეთ, როგორ უნდა დაიჭიროს ის ხელში.
პოზიტიური ყურადღების გამოვლენა 1-3 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ
ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იგებს, თუ რას ეუბნებით ან როგორ ეუბნებით.
ყოველთვის აღნიშნეთ თქვენი შვილის მოსაწონი ქცევა. აუხსენით ბავშვს, რომ ძალიან მოგწონთ, როდესაც ის კუბიკებით თამაშობს.
ბავშვის განცდების გაზიარება სცადეთ. მასთან ერთად იხტუნავეთ და ითამაშეთ.
როდესაც ბავშვს ესაუბრებით, მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცით. მაშინაც კი, თუ ბავშვს არ შეუძლია სრულფასოვნად საუბარი.
პოზიტიური ყურადღების გამოხატვა სკოლამდელი ასაკის ბავშვისადმი
სკოლამდელი ასაკის ბავშვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა ძალიან ბევრი ფორმით შეგიძლიათ.
ბავშვისთვის საყვარელი აქტივობებით მასთან ერთად დაკავდით, კუბიკებით ითამაშეთ, ირბინეთ, ერთად დახატეთ ან იმღერეთ.
ბავშვის პოზიტიური ქცევა აუცილებლად წაახალისეთ. თუ თქვენი შვილი სადილის შემდეგ თეფშს ონკანში ჩადებს, შეაქეთ და უთხარით, რომ ის ძალიან გეხმარებათ.
დილით გაღვიძებისას ბავშვს ღიმილით შეეგებეთ, მას თვალებში უყურეთ და მოეფერეთ.
პოზიტიური ყურადღების გამოხატვა სკოლის ასაკის ბავშვისადმი
მართალია, სკოლაში წასვლის შემდეგ ბავშვის ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი ხდება, მაგრამ თქვენი სითბო, მოფერება და ყურადღება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როდესაც ბავშვს თქვენთან საუბარი სურს, მიატოვეთ საქმე, რომელსაც აკეთებთ და თქვენს შვილს მოუსმინეთ. შესაძლოა, სკოლის ამბების მოყოლა მან სახლში დაბრუნებისთანავე არ მოისურვოს და ამის შესახებ ძილის წინ გიამბოთ. ბავშვის ამბების მოსასმენად დრო ყოველთვის უნდა გამონახოთ.
როდესაც ბავშვი გესაუბრებათ, მას კითხვები დაუსვით, რათა თქვენი ინტერესი გამოხატოთ და საუბარი გამოაცოცხლოთ.
ბავშვის პოზიტიური ქცევები წაახალისეთ. შეაქეთ ის, თუ მან მეგობრისადმი ყურადღება და ემპათია გამოავლინა.
ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე ვერ იქნებით და ეს სავსებით ნორმალურია. მთავარია, რომ ბავშვმა თქვენგან უმეტესად სითბო და სიყვარული იგრძნოს. თუ მშობელს ბავშვისთვის დრო არასდროს აქვს, ეს ბავშვზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ბავშვი მშობლის უყურადღებობას ადრეული ასაკიდანვე გრძნობს. ჩვილები სტრესის ნიშნებს ექვსი თვის ასაკიდან ავლენენ, როდესაც მშობლის ყურადღება აკლდებათ. მშობლის უყურადღებობა ბავშვის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უდიდეს ზიანს აყენებს.