როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
„ბავშვს სჭირდება ჩარჩოები, იმიტომ, რომ მას სჭირდება სიმყარე,“ - ფსიქოლოგი ნინო ელბაქიძე
ფსიქოლოგი ნინო ელბაქიძე გადაცემაში „ რა დროს ძილია“ ბავშვის სწორად აღზრდისა და განათლების შესახებ საუბრობს. ნინო ელბაქიძე ერთმანეთისგან განასხვავებს სწავლებასა და განათლებას:
„განათლება არის ის, რაც გადარჩება დასწავლილის დავიწყების შემდგომ. სწავლება არის განათლების შემადგენელი ნაწილი. ის სამი მიმართულებით ახდენს ზეგავლენას. პირველი ეს არის ცოდნა და განვითარება ადამიანის, მეორეა საკითხისადმი დამოკიდებულება, რაც არაცნობიერის საკითხია უფრო მეტად. მესამე არის ქცევა, რითაც ვლინდება ადამიანის ცოდნა და დამოკიდებულება. ამ სამი მიმართულებით გვაქვს ფოკუსი აღებული სწავლების პროცესში. სწავლება უნდა იყოს განათლების მიღებაზე ორიენტირებული. უახლოეს წარსულში აზროვნებაზე ორიენტირება ნაკლებად იყო სწავლების პროცესში. ჩვენ უნდა გვესწავლა სწორი ან არასწორი აზრი. პიროვნებებს ერთმანეთისგან განგვასხვავებს უნიკალური აზროვნების სტილი. დღეს საბედნიეროდ აქცენტი კეთდება პიროვნების ინდივიდუალური აზროვნების სტილის მიღებასა და აზროვნების პროცესის წახალისებაზე, შესაბამისად უნიკალურობის მიღებაზე.“
ნინო ელბაქიძის თქმით, სასკოლო ასაკის ბავშვის თვითშემასებაზე ყველაზე დიდ გავლენას მისი ცოდნის მასშტაბები და ხარისხი ახდენს:
„სასკოლო ასაკის ბავშვისთვის თვითშეფასების საფუძველი ხდება, თუ რა იცის მან. თუ მანამდე არის „რა გამომდის“ ახლა მთავარი ხდება „რა ვიცი.“ კულტურული ღირებულებების ათვისებასაც ამ პერიოდში სწავლობს ბავშვი. ამ დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან უფროსებს გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რადგან ჩვენ ამ პროცესში შეგვაქვს წვლილი."
ნინო ელბაქიძე განმარტავს, რომ მასწავლებელი და მშობელი განმავითარებელ ობიექტებს წარმოადგენენ, რომლებიც ბავშვის ცხოვრებაში უმთავრეს როლს ასრულებენ:
„მასწავლებელიც და მშობელიც არიან განმავითარებელი ობიექტები. მათ უბრალოდ სხვადასხვა როლი აქვთ ბავშვის ცხოვრებაში. პოზიტიური აღზრდის საფუძველი არის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა და ბავშვის პიროვნების მიღება. პოზიტიური აღზრდა არ გულისხმობს, რომ ბავშვს არ მივცე შენიშვნა, ბავშვს სჭირდება ჩარჩოები, იმიტომ, რომ მას სჭირდება სიმყარე. როდესაც ბავშვს ვაძლევთ შენიშვნას, ამის ფონი უნდა იყოს მისი პიროვნებისადმი კეთილგანწყობა და ფოკუსი მის ქცევაზე. პოზიტიური აღზრდის დროს დასჯის მაგალითი შემდეგია: „იმიტომ, რომ დღეს შენ ეს ასე გააკეთე, მაგრამ იცოდი, რომ არ უნდა გაგეკეთებინა, ჩვენ ვერ გავისეირნებთ.“ დასჯა არის ბავშვისთვის სასურველის მოკლება.“
„ჰიპერმზრუნველობა არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც შენ არ უშვებ შენი მარწუხებიდან შვილს. ამ შემთხვევაში უფრო მშობლები არიან ხოლმე ამის განმახორციელებლები. მიზეზი თითქოს პოზიტიურია: „მე მასზე ვზრუნავ.“ აქ ზღვარის დაწესება ცალკე საკითხია. მაგ. არ აძლევ ბავშვს შესაძლებლობას, რომ თავად გადაჭრას რაღაც ამოცანები. ბავშვი პატარაა, არ იცის თასმის შეკვრა, წვალობს, ახლა სწავლობს ამას. დედა მიდის და ეუბნება: „მოიცადე, მე გავაკეთებ.“ ზოგჯერ ბავშვი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად მიირთვას საჭმელი, არ უსწავლია ჯერ და ამას დედა აკეთებს მის ნაცვლად. ამ დროს მშობელი ასუსტებს ბავშვის შესაძლებლობებს. ამ ქცევით მე გეუბნები: „იმას, რაც შენ არ შეგიძლია, მე ვაკეთებ შენ მაგივრად.“ აუცილებელია ბავშვს ვაჩვენოთ კონკრეტული საქმე როგორ კეთდება, შემდეგ მასთან ერთად ვცადოთ გაკეთება. მესამეა, რომ მე მას სრულად მივენდო, ვაღიარო მისი შესაძლებლობა და დავანახო ავტორიტეტმა, რომ მჯერა მისი. ამავდროულად მნიშვნელოვანია ვუთხრათ ბავშვს, რომ თუ დავჭირდებით, მასთან ვართ,“ - აცხადებს ნინო ელბაქიძე.